ქალაქში ჭორი გავრცელდა, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას 25-ათასლარიანი წითელი ჯიპი სულ დაუკაწრეს და ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენესო. ამ ყველაფერს ზოგიერთი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მის მეგობრობას უკავშირებს. ჭორი ლელას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან გადავამოწმე.
- კახა, გავიგე, რომ ლელას მანქანა თქვენივე სახლის წინ დაკაწრეს...
- ეს ამბავი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ჩვენს მანქანასთან ერთად კიდევ რამდენიმე მანქანა გააფუჭეს. ზოგი დაკაწრეს, ზოგს საბურავი დაუჭრეს. ლელას მანქანას ვიღაც ავადმყოფმა დანით შემოუარა და დახაზა. "კაპოტიც" გააფუჭეს.
- როგორც ვიცი, ეს ამბავი ყიფშიძის ქუჩაზე, ვარსკვლავების სახლთან მოხდა. დანარჩენი მანქანებიც ალბათ მომღერლებს ეკუთვნოდათ.
- ყიფშიძეზე მოხდა, მაგრამ დანარჩენი მანქანები მომღერლების არ იყო.
- თქვენი აზრით ეს ამბავი პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება? ისიც გავიგე, რომ ბენზინგასამართ სადგურზე ლელას შეაგინეს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ლელას ასე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ახლობლობის გამო მოექცნენ.
- ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა მანქანის გაფუჭება პოლიტიკას, იმიტომ, რომ არც კი ვიცი, ვინ ჩაიდინა. რამდენი რამ გაგიგიათ (ეღიმება).
- ე.ი. ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ამბავიც მართალია?
- კი, და ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია.
- იმ ადამიანმა ბოდიში მოიხადა?
- თქვენს ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ.
- იმასაც ამბობენ, რომ ამ ამბებმა ლელა დეპრესიაში ჩააგდო...
- გულსატკენია, ადამიანი ჩუმად რომ გიფუჭებს მანქანას. ეს მშიშარა კაცის პოზიციაა. ბენზინგასამართ სადგურზე კი ის კაცი ნასვამი იყო და ზოგადად არსებულ სიტუაციას ლანძღავდა. უბრალოდ, იმ მომენტში ლელაც იქ იმყოფებოდა. ლელა დეპრესიაში არ არის. როგორც წესი, ჩუმად რომ აფუჭებენ რამეს, ის ადამიანები არიან ხოლმე დეპრესიაში და ისინი ძალიან მეცოდებიან.