დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე, რომელმაც ჟურნალისტებს გააცნო ის ვითარება, რის გამოც 2009 წელს მას კომპანიის წილის დათმობა მოუწია. სანადირაძის განმარტებით, კომპანიის მესაკუთრეების ბედი ხელშეკრულებით რეგულირდება, ამ ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია და ამის შესახებ დეტალურად საუბარი მისი მხრიდან უხერხული იქნებოდა. ამიტომ „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად და რა პირობებით გასხვისდა მისი წილი, ამასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი ამ ეტაპზე მას არ შეუძლია. თუმცა მან განმარტა, რომ თავდაპირველად მას კომპანიის 80%-იანი წილი ჰქონდა, 20%-ის მესაკუთრე კი იყო და დღესაც არის ბრიტანული კომპანია „ჯი-ემ-ელი“. სანადირაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ „კავკასუს ონლაინისთვის“ ხელოვნურად შექმნილი გარკვეული პრობლემების გამო იგი იძულებული იყო კომპანიის ჯერ 50%-იანი წილი გაეყიდა, შემდეგ კი მყიდველთან გარკვეული ხელშეკრულება გაფორმდა დარჩენილ 30%-იან წილთან დაკავშირებითაც, თუმცა სანადირაძის განმარტებით, მართალია კომპანიის წილები მყიდველებს უკვე გადაფორმებული აქვთ, მაგრამ მის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მათთვის კომპანიის გადაცემა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
მამია სანადირაძის განცხადებით, „კავკასუს ონლაინი“ მზარდი და ძალიან პერსპექტიული კომპანია იყო, რომელიც მას 2000 წლიდან ეკუთვნოდა და რომლის განვითარებასთან დაკავშირებითაც სერიოზული გეგმები არსებობდა და შესაბამის მხარეებთან კონკრეტული მოლაპარაკებებიც იყო დაწყებული.
„მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას წარმოადგენდა „კავკასუს ონლაინი“ და მისი გასხვისების შემდეგ როგორ მოხდა კომპანიის დანგრევა. ეს კომპანია 2000 წელს შევიძინე და იმ დროისთის მას სულ 5000 აბონენტი ჰყავდა. გავაკეთე ინვესტირება, 2000-დან 2009 წლამდე დიდი დრო გავიდა, საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი ნოვაცია დავნერგეთ. მოგეხსენებათ, მანამდე ინფრასტრუქტურულად რუსეთსა და თურქეთზე ვიყავით მიბმულები, რაც ზოგადად საქართველოს ინფორმაციული განვითარებისთვის ძალიან შემაფერხებელი იყო. ამიტომ შავ ზღვაში გავიყვანეთ კაბელი, რომლითაც საქართველოს ინფრასტუქტურა ევროპას მიუერთდა. ეს პროექტი ორმოცი მილიონი დაგვიჯდა. ამან საშუალება მოგვცა გაგვეზარდა ნაკადები და საქართველოში ინფორმაციას ძალიან დიდი სისწრაფით ედინა. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომხმარებლისთვისაც დიდი სიჩქარის ინტერენეტი მიგვეწოდებინა, დავნერგეთ „ჯე-ლინკ“ სისტემა“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
მისი თქმით, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის შემდეგ კომპანიამ სომხეთშიც შეიძინა მაგისტრალური კაბელი, რომლითაც სისტემას უკვე ირანიც მიუერთა, ხოლო აზერბაიჯანთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება კასპიის ზღვაში კაბელის ჩადებასთან დაკავშირებით და დაგეგმილი იყო ევროპიდან შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთისთვის ინტერნეტის მიწოდება. სანადირაძის თქმით, „კავკასუს ონლაინს“ ძალიან ძლიერი პარტნიორები ჰყავდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება იყო გაფორმებული 35 მილიონიან კრედიტთან დაკავშირებით და ეს თანხა მთელი საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაქსელვას მოხმარდებოდა.
მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მის მიერ შავ ზღვაში გაყვანილ კაბელს საქართველოს უსაფრთხოების მხრივნაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა ქართულ ინტერნეტ-სივრცეზე კიბერშეტევა განახორციელა, ვინაიდან იმ დროისათვის ქართული ინფრასტრუქტურა უმთავრესად თურქეთთან იყო მიერთებული, ქართული ინტერნეტ-სივრცე დავირუსდა.
სანადირაძის განცხადებით, დღესდღეობით ეს შეუძლებელია, რადგან შავ ზღვაში გაყვანილი კაბელის გამტარობა ერთ ტერაბიტზე მეტია და შესაძლებელია, რომ სამომავლოდ მისი გამტარობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამდენად, სანადირაძე ამბობს, რომ „კავკასუს ონლაინი“ მზარდი და პერსპექტიული ორგანიზაცია იყო და მისი ბიზნეს-გეგმების თანახმად, 2014-2015 წლისათვის მილიარდიანი კომპანია უნდა გამხდარიყო.
ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანიაზე ხელისუფლების მხრიდან მასირებული შეტევა დაიწყო. კერძოდ, სანადირაძის განცხადებით, 2009 წლის გაზაფხულზე „კავკასუს ონლაინში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე ბორის მიტიჩაშვილი მივიდა და მოითხოვა, რომ „კავკასუსის“ ქსელში დაყენებულიყო აპარატი, რომელიც შსს-ს ყველა ელექტრონულ ფოსტაზე წვდომას მისცემდა და ყველა მიმოწერას დააკოპირებდა. ამაზე კომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენელს ამაზე გაეცინა და უთხრა, - თქვენი კონკურენტები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ და თქვენ რატომ ამბობთო უარს.
„ამით ყველაფერი დასრულდა და ეს შეხვედრა დამავიწყდა კიდეც, მაგრამ 2009 წლის სექტემბრიდან ჩვენს კომპანიაზე სერიოზული შეტევა დაიწყო. თავიდან ხდებოდა ჩვენი კაბელების გადაჭრა, ხოლო როდესაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ამ გადამჭრელებს იჭერდნენ, ისინი აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ხან მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, ხან „სილქნეტის“ თანამშრომლები და ხანაც რაიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები. როდესაც ჩვენი თანამშრომლები ამ ადამიანებს იჭერდნენ, მათ საპატრულო პოლიციას გადასცემდნენ, პატრული კი მათ უშვებდა“, - ამბობს სანადირაძე.
მისი თქმით, ამას დაემატა ის, რომ 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ოთხჯერ დააჯარიმა ისეთი უმნიშვნელო რაღაცეებისთის, რისთვისაც სხვა კომპანიებს მხოლოდ გაფრთხილებას აძლევდა ხოლმე. სანადირაძის განცხადებით, ერთ-ერთი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 270 000 ლარს შეადგენდა, კომპანიას იმის გამო დაეკისრა, რომ ოფისის მისამართი შეიცვალა და ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიას არ შეატყობინა.
აქვე სანადირაძე აღნიშნავს, რომ ამხელა ჯარიმა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაწესდა და დაეკისრა რუსულ ტელეკომპანია „ო-ერ-ტე“-ს იმისათვის, რომ ის აფხაზეთში უკანონოდ მაუწყებლობდა. მთლიანობაში სამი თვის განმავლობაში „კავკასუს ონლაინისთვის“ დაკისრებულმა ჯარიმებმა 660 000 ლარი შეადგინა.
მამია სანადირაძის განცხადებით, ამის პარალელურად კომპანიაში საგადასახადო შევიდა და ოთხ თვიანი შემოწმების შედეგად ვინაიდან ვერაფერი უკანონო ვერ იპოვა, „კავკასუს ონლაინს“ ბრალი დასდო იმაში, რომ ინტერნეტ მომსახურებას მომხმარებელს იაფად სთავაზობდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ დღგ-ს სახით 11 მილიონი ლარი იზარალა და ეს თანხა კომპანიას დაეკისრა. აქვე კომპანიის მესვეურებს მათი პროტესტის სანაცვლოდ განუმარტეს, რომ ამის გაპროტესტება შესაბამის ორგანოებში შეეძლოთ, რაც მამია სანადირაძის განცხადებით, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დასრულდებოდა. ამასთანავე, სანადირაძე ამბობს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მისწერა, რომ „კავკასუს ონლაინი“ დამრღვევი კომპანია იყო და მისთვის კრედიტის გაცემა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს წერილი მას ევრობანკის წარმომადგენელმა აჩვენა და ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი, რომ ბანკისთვის რომელიმე ქალაქის მუნიციპალიტეტს ამგვარი წერილი მიეწერა, ჯერ არ ყოფილა.
„ამ ყველაფრის ფონზე დამირეკა ჩემმა მეგობარმა და კლასელმა, ლევან ხუნდაძემ, შემომთავაზა შეხვედრა ხვიჩა მაქაცარიასთან („ჯი-ემ-სი“ ჯგუფთან). ამ ადამიანებს მე ადრე არ ვიცნობდი, მაგრამ შევხვდი მათ და შემომთავაზეს, რომ კომპანიის 50%-იანი წილი მათთვის მიმეყიდა და კომპანიის პრობლემები მაშინვე გაქრებოდა. კომპანიის გაყიდვას საერთოდ არ ვაპირებდი და სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი იმით, თუ რა გეგმები და პერსპექტივები გვქონდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, კომპანია პრაქტიკულად დანგრევის პირას იყო. ამას დაემატა ისიც, რომ ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია (პარლამენტი, სამინისტროები და ა.შ.) ჩვენი ქსელიდან გაითიშა. ყველა ეს გარემოება ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი დამთხვევა ყოფილიყო. ვინაიდან ჩვენი კაბელების ჩამჭრელებს პატრული ათავისუფლებდა, ცხადია, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ვანო მერაბიშვილის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა. ამდენად, მინისტრიც ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო და ჩემს კომპანიაზე შეტევა ორგანიზებულად ხორციელდებოდა“, - ამბობს მამია სანადირაძე.
მისი განცხადებით, იძულებული გახდა, „ჯი-ემ-სი“ ჯგუფის შეთავაზებას დასთანხმებოდა. ამ გარიგებაში ასევე ოფშორული კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ამაზე მეტ დეტალურ განმარტებებს მამია სანადირაძე აღარ იძლევა. მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ თანხა,რომელიც მას კომპანიის სანაცვლოდ შესთავაზეს, „კავკასუს ონლაინის“ იმ წილის ღირებულებასთან შედარებით მიზერული იყო.
მამია სანადირაძე საუბრობს ასევე „კავკასუს ონლაინის“ ბაზაზე შექმნილ მედია-საშუალებებზე, „პრესა.ჯე“-სა და „აი-ტი-ვი.ჯი“-ზე, რომლებიც თავისუფალი მედიის პრინციპებით მუშაობდნენ და ხელისუფლებას ძალიან აღიზიანებდნენ და კომპანიაზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ესეც გახდა. ამასთანავე, სანადირაძე აცხადებს, რომ „პრესა.ჯე“-ს დომენი ეკუთვნის გია იაკობაშვილს (ინტერნეტ-გამოცემა for.ge-ს დამფუძნებელს) და სანადირაძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს დომენი იაკობაშვილს დაუბრუნდეს.
მამია სანადირაძე აცხადებს, რომ ემიგრაციიდან იმისთვის დაბრუნდა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც მას გააჩნია და რაც ადასტურებს იმას, რომ „კავკასუს ონლაინზე“ წინა ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა, რომელიც კომპანიის განადგურებას ისახავდა მიზნად, ახლა ეს მასალები გამოსაძიებლად გადაეცემა ახლადდამტკიცებულ გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს.
„მე ემიგრაციაში ვცხოვრობ ჩემს ოთხ შვილთან ერთად და ახლა საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ აქ სამართალი ვიპოვო. ვიცი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამას აზრი არ ჰქონდა, ახლა კი ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალი მმართველი გუნდის და მჯერა, რომ ისინი ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებენ“, - ამბობს მამია სანადირაძე.
აქვე იგი განმარტავს, რომ არ შეუძლია განაცხადოს, მისი კომპანიის დამანგრევლები და შემდეგ მყიდველები ერთი და იგივე დაჯგუფება იყო თუ არა და იმედი აქვს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ამასთანავე, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ თუ ობიექტური გამოძიება ამ ორ ჯგუფს შორის რაიმე კავშირს დაადგენს, სულ სხვა რეალობის წინაშე დავდგებით, მაგრამ წინასწარი განცხადებებისგან კომპანიის დამფუძნებელი მაინც თავს იკავებს, რადგან ამბობს, რომ მისი მხრიდან რაიმე მკვეთრი გამონათქვამები უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იქნება.
აქვე მამია სანადირაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა გამოკვლეული იყოს „კავკასუს ონლაინის“ ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები, რადგან კომპანიის დამფუძნებელს ეჭვი აქვს, რომ „კავკასუს ონლაინში“ თანხები არამიზნობრივად იფლანგებოდა. ასევე სანადირაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანია გაფორმებული, მათ შორის ე.წ. „ზონდერები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ.