ზურაბ ჭანკოტაძე: „ამათ მარტო ის უნდოდათ, რომ მე ციხეში ვყოფილიყავი“

ზურაბ ჭანკოტაძე: „ამათ მარტო ის უნდოდათ, რომ მე ციხეში ვყოფილიყავი“

ავიაციის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ჭანკოტაძეს ბრალად ედებოდა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მან ისე მოიხადა ოთხწლიანი სასჯელი, ბრალი არ უღიარებია. ის საკუთარ თავს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს და უდანაშაულობის დამამტკიცებელ განაჩენს სტრასბურგიდან ელოდება. ვერც გამოძიებამ დაადასტურა მისი ბრალეულობა და ორწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ დიდი გაჭირვებით „შეიკერა საქმე“. ჭანკოტაძემ ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა და თავისუფალია, მაგრამ იმაზე, რაც მის ირვლივ ხდებოდა, დღემდე არ უსაუბრია. ახლა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ზურაბ ჭანკოტაძე სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. ის, რაც ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გვიამბო, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია.

როგორც ცნობილია, თქვენი ბრალდების ფორმულირება იყო ასეთი, რომ თქვენი უწყება, ხელშეკრულების საფუძველზე, სამი ავიაკომპანიისგან იღებდა თანხას, რის უფლებასაც მას პარლამენტის მიერ კანონში სპეციალურად შეტანილი შესწორება აძლევდა. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რაზეა საუბარი?

- ეს ცოტა გრძელი ისტორიაა და გასაგები რომ იყოს დავიწყებ იქიდან, საიდანაც ეს ამბავი დაიწყო. 2001 წელს მსოფლიო ბანკმა ჩაატარა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის კვლევა და მისი რეკომენდაციის თანახმად, გადაწყდა ტრანსპორტის სამინისტროს ბაზაზე შექმნილიყო ოთხი დამოუკიდებელი მარეგულირებელი სტრუქტურა - საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და ავიაციის.

ესენი იქნებოდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, იქნებოდნენ თვითდაფინანსებაზე და გააკონტროლებდნენ მთელ სისტემას. ეს მოიცავდა სერთიფიცირებას, ნორმების დადგენას, ლიცენზირებას, ინსპექტირებას და ა.შ. ამას სჭირდებოდა ნორმატიული საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

მაშინ აერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. შევარდნაძემ შემომთავაზა ამ მარეგულირებელი სტრუქტურის ხელმძღვანელობა.

ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინდელმა პარლამენტმა ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით ბრიტანეთისა და თურქეთის ავიაკომპანიების ფრენები გააუქმა. გამოვიდა ისე, რომ საქართველომ თავის პარტნიორ ქვეყნებს ფრენები აუკრძალა. ამაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი.

შევარდნაძემ ახლა თურქეთსა და ბრიტანეთთან ურთიერთობების დარეგულირება მთხოვა. ეს ასე მარტივად არ იყო - ხელში მეჭირა ორი ურთიერთსაწინაარმდეგო დოკუმენტი. ერთის მხრივ, არსებობდა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც ფრენას კრძალავდა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნებს შორის დადებული სამთავრობო ხელშეკრულებები, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ფრენის ნებართვას გულისხმობდა.

რამდენიმე შემოთავაზების შემდეგ, 2002 წლის 12 მარტს, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარედ დავინიშნე. პრობლემა რაში იყო - ჩამოყალიბდა სტრუქტურა, რომელიც ფინანსდებოდა იმ საწარმოებიდან, რომლებიც მას ექვემდებარებოდნენ, იყვნენ ლიცენზიის მიმღებები. ეს წესი გაწერილი იყო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

დავიწყეთ მუშაობა და როგორღაც ჩემი კავშირებით თურქეთსა და ბრიტანეთთან ურთიერთობაც დავალაგეთ.

მაშინ ვინ ლობირებდა ქართველ მეწარმეებს?

- რამდენიმე დეპუტატი იყო, როგორც მახსოვს, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად მუკბანიანი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ა.შ. ეს ჯგუფი ლობირებდა ამ საკითხს და მათი ძალისხმევით გამოიტანა პარლამენტმა დადგენილება. სადაც ეწერა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზურაბ ჭანკოტაძეს მიეთითოს, რომ შეწყდეს ფრენები. მე რამდენიმეჯერ გადავავადე, მაგრამ შემდეგ თავიანთი არხებით, ადგნენ და შეაწყვეტინეს ფრენები.

ვის ლობირებდნენ?

- „აირზენას“. გაიაშვილისაც მესმის - ის ცდილობდა, რომ თავისი კომპანია გადაერჩინა. მეც სიმართლე გითხრათ, ქართულ კომპანიას ვგულშემატკივრობდი. ის იხდიდა ჩვენს ბიუჯეტში გადასახადებს და ქართული კომპანია უნდა განვითარებულიყო, მაგრამ საამისოდ სხვა ქვეყნის კომპანიებისთვის ფრენის აკრძალვა წარმოუდგენელი რამ იყო. მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება.

მოკლედ, 2002 წლის ბოლოსთვის საკონსტიტუციო სასამართლოში შედის სარჩელი ტრანსპორტის სამინისტროზე, საქართველოს პარლამენტზე და სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტზე.

მოსარჩელე ვინ იყო?

- „აირზენა“. სარჩელი იყო იმის თაობაზე, რომ ირღვეოდა მეწარმის უფლებები და ის ზედმეტად იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ, იყო კაბალურ მდგომარეობაში და ა.შ... მივმართე ცალკე პრეზიდენტს, ცალკე პარლამენტს და ცალკე საკონსტიტუციო სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ეს სტრუქტურა იმ კანონების სრული დაცვით იყო შექმნილი და იმ საკანონმდებლო ბაზის მიხედვით მუშაობდა, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ იყო დამტკიცებული.

საკონსტიტუციო სასამართლო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იხილავდა ამ საკითხს და გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც პარლამენტს გარკვეული შესწორებები უნდა შეეტანა, რომ მარეგულირებლების შესახებ დებულება კონსტიტუციასა და საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოსულიყო.

ამისათვის პარლამენტს ორთვიანი ვადა მიეცა. მანამდე, ვიდრე შესწორებები შევიდოდა, ჩვენ დაფინანსების წყაროების გარეშე ვრჩებოდით. მე და ტრანსპორტის მინისტრმა შევარდნაძეს ვთხოვეთ, რაღაც გამოსავალი მოეძებნა, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა.

შევარდნაძემ დაწერა ბრძანებულება, რომლის თანახმად, ვიდრე პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს შეიტანდა, მარეგულირებელ უწყებებს მისცემოდა უფლება, გარკვეული განაკვეთებით ანარიცხები მიგვეღო. პარლამენტს ამ შესწორებებისთვის დაახლოებით 6 თვე დასჭირდა.

ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა როგორც სრულყოფილმა სტრუქრურამ. შემდეგ რაც მოხდა იცით - შევარდნაძე წავიდა, ნინო ბურჯანაძე გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი...

ამის შემდეგ დაიწყო თქვენი დევნა?

- ნინო მიდიოდა ბრიუსელში კონფერენციაზე. მეც გავყევი თვითმფრინავს. მომიკითხა, რა გვჭირდებოდა, როგორ მიდიოდა საქმეები და ა.შ. სამუშაო საკითხებზე ვისაუბრეთ, რაღაცეებზე მოვილაპარაკეთ და ეს ამბავი ამით დასრულდა.

ცოტა ხანში მიშა მიდის დავოსში, ჯერ პრეზიდენტად არჩეული არ არის. მომავალი პრეზიდენტი იყო და, დავხვდი აეროპორტში. როგორც იცის, მოვარდა სარეისო თვითმფრინავთან და ავარდა ტრაპზე. შემდეგ უცებ შემობრუნდა, შემომხედა და მეკითხება, შენ აქ რა გინდაო. რა უნდა მეპასუხა - საავიაციო დეპარტამენტის თავმჯდომარეს დილის 5 საათზე აეროპორტში რა უნდა მეკეთებინა? ვუპასუხე, ჰაერი არ მყოფნიდა და სუფთა ჰაერზე გამოვედი მეთქი.

ამ დროისთვის ქართული ავიაცია რა მდგომარეობაში იყო?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთი ვაგზლის ანაბარად დავრჩით, რომელიც ადგილობრივ ფრენებს ახორციელებდა. არსად არ გვქონდა არც საბაჟო, არც საზღვარი. იქვე ინტურისტის შენობა იყო და იქიდან ვახერხებდით საბაჟო კონტროლსაც და ა.შ.

პირველი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო აეროპორტის შენობა. ფული არ გვქონდა. შევარდნაძეს ვუთხარი, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის ეთხოვა, რადგან ვიცოდი, რომ ევრობანკს მსგავსი პროექტი კიევში ჰქონდა განხორციელებული.

ზუსტად ერთ თვეში ჩამოვიდა კომისია, მოამზადეს პროექტი და აგვიშენეს აეროპორტის შენობა ისე, რომ მაშინ საქართველოს ეს ერთი თეთრიც კი არ დასჯდომია.

რაც შეეხება საჰაერო ნავიგაციას, ეს საკითხიც შევარდნაძის ვაშინგტონში ვიზიტისას გადაწყდა. მოსამზადებელი სამუშაოები კი გვქონდა ჩატარებული, მაგრამ დამფინანსებელი არ გვყავდა. შევარდნაძემ მკითხა, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რომლის დაყენებაც შეიძლებოდა აშშ-ს პრეზიდენტთან.

მართლაც, შევარდნაძემ კლინტონს უთხრა, რომ საჰაერო სივრცის კონტროლის პრობლემა გვქონდა. ამერიკულმა კომპანიებმა მოგვიმზადეს პროექტი. დაფინანსებაც ამერიკული მხარისგან წამოვიდა. ისეთი საჰაერო სივრცე გამოგვივიდა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ვემსახურებოდით.

კიდევ ერთი საკითხი იყო ის, რომ ქართულ კომპანიას თვითმფრინავები სჭირდებოდა. „აირზენას“ მოლაპარაკებები ჰქონდა გერმანელებთან - „ბოინგები“ უნდა ჩამოეყვანა ლიზინგით. გერმანული მხარე 25-მილიონიან გარანტიას ითხოვდა საქართველოს ბიუჯეტიდან. მაშინ  ასეთი გარანტიის გაცემა საქართველოს ბიუჯეტისათვის დიდი ფუფუნება იყო.

შევარდნაძე თვითონ შეხვდა გერმანული კომპანიის წარმომადგენელს და აუხსნა, რომ ასეთი გარანტიის მიცემა არ შეეძლო. მან კი იცით რა უთხრა? ბატონო ედუარდ, თქვენ იმდენი გაქვთ გაკეთებული გერმანიისთვის რომ რითაც შევძლებთ დაგეხმარებითო. მართლაც „აირზენამ“ თვითმფრინავები საგარანტიო თანხის გარეშე შემოიყვანა.

ეს იყო ის ძირითადი პროექტები რაც უკვე განხორციელებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის მომენტისთვის.

დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ახალი ხელისუფლების მხრიდან თქვენს მიმართ პრეტენზიები თუ გამოითქვა და ეს როდის მოხდა?

- 25 დეკემბერია. ზურას და მიშას ნინოსთვის უთხოვიათ, იქნებ აჭარაში ჩახვიდე და როგორმე ასლანის ამბავი მოვაგვაროთო. გავფრინდით ბათუმში, ნინო ბურჯანაძეს ჰამლეტ ჭიპაშვილი ახლდა. მე აეროპორტში დავრჩი, იქვე მეგობრები შემხვდნენ და პატარა სუფრა გავშალეთ.

ლაპარაკში ჩემმა მეგობრებმა ავთო იოსელიანი ახსენეს, მოდით ავთო მოვიკითხოთ-მეთქი. ავთო მეუბნება, ზურა შენ ხარ და ჯერ არ დაუჭერიხართო? ვკითხე, რა ხდება მეთქი და მეუბნება, ახლა ტელევიზორში ვუყურებ, როგორ გიჭერენო. ჯერ ჩავთვალე, რომ ხუმრობა იყო.

ცოტა ხანში მოდიან ნინო და ჰამლეტი - ნინოს ყალყზე აქვს თმები, ჰამლეტი თვალებს ვერ იმორჩილებს... მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მერე გავიგე, როცა ნინო ასლანს უყვებოდა რა გეგმები ჰქონდათ, როგორ აპირებდნენ მიშა და ზურა აჭარაში ჩასვლას, ამ დროს ასლანის კაბინეტში ვიღაც შევიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ასლანმა ჩართო ტელევიზორი და კადრშია მიშა ზუსტად იმ მომენტში, როცა სპორტის სასახლეში, ბოდიში და, „მთელ ვედრო ნაგავს“ ასხამს ასლანს თავზე. ნინოს ყბა ჩამოუვარდა და წამოვიდა თბილისში. გზაში ბრაზობდა, ეს რას აკეთებენო. მაშინვე ვუთხარი, თურმე ჩემს დაჭერაზეც ილაპარაკა მეთქი.

რა კონტექსტში ახსენა თქვენი დაჭერა?

- მეორე დღეს ვიყურე ჩანაწერს - გამოდის მიშა და გულში ხელს ირტყამს: აი, მაგალითადო, მე და ჩემი გუნდი მოვედით ხელისუფლებაში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ყველაფერს უზურპაცია გავუკეთოთ, ჩვენ ადამიანები, კარგი სპეციალისტები ნამდვილად გვჭირდებაო. ახლა ათი წუთის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ვერც კი მოვასწარით მოსვლა, რომ ჩვენმა თანამებრძოლმა, ზურაბ ცქიტიშვილმა გააქანა და თავისი შვილი საავიაციო ადმინისტრაციაში შეტენაო. ორ საათს ვაძლევ, ან ცქიტიშვილი თავის შვილს იქიდან მოაცილებს, ან მე ზურაბ ჭანკოტაძეს დავიჭერო. ამას აცხადებს სპორტის სასახლეში და დარბაზი სკდება ტაშით. როგორც ჩანს, ასეთი იყო საზოგადოების დაკვეთა, რომ ყველა დასაჭერია.

ცქიტიშვილმა მართლა გთხოვათ თავისი შვილის სამსახურში მოწყობა?

- ვაკანსია მართლა იყო და კონკურსი გამოცხადდა. რამდენიმე CV შემოვიდა. მათ შორის საუკეთესო შევარჩიე და ვთქვი, რომ ეს კადრი გამოგვადგებოდა. მერე გავარკვიე, რომ ზურაბ ცქიტიშვილის შვილი ყოფილა.

ჰო, მართლა - როგორც კი მიშამ ეს თქვა, მაშინვე დამირეკა ზურაბ ცქიტიშვილმა და გაბრაზებულმა მკითხა, ზურა როდესმე მე შენ რამე გთხოვე და ვინმე შეგატენეო? არა, ბატონო ზურაბ, არაფერი არ ვიცი, ჩამოვალ თბილისში და გავარკვიოთ მეთქი.

კი ვთქვი, რომ ეს ბიჭი სამსახურში ავიყვანოთ-მეთქი, მაგრამ არც განცხადება ჰქონია დაწერილი და არც გაფორმებული ყოფილა... უბრალოდ, საბუთები მოვატანინე. კადრების სამსახურის უფროსს ვუთხარი, შეხმიანებოდა განცხადება დაეწერინებინა და გაეფორმებინა სამსახურში. მერე, თუ თვითონ გადაწყვეტდა წასვლას, მასზე იყო დამოკიდებული. მე მას წასვლას ვერ მოვთხოვდი.

მართლაც, ასე მოხდა - მივიღეთ სამსახურში, გავაფორმეთ ყველა წესისა და რიგის დაცვით, შემდეგ - დაწერა განცხადება წასვლაზე და მეც მოვაწერე ხელი. მოკლედ, ეს ამბავი ასე დამთავრდა.

როგორც ჩანს, ვიღაც იყო დაინტერერსებული თქვენი სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა?

- არა, ასე არ ვფიქრობ. უფრო მგონია, რომ მათი შიდა ამბავი იყო. სფეროები დაინაწილეს და იმდენად მე არ ვიყავი მიზეზი რამდენადაც თავიანთ შიდა სამზარეულოში ხდებოდა რაღაც. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, მუშაობას ვაგრძელებდით.

თებერვლიდან უკვე დაიწყეს ჩინოვნიკების აყვანა, ჯერ დათო მირცხულავა დაიჭირეს, მერე - კაკო ჩხაიძე, შემდეგ - მერაბ ადეიშვილი სადღაც სუფრიდან ხელში ატატებული გააქანეს პროკურატურაში.

პრესკონფერენცია გვქონდა თუ, კომენტარისთვის მირეკავდა ჟურნალისტი, ყველა მეკითხებოდა, არ გეშინიათ, ბატონო ზურაბ, თქვენც რომ დაგიჭირონო? ერთხელ ეთერში ვთქვი კიდეც, თუ დაჭერას მიპირებენ შოუ არ მჭირდება დამიბარონ და სადაც მეტყვიან, მივალ მეთქი.

ანუ, დაპატიმრების მოლოდინში აგრძელებდით მუშაობას?

- ვმუშაობდი, თანაც ზუსტად იმ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა. საქართველო იკაოს წევრი უკვე იყო. განაცხადი გვქონდა შეტანილი ეკაკის წევრობაზეც. 2004 წლის 2 თებერვალს საქართველოში ჩამოდიოდა ეკაკის შემფასებელი კომისია, რომელსაც დასკვნა და რეკომენდაცია უნდა დაეწერა საქართველოს ეკაკში გაწევრიანების თაობაზე.

მოკლედ, ჩამოსულები იყვნენ ეკაკის ჩრდილოატლანტიკური ბიუროს შეფი, ეკაკის გენერალური მდივანი, გერმანიის ავიაციის ხელმძღვანელი და ა.შ.

ვრეკავ მიშასთან და მპასუხობს მდივანი. ვუთხარი რაშიც იყო საქმე და ვთხოვე, წასვლისას კომისიის წევრებს პრეზიდენტი შეხვედროდა. დელეგაცია ჩამოვიდა, შეამოწმეს ყველაფერი და მითხრეს, რომ სადღაც ორ თვეში საქართველო ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდებოდა.

დელეგაცია უკვე მიემგზავრება და სააკაშვილისგან არაფერი არ ისმის. მერე ვიღაცას დავარეკინე და მისი მდივანი ეუბნება, ოფიციალური დელეგაცია გამოუშვან, ასე ყველას ხომ ვერ შეხვდება მიშაო.

მერე ვცადეთ ჟვანიათან დაკავშირება და ისიც არ შეხვდა, თუმცა თამარ ბერუჩაშვილი გამოაგზავნა. სხვათა შორის, თამარ ბერუჩაშვილთან საუბრისას ისიც აღნიშნეს, რომ საქართველოს ავიაცია ყოფილ საბჭოთა სივრცეში ლიდერი იყო ყველა მაჩვენებლით. ამ შეხვედრას მერაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

მეორე დილას სასაუზმოდ დავპატიჟე უცხოელები და ტელევიზორში ხედავენ, როგორ დაიჭირეს იმ ღამეს მერაბ ადეიშვილი - გაოგნებულები წავიდნენ საქართველოდან.

ის თვენახევარი, როცა უკვე ვიცოდი, რომ უნდა დავეჭირე, აეროპორტში არ წავსულვარ, რომ არ ეფიქრათ, გარბისო. გტაცებდნენ ხელს და იტყოდნენ - გარბოდაო, და გემტკიცებინა მერე, რომ ეს ასე არ იყო.

უკვე 8 მარტი იყო, როდესაც სახელმწიფო კანცელარიაში დამიბარეს. ირაკლი ჩუბინიშვილს უნდოდა ჩემი ნახვა. ჩუბინიშვილი მეუბნება, ზურამ და მიშამ ილაპარაკეს და გადაწყვიტეს, თქვენი წასვლა იქნება საჭიროო. ვუთხარი, რომ პრობლემა არ იყო, მხოლოდ ვთხოვე, რომ ავიაციაში რაიმე სამსახურში მემუშავა.

მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, ვიდრე განცხადებას დაწერთ, იქამდე თურქეთსა და ბრიტანეთს ფრენის ნებართვა არ მისცეთო - მომაძახა წამოსვლისას ჩუბინიშვილმა. ამ ქვეყნებთან ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა ავიაკომპანიებს ფრენის ნებართვები ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.

არ ელოდებოდით რომ განცხადების დაწერას მოგთხოვდნენ?

- შემეძლო უარიც მეთქვა, მაგრამ როცა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობ და ქვეყნის პრეზიდენტს არ უნდა შენთან ერთად მუშაობა, ძალით ხომ ვერ დარჩები?! ამიტომ, ვიფიქრე, განცხადებას დავწერ-მეთქი.

მიშა ამ დროს ამერიკაშია წასული. ყველა ელოდება, ის კი არ ჩამოდის. ჯერ ვიფიქრე, დაველოდები-მეთქი. კი ვიცოდი, რომ ექსპანსიური ტიპი იყო, მაგრამ მეგონა, რომ რაღაცეებში გულწრფელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე შუბლზე ნამუსის ძარღვგაწყვეტილი არ მეგონა. მოკლედ, დავწერე განცხადება და თანაშემწეს კანცელარიაში ჩავაბარებინე. როგორც მითხრეს, ჩემს განცხადებაზე მიშას ხელი არც მოუწერია და ფაქსიმილეა დარტყმული. ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება რომ დაიწერა, მაშინაც არ იყო ჩამოსული.

გიორგი კარბელაშვილი როდის გამოჩნდა ავიაციაში?

- ვიდრე გამათავისუფლებდნენ, იქამდე დამირეკა ჩუბინიშვილმა იქნებ აერონავიგაციაში მიხვიდე და საშა სილაგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოო. შპს აერონავიგაციის ხელმძღვანელს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგენით ქონების მართვის სამინისტრო ნიშნავდა -  ჩვენი თანხმობით, ცხადია. მე მისი გათავისუფლების უფლება არ მქონდა.

მაინც წავედი და საშას ვუთხარი, ასეა-მეთქი საქმე. თუ არ უნდათ ჩემთან მუშაობა, რას ვიზამო და, დაწერა განცხადება ყველა წესისა და რიგის მიხედვით. იმავე დღეს მოვიდა კარბელაშვილი. პირველი სიტყვა რაც თქვა იყო - კაბინეტის და მანქანის გასაღებებიო. სილაგაძემ დაუდო ორივე გასაღები.

გაიარ-გამოიარა... ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთოო, ცოტა იფაფხურა და, უცებ, მე ახლა მივდივარ საქმეზე და მოვალო - ჩაჯდა მანქანაში და წავიდა - მაშინ სილაგაძე არ გაუშვია სტრუქტურიდან, კონსულტანტად დაიტოვა. ეს უკვე მოგვიანებით იყო, რომ სილაგაძის ოჯახის აწიოკება დაიწყეს და წავიდა კიდეც ქვეყნიდან.

თქვენი გათავისუფლების შემდეგ რა მოხდა?

- განცხადება რომ დავწერე, დაახლოებით ორი-სამი დღე დამჭირდა რაღაცეების მოსაწესრიგებლად, ასე ხომ ვერ მივატოვებდი ყველაფერს? მერე ავიღე ჩემი ნივთები და წავედი სახლში.

12-ში სააკაშვილი ჩამოსულა ამერიკიდან. მე არ ვიცი რა ხდება, ვარ სახლში ვუყურებ ტელევიზორს და ვფიქრობ, შემდეგ რა იქნება.

თურმე მიშას თავში ერთი აზრი უმწიფდება - ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ უნდა შევარდეს ბათუმში. იქ რა გეგმები ჰქონდათ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ასეთი ნიუანსი იყო - ასლან აბაშიძე ამ პერიოდში მოსკოვშია. მიშას თურმე კარბელაშვილის, ბარამიძის, ჩუბინიშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის (ვანო მაშინ უშიშროებაშია) დაუვალებია, რომ თუ გინდათ დედა იტირეთ, ასლანი ბათუმში არ უნდა ჩამოვიდესო.

შაბათია, ღამის პირველი საათი და მირეკავს ჩემი მძღოლი, ახლა გამოვიარე ოფისთან სპეცნაზია მოსულიო (მაშინ სპეცნაზი ასეთი არ იყო, ახლა რომაა ეკიპირებული, ოპერების ფორმა ეცვათ და მხარზე ავტომატები თოხებივით გადადებული) კარბელაშვილი, ტერიშვილი და ერთ ჩემს თანამშრომელზე თქვა, თეთრაძე და კიდევ ვიღაცეებიო.

ვუთხარი, არ ახვიდე და წადი-მეთქი. ვურეკავ თეთრაძეს - ვერ მელაპარაკა, არ ვიცი, ვინმე ედგა გვერდში თუ, შეეშინდა. მერე, თურმე, ამ სპეცნაზს მიჰყვა ირაკლი კლდიაშვილი - ბარამიძის მოადგილე იყო. მოკლედ, არავინ არ იცის, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ დავალება აქვთ, ასლანი მოსკოვიდან ბათუმში არ უნდა ჩამოვიდეს - უნდა დაკეტონ საჰაერო სივრცე და აეროდრომი.

ამას თავისი წესი და ვადები აქვს. საჰაერო სივრცის დაკეტვა ვიცი მე, ზურაბ ბელქანიამ, ცხონებულმა თემურ ელიზბარაშვილმა და საშა სილაგაძემ, რომელიც ნავიგაციას კურირებს.

როგორც ჩანს, ეს ადრევე ჰქონდათ დაგემილი, რომ მიშა შესულიყო ბათუმში და ხალხი ზარ-ზეიმით შეხვედროდა. როგორც მივხვდი, საშა სილაგაძის აერონავიგაციიდან მოცილებაც იმიტომ უნდოდათ, იფიქრეს, პრორუსულია და რუსებთან ჩაგვიშვებსო. მეც არ ჩამთვალეს სანდოდ - ჩვენიანი არ არისო. ერთი თვის განმავლობაში ეს საკითხები მოაგვარეს, ორივე მოგვაცილეს სტრუქტურიდან.

მეორე დღეს მირეკავს ჩემი თანაშემწის მეუღლე, ჩემს მეუღლეს პოლიციიდან მოაკითხეს და ჩუმად მითხრა, თქვენთვის შემეტყობინებინაო. დავამშვიდე, მაგას არაფერს ერჩიან-მეთქი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათთან ერთად ვინც იყო იმ ღამეს, როცა ცა უნდა ჩაეკეტათ, ამ წერილს ხელს არავინ არ აწერდა.

რატომ?

- დანაშაულია და იმიტომ. ეს ყველამ იცოდა, მათ შორის - კარბელაშვილმაც, და არც მან არ მოაწერა ხელი. მერე ნახეს ერთი გამოუცდელი ბიჭი, იმას მოაწერინეს ხელი და ღია ტექსტით გააგზავნეს ტელეგრამა მოსკოვში, რომ საჰაერო სივრცეს ვკეტავთ და თვითმფრინავი არ გამოუშვათო.

მოსკოვიდან დაურეკავთ ბათუმში და უკითხავთ რა ხდებაო, ბათუმს უპასუხია, ჩაკეტილი არ ვარო და, გამოუშვეს თვითმფრინავი.

შემდეგ რა ხდება - ესენი ჩავიდნენ ბათუმში, იქ გოგიტიძე იყო გამაგრებული, ხიდზე არ გადაუშვეს, მერე ხიდი ააფეთქეს და მიშა გაცეცხლდა. ვიდრე ეს ფოთში ჩავიდა ღამის გასათევად, ასლან აბაშიძე ბათუმში ჩაფრინდა.

მიშამ ესენი დაამწკრივა და შავი დღე აყარა ხომ მითხარით, რომ სივრცე ჩავკეტეთ და ასლანი არ ჩამოვაო. კარბელაშვილს თუ რომელიღაცას უთქვამს, მე არაფერ შუაში ვარ, ჭანკოტაძემ დაურეკა ასლანს და იმან გააფრთხილაო.

სხვათა შორის, ასლან აბაშიძემ გააკეთა კიდეც განცხადება, ამათ ცის ჩაკეტვა ფარდის ჩამოფარება ხომ არ ჰგონიათ. თურქეთიდანაც შემეძლო გადმოსვლა აზერბაიჯანიდანაც და ვერტმფრენიდანაცო.

მართლა მოხდა მსგავსი რამ?

- ამ დროს საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. დასაფლავებაზე ვიყავი. სხვათა შორის, პირველი მკვლელობა მოხდა ამათი პოლიციელების მიერ. ერთი ბიჭი იყო, შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა, კუკულავა, მისი ძმა, თუ არ ვცდები პლეხანოვზე, ნინოშვილის ქუჩაზე მოკლეს. ლურჯი ეკლესიიდან არის მისი გამოსვენება და სილაგაძის ტელეფონიდან ირეკება, ვუპასუხე და, იქიდან მესმის, მე კარბელაშვილი ვარო. მერე რა ვქნა - ვიცეკვო მეთქი? შენ არ მორჩები ინტერვიუების მიცემასო? თავი ხომ არ მიგირტყია რამისთვის მეთქი. ჩემს გვერდით დგას ვახტანგ ქუთათელაძე, ბაბუციძე, მთელი გენერალიტეტი ამათი და ესმით ეს ლაპარაკი.

რა ინტერვიუზე იყო ლაპარაკი?

- „რუსთავი 2“ მთელი დღე აანონსებდა, რომ თურმე საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ასლან აბაშიძეს პირადად ზურაბ ჭანკოტაძემ შეატყობინა. მერე დამირეკეს ჟურნალისტებმა - ბატონო ზურაბ, მართლა თქვენ შეატყობინეთო? ვუპასუხე, ჩემს კაბინეტში ზის ახლა კარბელაშვილი იმას დაურეკეთ და იმან იცის ყველაფერი, მე არაფერი არ ვიცი მეთქი. ამაზე მეტი არავისთან არაფერი არ მითქვამს. უკვე მივხვდი, რომ სამშობლოს ღალატს მკიდებდნენ - თითქოს ასლანს მე გავუხსენი კარი.

მეორე დღეს მირეკავს ერთ-ერთი პოლიციელი, მეუბნება სხვა ტელეფონიოდან გირეკავ დიდხანს ვერ გელაპარაკები, დაიხურე ქუდი და „დაითესეო“ და გამითიშა ტელეფონი. მერე კიდევ ერთი მსგავსი ზარი შემოვიდა.

არ გიფიქრიათ ქვეყნიდან წასვლა?

- გულში ხელს არ დავირტყამ რომ აი, ასეთი ვაჟკაცი ვარ მეთქი. არის რაღაც, რისგანაც შეიძლება გაიქცე, თუ დანაშაული გაქვს რამე...  მერე ვიფიქრე, ამათ როგორ გავექცე, ან სად გავიქცე-მეთქი. თანაც, მერე იტყოდნენ - თუ დამნაშავე არ იყო, რატომ გაიქცაო.

მეორე დღეს ჩემთან, სახლში ორი ოპერატიული მუშაკი მოვიდა უშიშროებიდან, ქალაქის სამმართველოდან. წარმომიდგინეს თავი, შევიპატიჟე. მითხრეს, ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ, თქვენთან შეკითხვები აქვთ და აუცილებლად უნდა უპასუხოთო. მოვემზადე წასასვლელად.

ვიცოდი, ადრე თუ გვიან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რომ მომიწევდა - ასლანის ჩამოფრენას ვგულისხმობ, და ამ ამბების შემდეგ ჩემმა ბიჭებმა ერთი დასტა ქაღალდები მომიტანეს - იმ ღამეს ამათ რა სისულელეებიც ჰქონდათ ნაკეთები.

ეს დოკუმენტები მე მაქვს და მგონია, რომ ამ საკითხზე დასაკითხად მიბარებენ. ის იყო, უნდა წავსულიყავით, რომ მითხრეს ახლა ჩვენი უფროსი მოვა და შეიძლება სულაც არ მოგიხდეთ წამოსვლაო. დაველოდეთ, მოვიდა მიხეილ ნოზაძე, საგამოძიებოს უფროსის მოადგილე იყო. წავედით სამმართველოსკენ. ნოზაძე ეუბნება, არა, ორთაჭალაში მივდივართო. თვითონაც არ იცოდნენ, ნოზაძე გზადაგზა ღებულობდა ინფორმაციას, სად უნდა მივეყვანე. მივედით პროკურატურაში.

როგორ გექცეოდნენ?

- ძალზე თავაზიანად, ხელბორკილიც არ დაუდიათ. წარმომიდგა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, შაშიაშვილი. ვკითხე, რაზე გაისარჯეთ-მეთქი. მითხრა - იქნებ ადვოკატს დაურეკოთო. არ მჭირდება, რაც თქვენ უნდა მკითხოთ, ყველაფერზე შემიძლია პასუხის გაცემა მეთქი. ისეთი საჩოთირო საქმეა ადვოკატი მოიყვანეთ, არ მინდა რაიმე დარღვევა დაფიქსირდეს პროცესუალურადო.

დავურეკე გოჩა სვანიძეს. ვიდრე გოჩა მოვიდოდა, ოთახში ვისხედით, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული. ყველა კამერა პროკურატურასთან იყო - მისცვივდებიან ირაკლი ოქრუაშვილს და ისიც ხან რას ამბობს, ხან - რას.

ეჭვმიტანილადაც კი არ ვიყავი ცნობილი, როცა უკვე განცხადება გააკეთა, ბრალს უყენებენ და დააკავებენო. გამომძიებლები შეცბნენ - როგორც ჩანს პირდაპირი დავალება, რომ აუცილებლად უნდა „ჩააყუდოთ“, არ მიუღიათ.

გოჩა მოვიდა და ვემზადები ასლანზე სალაპარაკოდ. ესენი მეუბნებიან 2003 წლის 13 იანვრის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება თუ გახსოვთო. გავოგნდი, როგორ არ მახსოვს-მეთქი. აი, აქედან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მე მქონდა დარღვევა. არაფერმა არ გაჭრა - არც შევარდნაძის ბრძანებულებამ, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებდი. ასე გავატარე ცხრა საათი პროკურატურაში, მერე დიღომში „კაპეზეში“ გამამწესეს.

მაშინ ბადრაგი არ ჰყავდათ და ოპერებმა მთხოვეს, ბატონო ზურაბ, ხელბორკილს დაგადებთ, ქვემოთ ჟურნალისტები დგანანო. მანქანაში ჩავსხედით თუ არა ხელბორკილი მაშინვე მომხსნეს. ასე დამთავრდა ჩემი დაჭერის ამბავი.

ისე, ძალზე საინტერესო დეტალია - 16 მარტს დამაკავეს და მაშინ ვნახე გამომძიებელი. მერე ვნახე 18-ში, როცა ბრალი წამიყენა. მას შემდეგ თვალიც კი არ მომიკრავს.

თქვენი ადვოკატი ამბობდა, რომ ბრალი არ დაგიდასტურდათ და უკანონოდ იყავით ციხეში...

- კი, ასეა, ბრალი არ დადასტურებულა. კონსტიტუციით 9 თვე შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება. როგორც კი 20 დღე გადასცილდა, ჩემმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

როგორც ვიცი, ეს ფაქტი სუბარის ანგარიშშიც მოხვდა...

- გოჩას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, ისე გაუპროტესტებია და მერაბიშვილიც და ბოკერიაც დათანხმებიან, მართალი ხარო. მოუთხოვია გათავისუფლება. პირველი პროცესი ერთი წლის შემდე 10 მარტს შედგა.

აღკვეთის ღონისძიებას რომ მიგრძელებდნენ და სამთვიანს მიფარდებდნენ, სასამართლოზე გამოვედი და ვთქვი, გორგასლის ორდენის კავალერი ვარ, ავღანეთში მაქვს ნაფრენი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, ისევ რომ მიფარდებთ პატიმრობას, გეეჭვებათ რომ წავიდოდი, წასვლა რომ მდომებოდა, პატიმრობაში რატომ მტოვებთ-მეთქი. მითხრეს, არ შეიძლება, გამოძიებას ხელს შეუშლიო. რა თქმა უნდა გავასაჩივრე კიდეც, მაგრამ - უშედეგოდ.

მერე გავიგე, სამთვიანს რომ მიფარდებდნენ. ასე იყო საქმე, ან კიდევ, უნდა გაეგრძელებინათ ან ბრალი დაემტკიცებინათ და წაეყენებინათ, ან გავეშვი სახლში. როგორც გავიგე, დადგენილება უკვე დაწერილი ჰქონდათ და მიშვებდნენ. პირადად მე არ მომისმენია, მაგრამ კარბელაშვილმა ვისთანაც თქვა, იმ ადამიანმა მითხრა - ბიჭო, ძლივს მივასწარი, თორემ უშვებდნენო.

გამოდის, კარბელაშვილი პირადად ყოფილა ამით დაინტერესებული... როგორც ვიცი, ფულის მიტანას გთხოვდნენ...

- ჩემთან ფულზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა. ჯერ კიდევ ძიება მიდიოდა, მოვიდა ერთხელ გოჩა სვანიძე და მეუბნება, იქნებ რამე გადავიხადოთო. კარგი, გადავიხადოთ, მაგრამ ხომ უნდა მითხრან, რას ვიხდი და რაში. თუ მეტყვიან, რომ 10 თეთრი მაქვს დარღვეული, მზად ვარ, ამაში ლარი გადავიხადო. კი, ბატონო, გადავიხდი, მაგრამ მითხრან, რომ აი, ეს დაარღვიე.

ექსპერტები მე ხომ არ მომიყვანია. თვითონ მოიყვანეს - შს სამინისტროს თავისი საექსპერტო კომისია ჰქონდა. თვითონვე ჩაატარეს ექსპერტიზა და იმ ექსპერტმა დაწერა, არ არის ეს კაცი ბრალშიო. სასამართლოზეც მოიწვიეს და იგივე გაიმეორა.

იყო ერთი ადამიანი, რომელიც მივიდა ზურა ადეიშვილთან, რომელმაც უთხრა, მე გადავიხდი, ოღონდაც გამოუშვითო. ჩემს მეგობრებსაც უთქვამთ, შევაგროვოთ და გამოვიყვანოთო.

ამათ გაუგიათ, სახლი აქვს წყნეთშიო და წავიდნენ სანახავად. მაშინ ტეხბიუროები იყო, ნახეს, რომ 1957 წელს ეს ნაკვეთი მამაჩემს უყიდია და სახლია აშენებული. მამაჩემი ქართული ავიაციის ფუძემდებელი იყო და შეეძლო ნაკვეთის ყიდვა და სახლის აშენება. მერე ეს სახლი 1961 წელს ხრუშჩოვმა ჩამოგვართვა. ბრეჟნევი რომ მოვიდა 1964-ში ეს სახლი დაგვიბრუნეს. მამაჩემი გარდაიცვალა. დედაჩემს ფული არ ჰქონდა, ეს სახლი რომ დაეხსნა. შევარდნაძემ და ვიქტორია სირაძემ ჩამოგვაწერეს ეს ვალი 1975 წელს და მამაჩემისგან ანდერძით მიღებული სახლი დედაჩემზე იყო გაფორმებული. ნახეს, რომ მე არანაირი ღვაწლი არ მქონდა და გაჩერდნენ.

რამდენადაც ვიცი, 750 ათასი უთხოვიათ და მერე 100 ათასზე ჩამოსულან...

- გოჩასგან როგორც ვიცი, ჯერ 200 ათასი უთხოვიათ. მერე გიორგი ლაცაბიძემ, მაშინ პროკურორის მოდილე იყო, უთხრა, რომ ვიცით, არც ქონება აქვს და არც არაფერიო, ისიც ვიცით, რომ ნორმალურადაც მუშაობდა... მაგრამ, სახელმწიფოს რაღაც ხომ უნდა აჩუქოსო? გოჩა მოვიდა და ეს ყველაფერი მითხრა.

გოჩას ვუთხარი - ხომ იცი, ქვეყანას როცა სჭირდებოდა სიცოცხლეს ვჩუქნიდი მეთქი, თვითმფრინავში ვჯდებოდი და მივდიოდი, როცა არავინ არ მიდიოდა, მესროდნენ,  9-ჯერ დახვრეტას გადავურჩი, მერე „მხედრიონი“ იყო და ათასი უბედურება. დამიმტკიცებენ რამეს - დამიმტკიცებენ, მე მათთვის კაპიკის მიმცემი არ ვარ მეთქი. ვერ დაამტკიცეს ვერაფერი და ბოლო-ბოლო 20 ათასზე ჩამოვიდნენ.

ეს როგორ გადაიხადეთ, საპროცესო შეთანხმება გაგიფორმეს?

- არა, მე არ გავაფორმე. ბრალი არ მიღიარებია. პროკურორმა მომისაჯა 6 წელი, მოსამართლემ 5 წელი მომცა, მერე აპელაციაზე კიდევ ერთი წელი მომაკლეს და 4 წელი მოვიხადე სასჯელი.

ციხეში რა ხდებოდა?

- გაგიკვირდებათ... ხან ერთი მოდიოდა, ხან - მეორე, ყველა ერთი ტექსტით - გახსოვთ, ბატონო ზურაბ, ჩემს შვილს რომ დაეხმარეთ, გახსოვთ ამას რომ დაეხმარეთ, იმას რომ დაეხმარეთ. რა უნდა მხსომებოდა, ვის არ ვეხმარებოდი? გიორგი არველაძეც კი მყავდა სასწავლებლად გაგზავნილი...

მთავაზობდნენ, კარგ კამერაში მოგაწყობთო. ასეთი არჩევანი იყო - ან „ობშჩიში“ უნდა შეხვიდე, ან „ფაშისტებშიო“. კიდევ რა ვარანტია მეთქი და მითხრეს, მეშვიდეო - პროკურატურა რომ არის, იქვე იყო მიშენებული 63-კაციანი იზოლატორი. ვიღაც რომ რაღაცას დააშავებდა სხვაგან, აქ მოჰყავდათ, მაგრამ ერთი სიკეთე იყო - თუ ორთაჭალის ციხეში 24 ადგილიან კამერაზე 40 კაცი იყო, აქ ერთი ერთზე იყო.

მეშვიდე ავირჩიე, მერე საბაჟოს უფროსი, ლევან ქისტაური მოიყვანეს, მერე გია კენჭაძე, ვინ აღარ - საპროცესოებს აფორმებდნენ და მიდიოდნენ. მუდმივად ვიყავით მე და 16 სული ქურდი...

რაც ტელევიზიით აჩვენეს, მსგავსი იქ არაფერი მომხდარა, მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ, ნორმალურ ციხეში ამას პატიმრები აკეთებენ. ასე იმ ადამიანებს ექცევიან, ვინც არსრულწლოვანი გააუპატიურა და მოკლა, ვინც მოხუცი გააუპატიურა და მოკლა, მაგრამ ამას პატიმრები აკეთებენ, ადმინისტრაცია კი - არა.

ის მაინც თუ გაარკვიეთ, თქვენგან რა უნდოდათ, რას გერჩოდნენ?

- ასეთი განცდა გამიჩნდა, რომ კარბელაშვილს ავიაციის ხელმძღვანელობის იდეა-ფიქსი ჩამოუყალიბდა. მეორე მხრივ, ავტორიტეტის მოხვეჭა სურდათ. ძალიან ადვილია მასაში კორუმპირებულის სახელის გავრცელება. სტრასბურგში მაქვს საქმე გასაჩივრებული და შედეგს ველოდები. როდესაც ეს შედეგი დადგება, მაშინ უკვე აშკარა გახდება, მართალი ვარ თუ არა.

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: მე ვარ ციხეში, ჯერ კიდევ გასაჩივრებაზე მაქვს ლაპარაკი და ამ დროს ვიგებ პროცესს სამოქალაქო სასამართლოში, რომ ადმინისტრაციას აქვს ჩემი დავალიანება 18 ათასი ლარის ოდენობით და ამ თანხას მინაზღაურებენ. ამ დროს მე ზუსტად იმავე საკითხზე ვარ დაკავებული - მეტი რაღა ვთქვა?

როდესაც კორუფციაზეა ლაპარაკი, ამისი ორი გზა არსებობს - ან ვიღაცისგან ქრთამი უნდა აიღო, ან შენს სტრუქტურაში გააკეთო რამე. ორივე შემთხვევაში მინიმუმ ორი კაცია საჭირო - ქრთამის მიმცემი და ქრთამის ამღები, ან უფროსი და ბუღალტერი. ამათ ვერც ერთი რომ ვერ აღმოაჩინეს, ამაზე გამწარდნენ. არაფერიც არ უნდოდათ. უნდოდათ, რომ ციხეში ვმჯდარიყავი. ხალხმა იცის, ზურაბ ჭანკოტაძე ვინ არის? ქიბარ ხალვაშს აქვს გოჩა სვანიძესთან ნათქვამი - კარგი რა, ჭანკოტაძეს არ ეყო, რაც ჭამაო? ის რომ ამას იტყვის, მასას რა უნდა მოსთხოვო?! იმდენად წამხდარი სისტემა მუშაობს, ახლა ხმებს ავრცელებენ, სასიკვდილოდ არის ავადო.

„ქართული ოცნება“ თავიდანვე მომეწონა, მაგრამ სიახლოვესაც არ გავკარებივარ, რომ ჩირქი არ მოეცხოთ, შევარდნაძის კოპუმპირებული ჩინოვნიკები შემოიკრიბესო, ვიცოდი, ამას აუცილებლად იტყოდნენ...

როგორც მივხვდი, შელახული ღირსების აღდგენას სტრასბურგში ითხოვთ...

- ამას დრო სჭირდება, მაგრამ როცა იქნება, ხომ განიხილავენ?..