„ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ“

„ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ“

მხარეს „რუსთავი 2“–ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს. რაც შეეხება გადაწყვეტილების ძალაში შესვლას, ერთადერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილების, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არის შეჩერების მექანიზმის მოხსნა. გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ვინაიდან „რუსთავი 2“–ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება იყოს ძალაში და ის არის მოხსნილი.


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და შვიდივე მოსამართლის ერთსულოვანი აზრია. შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ის დღეიდან არის ძალაში.


„გასაჩივრების პროცედურები არის შემდეგი – მხარეს გასაჩივრებისთვის 3 თვის ვადა აქვს. თუმცა, დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის. შუაში არსებობს ე.წ. ფილტრაციის კოლეგია, რომელიც ან დაუშვებს საქმეს განსახილველად დიდ პალატაში, ან არ დაუშვებს.


გახსოვთ, რომ ჩვენ ასე გავასაჩივრეთ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ და ეს საქმე მოხვდა იმ 3 თუ 4 პროცენტ საქმეებში, რომელიც ფილტრაციის კოლეგიამ დიდი პალატის განსახილველად დაუშვა. პროცედურა აქაც იქნება იგივე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს დიდი ოთხეულიდან მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. „რუსთავი 2“–ის ინტერესების დამცველი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მათთვის მოულოდნელი იყო, რომ სტრასბურგის სასამართლომ არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, ასევე ის, რომ „რუსთავი 2“ მხარედ საერთოდ არ იქნა ცნობილი ამ დავაში. როგორც ადვოკატი აცხადებს, გასაჩივრების მექანიზმს აუცილებლად გამოიყენებს და გადაწყვეტილების ნაწილს დიდ პალატაში გაასაჩივრებენ.


„გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რომელზეც სასამართლომ თქვა, რომ არ იქნა დარღვეული კონვენცია, ეს არის მე–6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში. დიდ პალატაში როდესაც გავასაჩივრებთ, თუ დადგინდა, რომ დარღვეული იქნა მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეები, მათ შორის ურთმელიძე და სხვები არ იყვნენ მიუკერძოებლები, ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შანსები დიდია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.


ასე არ თვლის იურისტი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომლის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით. მისი თქმით, საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომლებიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.


„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ეს ასე არ არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად.


საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ. ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით. ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს“, –აღნიშნა ოთარ კახიძემ.


საყოველთაო მობილიზებას აცხადებს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები.


„მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას.


ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თავის მხრივ, „რუსთავი 2“–ის დათმობას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ეჭვი არ შეაქვს ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებაში, თუმცა ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება.


„უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მხარდამჭერებისთვის და საქარათველოს ყველა მოქალაქისთვის ვინც სიტყვის თავისუფლებას თვლის უპირველეს ღირებულებად ბრძოლა გრძელდება და ჩვენ „რუსთავი 2“– ს არავის არ დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლებას. არაფერი არ არის დასრულებული, სანამ ყველაფერი დასრულებული არ არის. იქამდე არაფერი არ დასრულდება, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ შევწყვეტთ იმ უმსგავსობას, რომელიც ამ სახელმწიფოში ხდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას ინფორმაციით, „რუსთავი 2“–ში „პირველი არხიდან“ დესანტის გადასხმა იგეგმება. როგორც უგულავამ აღნიშნა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ პროცესში მისი თქმით, ჩართულია ვასილ მაღლაფერიძე, რომ ნაწილი, ვინც არ მოსწონს, ან ვინც შეიძლება უფრო მეტად სანდოდ მიაჩნია ხელისუფლებას, დესანტირებული იყოს „რუსთავი 2“–ში.


„ვასილ მაღლაფერიძე, როგორც საზიზღრული ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმომადგენელი ჩართულია ამ პროცესში. ორ კვირაში დაინახავთ მიგრაციას და კითხვები აღარ გექნებათ. გამოვრიცხავ, რომ ეს დეზინფორმაცია იყოს, ვინაიდან ვიცი, ეს 100%–ით. თქვენ თავად ნახავთ, რომ ორ კვირაში იმუშავებენ მათ შორის პირველი არხიდან დესანტირებული ადამიანები“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ გაიმარჯვა საქართველომ.


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს. ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ „რუსთავი 2“–თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.


სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“–ის დე ფაქტო მფლობელები ქვეყანას განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ. მისი თქმით, ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ყველა პრობლემას მოხსნილად ჩათვლის. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ხალვაშის სამართლებრივი გამარჯვება ქვეყნის პოლიტიკურ მარცხად არ უნდა იქცეს.


„ამისათვის საჭიროა აღსრულებითი თუ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამდე 3–4 თვიანი პაუზის აღება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალური ახსნა-განმარტება და საქმეში ჩართულ მხარეებს შორის კომპრომისების ძიება ახალი სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით. როგორმე ქვეყანა პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებამდე უნდა მივაგოროთ, რათა ბევრ ასეთ სამართლებრივ–პოლიტიკურ–მორალურ ჭაობს თავი სამუდამოდ დავაღწიოთ!“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.