უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ, რაც ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
მერაბ ტურავას თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არავითარი მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს, გააკეთოს ისეთი განცხადება, თითქოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. ყოფილი მოსამართლე კონსტანტინე კუბლაშვილს 2005 წლის შემოდგომაზე მის სამუშაო ოთახში მათ შორის შემდგარ საუბარს ახსენებს, კერძოდ, თუ როგორ აიძულებდა იგი მოსამართლეებს, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
მანვე კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლის, ლალიაშვილის ისტორიაც გაიხსენა, რომელსაც ბრემენში ყოფნის დროს კუბლაშვილი ურეკავდა და აიძულებდა, განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო. მისივე თქმით, იყვნენ მოსამართლეები, რომლებმაც დაწერეს განცხადება და წავიდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ სიმართლეში და განცხადება არ დაწერეს.
დღეს უკვე For.ge-სთან საუბარში ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის იმ უკანონო ფაქტებს იხსენებენ, რაც თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს სამხილი ამ სისტემის მესვეურთათვის.
ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მერაბ ტურავა პროკურატურისთვის მიმართვას მართლაც აპირებს, რათა წლების წინ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები გამოძიებულ იქნას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კოტე კუბლაშვილის განცხადება, რომ თურმე სასამართლო კორპუსზე ზეწოლა ხორციელდება, ნინო გვენეტაძისთვის უპასუხისმგებლობად აღიქმება. მისი თქმით, საზოგადოებას და, მათ შორის, ადვოკატებსაც ვერავინ აუკრძალავს კონკრეტულ საქმეებზე მსჯელობას და გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვის შეტანას. უფრო მეტიც, ზუსტად ასეთი აქტიური საზოგადოება აჯანსაღებს პროცესებს და მათი კრიტიკა სასარგებლო იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის.
ამდენად, ყოფილი მოსამართლის აზრით, საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან, დასაშვები კრიტიკა მოითმინონ და მათ არავინ უნდა დაეხმაროს ამ კრიტიკის გასანეიტრალებლად.
„კოტე კუბლაშვილის განცხადება, თითქოს მოსახლეობის 85% სასამართლოს მხარს უჭერს, უკომენტაროდ უნდა დავტოვოთ, რადგან აქ რაციონალურ აზრს ვერ ვიპოვით. იგი არ ასახელებს, თუ ვინ ჩაატარა კვლევა და დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა. ამდენად, ყველანი მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს შიდა რესურსით ჩატარებული კვლევა და ისინი თვითკმაყოფილების რიტუალში არიან. როცა ამდენი ადამიანი სასამართლო პროცედურებს ხელახლა ელოდება, ასევე, მოუთმენლად ელოდებიან ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რეალურად სწორედ ეს არის ჩვენი სასამართლოს „დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის“ პროცენტული მაჩვენებელი. ამიტომ განცხადება, თითქოს მოსამართლეთა კორპუსი ზეწოლის ქვეშაა, არასწორია. ერთი კია, ახლა ბატონ კოტეს ვალდებულება აქვს, იქამდე შეინარჩუნოს მოსამართლეთა მორჩილი კორპუსი, სადამდეც ეს შესაძლებლად მიაჩნია. ამიტომ მათ გასამხნევებლად მათივე დამცველად მოგვევლინა, ნუ შეშინდებით, ჩვენ მხარს დაგიჭერთო“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
თუმცა საქართველოს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ნინო გვენეტაძე ეჭვობს, რომ კოტე კუბლაშვილის მოწოდება მოსამართლეთა კორპუსისთვის დამაჯერებელი იყოს. მისი ინფორმაციით, მოსამართლეთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მათ არაფერი ჩაუდენიათ, მიიჩნევს, რომ შეუძლიათ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელება, მოსამართლეთა მეორე ნაწილი კი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილების გამო შიშის გრძნობითაა შეპყრობილი და პასუხისმგებლობის მოლოდინშია, შეიძლება, არაადექვატურიცაა.
„ამის მიუხედავად, კოტე კუბლაშვილი თავისას ცდილობს. ის უწყების ხელმძღვანელია, ყველა ადმინისტრაციული ფუნქციის მქონეა და ვალდებულია, მორჩილ კორპუსს ისევ მორჩილებისკენ მოუწოდოს“.
ამასთან, ნინო გვენეტაძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა კოტე კუბლაშვილის ამ სისტემაში მოსვლისთანავე ოპტიმიზმით იყო განწყობილი, ფიცის ტექსტიც კი მიურბენინა, რომ კუბლაშვილს ერთგულად დაედო ფიცი მოსამართლეთა წინაშე, თუმცა მუშაობის პირველსავე დღეებში გამოიკვეთა მისი მიმართულება, რომ იგი პოლიტიკურად მანიპულირებადი იყო და მას სასამართლოში პოლიტიკური ნება უნდა გაეტარებინა. ამას კი, როგორც შეეძლო, ისეთი მეთოდებითა და ფორმებით ახორციელებდა. თუმცა ძალიან ხშირად თვითონვე უსუსურ და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა.
„ფაქტია, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, პოლიტიკურ კონიუნქტურას მომსახურებოდა და არასასურველი მოსამართლეებისგან გაეთავისუფლებინა ეს სისტემა“, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
For.ge-სთან საუბრისას ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ ის კონკრეტული საქმეები გაიხსენა, როცა მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო.
- 2005 წელს, ჩემს, ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ კონსტანტინე კუბლაშვილმა უკანონო მოქმედები განახორციელა. ზოგიერთმა მოსამართლემ განცხადება ნებაყოფლობით დაწერა, მაგრამ ჩვენ არ დავწერეთ, ამიტომაც ჩვენს წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა უსაფუძვლოდ განხორციელდა და მოსამართლის თანამდებობიდან გაგვათავისუფლეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთელი ორი წლის განმავლობაში, ჩვენს მიმართ არავითარი ღონისძიება არ განხორციელებულა, ჩვეულებრივად ვაგრძელებდით მუშაობას, მაგრამ მოგეხსენებათ, სასამართლო სისტემა ასეთია, საქმეები იხილება ჯერ პირველ ინსტანციაში, შემდეგ აპელაციაში, ბოლოს - კასაციაში; ამიტომ დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა უზენაეს სასამართლომდე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას, რომელთა მიმართაც ხელისუფლებას გარკვეული ინტერესი ჰქონდა. მათ შორის, სულხან მოლაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე და სხვა საქმეებზე. 2005 წლის ზაფხულში ჩვენ გამოვიტანეთ სამი გამამართლებელი განაჩენი. ეს იყო პირველი ნაკადი იმ საქმეების, რომლებიც უზენაესში შემოვიდა და ახალ ხელისუფლებას მათ მიმართ ინტერესი ჰქონდა. მანამდე აღმკვეთი ღონისძიები, პატიმრობები თუ სხვა გადაწყვეტილებები ქვედა ინსტანციებში მიიღებოდა.
რომელ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით გამოვლინდა ხელისუფლების ინტერესი?
- ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო მესაზღვრის, ვინმე ჯაშის საქმე, რომელიც დააპატიმრეს მაშინ, როცა ზურაბ ადეიშვილი ჯერ კიდევ უშიშროების მინისტრი იყო. ჰყავდათ ბრალდების ცრუ მოწმე, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მაშინ პროკურორი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ, მართალია, ამ კაცს დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოგვეტანა.
ვინ იყო პროკურორი?
- კონკრეტულად ვინც მოვიდა პროცესზე, აღარ მახსოვს, რადგან რამდენიმე რიგითი პროკურორები გამოდიოდნენ, მაგრამ ამ ადამიანმა ზურაბ ადეიშვილის სახელით გვთხოვა, რომ ამ პიროვნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვეტანა, თუნდაც დაბალი სასჯელით. ჩვენ ამაზე კატეგორიული უარი ვუთხარით; ასევე, იყო მეორე საქმე, „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი, ვინმე ოქრუაშვილი გორიდან, რომლის მიმართაც მაშინდელ შს მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, პერსონალური პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ამ კაცს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელზეც საპროცესო საქმე გაფორმდა. მოგვიანებით ჩვენ გავაუქმეთ ეს საპროცესო შეთანხმება, რადგან იგი უკანონოდ ჩავთვალეთ. ასევე, ექვსკაციან პირთა ჯგუფი გავათავისუფლეთ პატიმრობიდან იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ იყო. ამის შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში მოდიოდა სულხან მოლაშვილის საქმე, რომელიც ჩვენსავე შემადგენლობას უნდა განეხილა. ზუსტად ამ პერიოდში ზურაბ ადეიშვილმა პრეზიდენტს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ჩვენ კონტრრევოლუციას გვიწყობენ და ჩვენი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენო.
საუბარია თქვენზე და ნინო გვენეტაძეზე?
- სულ ოთხნი ვიყავით, რომლებმაც არ დავწერეთ განცხადება. საკასაციო ინსტანციიდან საუბარია ჩემზე, ნინო გვენეტაძეზე, მურმან ისაევზე, ხოლო თამაზ ილიაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიიდან. ამის შემდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჩვენს წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ჩვენი ბრალმდებელი იყო ნიკა გვარამია. წარმოიდგინეთ ახლა, იგი პოლიტიკური ფიგურა იყო, ხოლო ჩვენი ერთ-ერთი მსაჯული, რომელმაც ჩვენი საქმე განიხილა, გადაწყვეტილება მიიღო და სამსახურიდან გაგვათავისუფლა, იყო ნინო კალანდაძე.
ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე?
- დიახ, იგი მოგვიანებით გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მანამდე კი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრი. ისიც პოლიტიკური ფიგურა იყო. სხვათა შორის, ნინო კალანდაძეს არც დაუმალავს და გვითხრა კიდეც, თქვენს მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომაც ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებასო. რა თქმა უნდა, ჩვენ დისციპლინარული სამართალწარმოება გავასაჩივრეთ და ჩვენი საჩივარი სტრასბურგშია. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, კოტე კუბლაშვილი ჩვენგან ისეთი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვდა, როგორიც პროკურატურის ინტერესებში ჯდებოდა და, როგორც პროკურორს უნდოდა. ახლა სხვადასხვა საქმეში მონაწილე ყველა ადამიანის სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ ამ საქმეებზე წინააღმდეგობას ვუწევდით. მახსოვს, პარასკევი საღამო იყო და მაშინდელი მთავარი პროკურორი თვითონ მოვიდა უზენაეს სასამართლოში. უშუალოდ მე არ შემხვედრია და ჩემთან არ უსაუბრია, მაგრამ კუბლაშვილის კაბინეტში ორი-სამი საათი მიმდინარეობდა საუბარი ამ თემებზე. მეორე-მესამე დღეს კუბლაშვილი გონებადაკარგული და ფერწასული იყო, რომ ასე მოითხოვს პროკურატურა და რა ვქნათ, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებულიო. ამის მიუხედავად, ჩვენ ზემოხსენებული გაზეთის რედაქტორის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. როცა კუბლაშვილი ვნახეთ, იგი გაფითრებული იდგა, რადგან არ იცოდა, მთავარი პროკურორისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის რა ეთქვა ამის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ კონტრრევოლუციონრებად შეგვრაცხეს.
ადეიშვილი უზენაეს სასამართლოში ხშირად მოდიოდა?
- ადეიშვილი თავისი მანქანითა და დაცვით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად არა, მაგრამ, როცა მნიშვნელოვანი საქმეები იყო და ჩვენ არ ვემორჩილებოდით მათ პოლიტიკურ ნებას და არ ვიღებდით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას... ამის შემდეგ კუბლაშვილი მასთან თავს იმართლებდა, ეს მოსამართლეები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, მე რა ვქნა, ხელებს ხომ ვერ დავუკავებ და გადაწყვეტილებაზე ხელს ძალით ხომ ვერ მოვაწერინებო?! ასე რომ, ჩვენი საქმეების გარჩევა მიმდინარეობდა. ვერ გეტყვით, პრეზიდენტს რა უთხრეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სააკაშვილს აცნობეს, თითქოს ჩვენ სისტემის მოწინააღმდეგენი ვიყავით, რომ მათ წინააღმდეგ ვმოქმედებდით, ჩვენ არ გვესმოდა ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მისაღები. სხვათა შორის, ერთ-ერთ უცხოელ ექსპერტს, რომელთანაც კარგი მეგობრობა ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობის დროიდან ჰქონდა ადეიშვილს, მან ისიც უთხრა და იმის თქმაც კი გაბედა- ტურავა და გვენეტაძე ყველა საქმეზე მტკიცებულებას მოითხოვენ და კანონის მუხლებით მსჯელობენო; ასე რომ მივუდგეთ ჩვენ საქმეებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერავის მივცემთ და მაშინ ყველა პატიმარი გასაშვები გვეყოლებაო. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მიმართ ორი წლის განმავლობაში არავითარი ზეწოლა არ ხორციელდებოდა.
როგორც კი საქმეთა მასა, დინება მოაწვა უზენაეს სასამართლოს, მაშინ დაიწყო ზეწოლა. განსაკუთრებით, პრობლემატური იყო სულხან მოლაშვილის საქმე, რადგან იგი ჩვენს შემადგენლობას უნდა განეხილა. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ორი შემადგენლობა იყო: ერთ შემადგენლობას უკვე აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გაგრძელებაზე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ კი უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება მოლაშვილის საქმეზე - მე, ქალბატონ ნინოს და კიდევ მესამე მოსამართლეს.
ვინც აპელაციაში განიხილა სულხან მოლაშვილის საქმე, ერთ კვირაში მათგან ორი მოსამართლე დააწინაურეს და უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, ერთი პალატის თავმჯდომარედ და მეორე, - უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის წევრად, რადგან მათ საქმე ტენდენციურად განიხილეს. წამების ფაქტები იყო, პრობლემები იყო მტკიცებულებებში და პროკურატურამ ზაზა მეიშვილს პირდაპირ წაუყენა ასეთი მოთხოვნა, შენ თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, მაშინ საერთოდ დატოვებ სასამრთლო სისტემას. ამიტომ მან კიდევ ორ მოსამართლესთან - ოშხერელთან და ჭანტურიძესთნ ერთად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. იმასაც კი არ დაელოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება უზენაესში გასაჩივრებულიყო და მერე დაეწინაურებინათ. ხელისუფლებას ისე მოეწონა მათი საქციელი, ისეთი გახარებულნი იყვნენ მათ მიერ გამოჩენილი „გმირობით“, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში უზენაესში გადაიყვანეს და ზაზა მეიშვილი უკვე პალატის თავმჯდომარის რანგში დახვდა მის მიერვე იქ მიღებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პალატაში მას არ განუხილავს საქმე სამკაციანი შემადგენლობით, მაგრამ მორალურად ეს ისედაც მიუღებელია და უზენაესის მოსამართლეები, ნებით თუ უნებლიეთ, მაინც მოერიდებოდნენ მას.
სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ნუნუ კვანტალიანი განსხვავებულ, ანუ სამართლიან აზრზე დარჩა. თუმცა ორმა მოსამართლემ მოლაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. საერთოდ, ადეიშვილმა ისეთი დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომ უზენაესი სასამართლოს პალატის ყველა თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები, ყოფილი პროკურორები დანიშნა თანამდებობებზე. სასამართლო ხელისუფლებაში მან პროკურორები დანიშნა, რათა მათ არ დასჭირვებოდათ ყოველდღიური სატელეფონო საუბრები სასამართლოსთან და უშუალოდ ემართათ ეს სისტემა. 2006 წლამდე ასეთი წესი არ არსებობდა, აკრძალული იყო და ყოვლად წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც ყოფილიყო და ადეიშვილის მოადგილედ მოგვლინებოდა.
თქვენ აცხადებთ, რომ კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებთ.
- სარჩელი ჯერ არ შეგვიტანია. როცა შეიქმნება ახალი მთავარი პროკურატურა, თავისი ახალი სისტემით, მაშინ შევიტანთ. დღემდე აზრი არ ჰქონდა ამის შეტანას და არავითარი რეაგირება არ ექნებოდა; დაგვცინებდნენ კიდეც.
გაქვთ იმედი, რომ ის პროკურორები, რომლებიც ოდესღაც სხვის დავალებას ასრულებდნენ, ახლა სამართლიან განაჩენს გამოიტანენ?
- ვფიქრობ, რომ პროკურატურას პოლიტიკური და პროკურორული წნეხი რომ მოეხსნება, ეს ძალიან დიდი პლუსი იქნება. დანარჩენი, ახლა ყველა ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას?
- პარლამენტს აქვს ინიცირების უფლება დეპუტატთა არანაკლებ ერთი მესამედის მონაწილეობით. შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება (არა როგორც პრეზიდენტის შემთხვევაში, ორი მესამედით, არამედ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თეორიულად ეს იმპიჩმენტი შესაძლებელია, მაგრამ, პრაქტიკულად, ამის შესახებ ჯერ დასკვნა უნდა დაიწეროს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტიტუცია დაარღვია ან სისხლის სამართლის დანაშული ჩაიდინა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით დასრულდეს.
მანამდე ვერ შეეხებიან, როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი?
- თანამდებობიდან მის გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურაა საჭირო. იმპიჩმენტი კი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რამდენ ხანში გამოკვეთს პროკურატურა მის ბრალდებას ან კონტიტუციის დარღვევას. ამიტომ ზუსტ დროს ვერ მოგახსენებთ.