„როდესაც მათ სიწმინდეს შეურაცხყოფა მიაყენეს, მთელი მუსულამნური სამყარო ამხედრდა, ასევე ვითხოვთ ჩვენც, პატივისცემით მოეპყრონ ჩვენს სიწმინდეს“

„როდესაც მათ სიწმინდეს შეურაცხყოფა მიაყენეს, მთელი მუსულამნური სამყარო ამხედრდა, ასევე ვითხოვთ ჩვენც, პატივისცემით მოეპყრონ ჩვენს სიწმინდეს“

დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები და მომლოცველები უდაბნოს მონასტერში ვერ შედიან – ასეთია დავით გარეჯის დღევანდელი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, რომ ვითარება შეიცვლებოდა და უახლოეს დღეებში სიტუაცია დაუბრუნდებოდა ძველ რეჟიმს, ვითარება არ შეცვლილა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სალოცავამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილი აქვთ.

საქართველოს ხელისუფლება კი, ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეიფორიაშია და ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს დაირღვეს ვინმეს საკუთრების უფლება. თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, როგორ არღვევენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველი სასულიერო პირების და მომლოცველების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად, დოკუმენტალურად ეს არის საქართველოს ტერიტორია, აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ცდილობენ ეს მდგომარეობა შეცვალონ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი „ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა. როგორც ხალაფოვი ამბობს, კულტურულ–რელიგიური და სხვა არასამართლებრივი ფაქტები არ შეიძლება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საფუძველი გახდეს.

„მონაკვეთი, რომელიც მოიცავს გამოქვაბულების კომპლექსს კეშიკჩიდაგს (დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელი), ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით და გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობით აზერბაიჯანის კუთვნილებაა. ეს ასევე ტოპოგრაფიულ რუკებშიც არის ასახული, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დამტკიცებული ჯერ კიდევ 1963 წელს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორივე მხარის მიერ იყო აღიარებული როგორც ადმინისტრაციული საზღვარი.

ამიტომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე დავაზე, ან პრეტენზიებზე ამ მონაკვეთის გარშემო ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. ამავე დროს ეს მონაკვეთი, ისევე როგორც სხვა შეუთანხმებელი მონაკვეთები, უნდა შეთანხმდეს დელიმიტაციის ჩარჩოებში, რაც უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში სახელმწიფო საზღვრის შესახებ და ორი სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწეროს“, – განაცხადა ხალაფ ხალაფოვმა.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 14 ივლისს მომხდარი ფაქტი, ეს იყო აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე „თავდასხმა“, რაც მისი თქმით, იყო პროვოკაციული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი ადამიანთა ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. შესაბამისად, ხალაფოვს მიაჩნია, რომ „ამ პროვოკატორებისა და დანაშაულებრივი ელემენტების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოშვებაზე ქართველმა მესაზღვრეებმა თავისი უმოქმედობით პასუხი უნდა აგონ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

აზერბაიჯანელი დიპლომატის მოთხოვნაზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სანამ დავით ზალკალიანის უწყება ვითარებაში გაერკვევა, დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტის კირიონ ონიანის განცხადებით, არათუ სამართლებრივი რეაგირება არ უნდა მოხდეს, არამედ აზერბაიჯანულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს საკუთარი მესაზღვრეების ქმედებისთვის.

„ჩვენი სიწმინდეები გამოიტანაეს, ხატები დაყარეს ბილიკზე და ამ ადამიანებს რომ არ ენახათ, ან ქარი წაიღებდა, ან წვიმა ჩარეცხავდა ხევში. რაზეა საუბარი?! როდესაც მათ სიწმინდეს შეურაცხყოფა მიაყენეს მთელი მუსულამნური სამყარო ამხედრდა, მათ შორის აზერბაიჯანშიც გამოვიდა ხალხი. არასწორია, არ შეიძლება სიწმინდეს შეეხო. ასევე ვითხოვთ ჩვენც, ელემენტალური კულტურაა, რომ პატივისცემით მოეპყრო ჩემს სიწმინდეს და კულტურას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მამა კირიონ ონიანი.

როგორც არქიმანდრიტი ამბობს, აზერბაიჯანის სტრატეგიაა თავისად დაიმტკიცოს მონასტერი უდაბნო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ აზერბაიჯანი მოლაპარაკების საერთაშორისოდ აღიარებულ და მიღებულ სტანდარეტებს არღვევს და გადადის არაკეთილმეზობლურ, არასაერთაშორისო ნორმებად აღიარებულ ქმედებაზე.

„უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში, რომ მერე ღმერთმა არ ქნას და, რამე რომ მოხდეს, საქართველოს სახელმწიფოს იურიდიულ დონეზე ჰქონდეს დოკუმენტაცია იმისა, რომ მრავალჯერ ითხოვდა ამ საკითხის მოგვარებას. ისევ არ წარმოჩინდეს ისე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის დამნაშავე, აგრესორი, დამწყები მიზეზი, რაც ჩვენ დაგვემართა იგივე ცხინვალთან და აფხაზეთთან მიმართებაში. რუსს საშუალება არ უნდა დარჩეს გედავოს.

საერთოდ, ჰეიდარ ალიევი საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, მან ისე დაალაგა ვითარება, რომელიც მთლიანად გამორიცხავდა კონფრონტაციას. იცოდა, რომ აზერბაიჯანი–საქართველოს მეგობრობა იყო აუცილებელი, უფრო მეტად აზერბაიჯანისთვის, რომ ეს ქვეყანა კეთილდღეობით განვითარდეს და ამიტომ, 1995 წელს ხელი მოეწერა, რომ საზღვარი ჩვენს შორის გავლებულიყო 1938 წლის რუკის მიხედვით, ეს არ იყო შემთხვევითი ნაბიჯი. აწონ–დაწონა ყველაფერი, სად იყო ჩვენი საკვანძო ქართული ინტერესები, რომ მას არ შეხებოდა“, – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

მისი თქმით, შესაძლოა ილჰამ ალიევს ხელიდან გაექცა პროცესები, ან კარგად არ აკვირდება პროცესებს. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, აზერბაიჯანში იცვლება ჰეიდარ ალიევის მიერ წარმოებული გაწონასწორებული, მეზობლობაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ნელ–ნელა ისეთ რელსებზე გადადიან, რომ მოდიან კონფრონტაციაში.

„თუ ასე გააგრძელებენ მოგვიწევს აზერბაიჯანის ოკუპანტებად აღქმა. ვურჩევდი მოქმედ პრეზიდენტს და აზერბაიჯანის მოსახლობას, რომ კარგად დაუკვირდნენ ამას. პრობლემები აქამდე არ გვქონია. ჰეიდარ ალიევი წავიდა თუ არა, დაიწყო ეს პრობლემები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორს. დღევანდელი აზერბაიჯანის პოლიტიკა ნელ–ნელა იღებს აგრესიულ სახეს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და ეს თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ, ის ჩვენთვის ჩამოყალიბდება ჩვეულებრივ ოკუპანტ სახელმწიფოდ, როგორიც არის რუსეთი, არა იმხელა მასშტაბში, არა იმხელა მავნე აგრესიით, მაგრამ - ოკუპანტად. ეს არის რეალობა“, – განმარტავს არქიმანდრიტი კირიონი.

მამა კირიონი არ იზიარებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ აზერბაიჯანი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ინვერსტორი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება.

„არასერიოზული საუბარია. ჩვენ რომ ჩამოყალიბებული, სტრატეგიულად მიზანმიმართული ერი ვიყოთ, საქართველოს მოსახლეობამ ასეთი ხელისუფლება არა თუ უნდა ჩამოაშაროს მართვის სადავეებს, არამედ სამართლებრივად უნდა აღძრას მასზე საქმე და პასუხი აგებინოს.

ხელისუფლება გეუბნება იმას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შეეწიროს გაზის მიღებას აზერბაიჯანიდან. მაშინ რისთვის ვგიჟდებით ამ რუსულ გაზზე ვერ ვხვდები?!. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა რუსეთთან მეგობრობას და ვითონ ჩვენს სურვილებს, რომ ვყოფილვიყავით კარგი მეზობლები, იქნებ გამოსწორებულიყო რუსეთი. დალაგებულ ქვეყანაში ხომ არ შეიძლება ასეთი რამ ილაპარაკო?!“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ნელი მოქმედების ნაღმად განიხილავს და აცხადებს, რომ საბჭოთა ნაღმები იყო ჩადებული სწორედ იმიტომ, რომ ისინი აფეთქებულიყო მაშინ, როცა ვინმეს დასჭირდებოდა დავის გამწვავება.

„ასე რომ, ვინც დღეს პროცესებს ამწვავებს, ის მაშინ ჩადებული საბჭოთა სცენარით მოქმედებს. ამიტომ ძნელია პოლიტიკურ გეგმაზე ლაპარაკი, როცა ფიგურირებს აზერბაიჯანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს პარტნიორი ქვეყანა არის, მაგრამ აზერბაიჯანის გარდა, შეიძლება გარკვეულ გამწვავებას სხვებიც უწყობდნენ ხელს. იმიტომ რომ, გამწვავებამ რაღაცა შედეგები შეიძლება გამოიღოს.

შიშს კი აქვს დიდ თვალები და ჩვენ სულ გვეშინია, რომ რაღაცა ხიფათში არ ვიყოთ ჩართული, ეს შიშიც ბუნებრივია, მაგრამ რა თქმა უნდა, დავით გაერეჯოს სამონასტრო კომპლექსი ასე ადვილად გასაწირი არ არის. ბუნებრივია, უნდა მოიძებნოს საერთო წერტილები. აზერბაიჯანისთვისაც რთული იქნება ხელის აღება ამ ტერიტორაზე, რადგან ერთ ხანს იყო მის განკარგულებაში და საქართველოსთვის ურთულესი იქნება მისი ისტორიული ადგილების დათმობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ თუ ვერ ხერხდება პოზიების დაახლოება, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ არ მოხდეს ამ საკითხის იმდენად აქტუალიზაცია, რომ ორ ქვეყანას შორის გაფუჭდეს ურთიერთობები.

„ჩვენ უნდა გავაგებინოთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ დავით გარეჯი არ არის ჩვენთვის მხოლოდ ისტორია, ისტორიული წარსული. დავით გარეჯი ჩვენთვის არის, როგორც ისტორიული–კულტურული ძეგლი, ასევე დღევანდელი სასულიერო და რელიგიური ძეგლი, სადაც მორწმუნეები მიდიან და ლოცულობენ. ეს ხომ არის 13 ასურელი მამითაგან ერთ–ერთი ძეგლი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ტერიტორია იყოს ჩვენი, იმიტომ, რომ ჩვენია.

აქ არ არის კვადრატულ კილომეტრებზე საუბარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავაგებინოთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ დავით გარეჯი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული წარსული, არის რელობა, დღევანდელობაც ჩვენია დავით გარჯის. ამიტომ, მოლაპარაკებები არის აუცილებელი, მაგრამ პრინციპული მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის, რომელიც მიმართული იქნება პრინციპული საკითხების გადაჭრისაკენ და არა დაპირისპირებისაკენ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ბევრი შეეცდება, რომ ეს თემა გამოყენებული იქნას დასაპირისპირებლად, რაც არ უნდა დაუშვან და არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ დავით გარეჯის თემა გამოყენებული იქნას დასაპირისპირებლად.

„აზერბაიჯანული მხარე არგუმენტად იყენებს იმას, რომ ეს არის ალბანური ნაწილი. თუნდაც, დავუშვათ, რომ ალბანურია, აზერბაიჯანული ძეგლი მაინც არ არის. ის, რომ ეს ალბანური ძეგლია, არის სადავო. გარეჯი არის ერთიანი კომპლექსი და არ შეიძლება იქ ერთი ნაწილი ალბანური იყოს და ნაწილი ქართული. ამიტომაც, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს კომპლექსი ალბანურია და ამიტომ უნდა იყოს აზერბაიჯანის, საკმაოდ სუსტი არგუმენტია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

trampi ნიკო ლორთქიფანიძე – “იყიდება საქართველო”



იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!





საქართველოს ჩივილი

.....................................
......................................
..................................... ......................................
გამწიეს და გამომწიეს ჩამომკიდეს ცხენზედაო....
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შეწვით ცეცხლზედაო,
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი ერბოს ალზედაო,
დახედეთ ამ მამაძაღლებს, რა ყოფა ააქვთ ჩემზედაო,
ამარიგეს ჩამარიგეს, წვრილ წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვალს იმტვრევენ ჩემზედაო



....... დღევანდელ საქართველოზე ეს ლექსი ზედ გამოჭრილია
5 წლის უკან