ირაკლი ოქრუაშვილი ძველ კარტებს ხსნის. ის არა მარტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რეალურ მფლობელად წარმოაჩენს საკუთარ თავს, არამედ ამბობს, რომ 2003 წლის მთელი კამპანია ვარდების რევოლუციის ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. ეს კი ნიშნავს, რომ მცდარია მავანთა მოსაზრება, თითქოს ამ საქმეში მოზიდული ფინანსები სოროსს, ან ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდეს და მეცენატი მხოლოდ ოქრუაშვილია.
ოქრუაშვილი ხანდაზმულობის ვადას იშველიებს და არ აკონკრეტებს, საიდან ასესხა 7 მილიონი ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2-„-ის შესაძენად, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო და, წესით, ამხელა თანხები არ უნდა ჰქონოდა. ის ზოგადად ამბობს, რომ 7 მილიონი არაფერია იმასთან შედარებით, რა თანხებიც მას იმხანად ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის აზრით, ოქრუაშვილს ერთადერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობდა, მათ შორის, ვარდების რევოლუციაში. ვოლსკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ადამიანი თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან 7 მილიონ დოლარს აფრიალებდეს ჰაერში და ამტკიცებდეს, რომ მან იყიდა „რუსთავი-2“ და არა ხალვაშმა. ვოლსკის თქმით, ოქრუაშვილი მილიონებზე ისე ლაპარაკობს, გეგონება, საჯარო მოხელე კი არა, დიდი მაგნატი იყო. ამიტომ საექსპერტო შეფასებები სჭირდება იმ დოკუმენტს, რომელიც მან წარმოადგინა და, რომლითაც ოქრუაშვილი აპელირებს, თითქოს დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა იყო.
„ვარდების რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ ბოსტონის დიდი ჩაის სმა და კოლუმბის ექსპედიცია ნაღდად ოქრუაშვილმა დააფინანსა“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის წვლილს ვარდების რევოლუციის დაფინანსების საქმეში. თამარ ჩერგოლეიშვილმა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, გუტენბერგსაც ოქრუაშვილმა მისცა ფული სტამბის გასაჩარხად.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ, რომც დავუჯეროთ ოქრუაშვილს და ვირწმუნოთ, რომ ვარდების რევოლუცია მან დააფინანსა, განა კარგია, თუ ეს რევოლუცია დააფინანსა? ამით ხომ უბედურება დააფინანსა და ეგ კიდევ ერთი საბუთია მის წინააღმდეგ.
დავით ზარდიაშვილის თქმით, ვარდების რევოლუცია იყო კლასიკური გადატრიალება, ამბოხი, როცა ადამიანები პარლამენტში შეცვივდნენ და პარლამენტარები გარეკეს. მართალია, ახლა სასწაულებს ყვებიან, თითქოს მაშინ ხელისუფლება იმიტომ შეიცვალა, რომ შევარდნაძე გადადგა და არა იმის გამო, რომ პარლამენტში შეცვივდნენ, მაგრამ ის ავიწყდებათ, სანამ შევარდნაძე გადადგებოდა, მანამდე ახლად შეკრებილი პარლამენტი გარეკეს. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად იყო არჩეული ის პარლამენტი. რასაკვირველია, აქ კითხვის ნიშნები არსებობდა, მაგრამ საქმე უნდა წარმართულიყო სასამართლოში და არა პარლამენტში ძალით შევარდნით.
„ეს არის თავი და თავი უბედურების, რომ „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება და გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის მფლობელობა თურმე საამაყოა. იგივე ხალხი დღესაც იმავეს აკეთებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ წინათ ამას საერთაშორისო მხარდაჭერა მაინც ჰქონდა, მაშინ სულ სხვა ვითარება იყო და იმ პერიოდში დასავლეთი კითხვას სვამდა, რას უნდა დავუჭიროთ მხარი ამ პოსტსაბჭოურ სივრცეში - დემოკრატიას, თუ ლიბერალიზმზე ორიენტირებულ შესაძლო ავტორიტარიზმს? მაშინ დასავლეთმა იფიქრა, სჯობს, იყოს ლიბერალური ავტორიტარიზმი, ვიდრე დემოკრატია, რადგან არაპროგნოზირებადია ეს დემოკრატია და ვინ მოვა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ეს არ ვიცით. ამიტომაც დასავლეთმა ე.წ. „ლიბერალებს“ დაუჭირა მხარი. ასეთნაირად მივიღეთ სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი. დღეს ეს კონტექსტი აღარ არის“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, რომ სულაც არ არის საინტერესო, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცება ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის შესახებ ნამდვილია თუ ყალბი. მისი თქმით, აქ მთავარია პოლიტიკური თვალსაზრისი და ის, რომ თავიდან ბოლომდე სტრასბურგი ენდო საქართველოს სასამართლოს მიერ სამივე ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას და დანარჩენი ყველა სასარჩელო განცხადება დაუსაბუთებლად ცნო.
რაც შეეხება 7 მილიონის კუთვნილებას, ანალიტიკოსის აზრით, ადეიშვილის დროს, როცა გვარამია იყო გენპროკურორის მოადგილე, ოქრუაშვილი დააპატიმრეს, მას მძიმე ბრალდებები ჰქონდა წაყენებული და შემდეგ ის გამოუშვეს გირაოთი. ეს გირაო კი ოქრუაშვილს სწორედ ქიბარ ხალვაშმა გადაუხადა. ანუ ხალვაშს 10 მილიონის ქონების დათმობა მოუწია იმის გამო, რომ ოქრუაშვილი ყოფილიყო არა ციხეში, არამედ პარიზში.
„ოქრუაშვილი იმდენად ნაძირალაა, თან იძახის ამ საქმეს ჩემთვის პოლიტიკური ინტერესი აქვს, ეკონომიკური ინტერესის კი არა, პოლიტიკური ინტერესის გამო ვაკეთებ ამასო და თან იმ ადამიანს ახლა კიდევ 7 მილიონს ედავება, რომელსაც 10 მილიონი უკვე გამოართვა ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ. თანაც, ედავება ისეთ ფულს, რომლის წარმომავლობაც მას არ შეუძლია დაადასტუროს. სინამდვილეში, ეს არის მოპარული, დანაშაულებრივი ფული. ზოგიერთებს ახლა კითხვები უჩნდებათ, საიდან ჰქონდა თუნდაც ხალვაშს 7 მილიონი?! მაგრამ ის მაინც ბიზნესში იყო, „პროქტერ ენდ გემბელის“ კომპანია ჰქონდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხალვაში ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ, თუ ხალვაშსაც არასწორად ჰქონდა ფული ნაშოვნი, ამაშიც ოქრუაშვილის „დამსახურებაა“. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბრალდება, რაც თავის დროზე ნიკა გვარამიამ გააჟღერა და წაუყენა ოქრუაშვილს, ის იყო, რომ მან „დაკრიშა“ ხალვაშის ბიზნესი, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, მას მისცა 140 მილიონი ლარის კონტრაქი მშენებლობაზე, ამით ქიბარ ხალვაშმა ჰაერზე შექმნა სამშენებლო კომპანია და 140 მილიონი აითვისა. გორში რომ არის სამხედრო ბაზები, ეს ქიბარ ხალვაშის კომპანიების აშენებულია. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი, რომლის აზრითაც, ეს „ქართული ოცნების“ უნიათობის კიდევ ერთი საბუთია, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხეს.
რეალურად, დავით ზარდიაშვილის აზრით, წლების წინ გვარამია რა ბრალსაც უყენებდა ოქრუაშვილს, იქიდან ნახევარზე მეტი დასაბუთებული იყო. ერთ-ერთი იყო ფულის გათეთრება, გამოძალვა, რომ ოქრუაშვილმა 140-მილიონიანი კონტრაქტი აშოვნინა თავის ძმაკაცს და ეს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობრივი დანაშაული იყო. „ქართული ოცნება“ კი ამ საქმის შესწავლას არ მიჰყვა, უფრო მეტიც, „ოცნებამ“ სამართალი გვერდზე გადადო, ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად შერაცხა და ყველა ბრალი მოუხსნა, ეს ყველაფერი კი ეკა ბესელიას გაკეთებულია, რომელიც დღეს სამართლიანობის დიდ ქომაგად გამოდის. ბესელია ოქრუაშვილის პარტნიორი იყო, მათ ერთად ჰქონდათ პარტია.