2007 წელს ქართულ რადიოსიხშირეებს "აფხაზეთის ხმა" შეემატა. თავიდანვე გავრცელდა ხმა, რომ რადიოს დაარსების ინიციატორები ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე იყვნენ.
ოფიციალურად რადიოს მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაცენტრი "ღია აფხაზეთისთვის" არის, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც გიორგი კორახაშვილია.
მისი მეუღლე, მომღერალი ნინო ჩხეიძე, არხის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა, თუმცა ნინო თავიდან უარყოფდა, რომ "აფხაზეთის ხმასთან" მის მეუღლეს რაიმე შეხება ჰქონდა. ბოლო დროს კი საქართველოში ბევრ რამეს მოეფინა ნათელი.
კულუარებში იმაზეც ალაპარაკდნენ, როგორ შეიქმნა რადიო "აფხაზეთის ხმა".
როგორც იქაურები ჰყვებიან, რამდენიმე წლის წინ გურჯაანის რაიონის პოლიციაში იმდროინდელი კახელი ბიზნესმენები შეკრიბეს და უთხრეს, რომ თითოს 2000 ლარი გადაეხადა ახალი რადიოს შესაქმნელად.
სავარაუდოდ, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა კუთხეებშიც შედგა და "აფხაზეთის ხმის" მოსმენა მალე მთელ საქართველოში გახდა შესაძლებელი.
აშკარად აღნიშვნის ღირსია ის, რომ რადიომ მსმენელის ყურადღება თავიდანვე მიიქცია და რეიტინგულიც გახდა. მოგვიანებით კი იმავე სახელწოდების ტელევიზიაც გაჩნდა ქართულ ტელესივრცეში. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტელეარხ "აფხაზეთის ხმაზე" კარგი ფილმების ნახვაა შესაძლებელი, განსხვებით სხვა არხებისგან.
რადიოს შექმნის ისტორიის გარკვევა იმ ბიზნესმენებთან ვცადეთ, რომელთაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რადიოს შექმნა დააფინანსეს.
პირველად "გურჯაანის ნაყინის" დირექტორ გურამ ბერიკაშვილს დავუკავშირდით.
ბატონო გურამ, ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ოთხი წლის წინ გურჯაანის პოლიციაში შეიკრიბეთ კახელი ბიზნესმენები და ვანო მერაბიშვილს თხოვნით თუ მოთხოვნით გადაწყვიტეთ, რადიო "აფხაზეთის ხმის" დაარსებისთვის თანხა გაგეღოთ.
- ოთხი წლის წინ (ფიქრობს)? არა მგონია, მსგავსი შეხვედრა მომხდარიყო. ასეთი დიდი ხნის წინანდელი ამბავი არც მახსოვს. მგონია, რომ ეს ამბავი ტყუილი იქნება.
ე.ი. თქვენ იმ ბიზნესმენებს შორის არ ყოფილხართ, ვინც ეს რადიო დააფინანსა?
- მე არ ვყოფილვარ და სხვა ვინმე თუ იყო, არ ვიცი. ახალი ამბავი რომ იყოს, მეცოდინებოდა, მაგრამ ოთხი წლის წინანდელ ამბავზე ვერაფერს გეტყვით.
მსგავსი შეხვედრა რომ შემდგარიყო, გემახსოვრებოდათ?
- ნამდვილად მემახსოვრებოდა, ეს ამბავი ახლა თქვენგან პირველად მესმის.
ბატონმა გურამმა, სამწუხაროდ, ვერ გაიხსენა არათუ შეხვედრის დეტალები, არამედ საერთოდ შედგა თუ არა შეხვედრა. არადა, როგორც ამბობენ, იმ შეხვედრაზე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაუწუწუნია, ახლა არ მაქვს თანხაო და ბატონ გურამს დაუმშვიდებია, შენ ნაცვლად მე გადავიხდიო...
როგორც ამბობენ, იმ შეხვედრას ასევე ესწრებოდა მიშა გიორგაძე, რომელიც "თელავის ნაყინის" მფლობელია. იმ შეხვედრის შემდეგ თურმე იმასაც ხუმრობდნენ კახელები, "აფხაზეთის ხმა" თავის არსებობას ნაყინს უნდა უმადლოდესო. როგორც გავარკვიე, მიშა გიორგაძე თელავში ძეხვსაც აწარმოებს. შევეცადე მასთან დაკავშირებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უცხო ნომრებს არ პასუხობს, ან საქმეში ისე იყო ჩართული, რომ ტელეფონის ზარი არ ესმოდა.
ისიც ვცადე, ნინო ჩხეიძისგან გამეგო რადიოსა და ტელევიზიის ამბები დაწვრილებით, მაგრამ ნინომ "აფხაზეთის ხმის" დაარსებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მითხრა, რომ ის მხოლოდ რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე აგებს პასუხს.
ბოლოს კი ვცადე გამერკვია, რა პროცედურების გავლა მომიწევს, თუ რადიოს შექმნას მოვინდომებ. კომენტარისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრ ირაკლი მოსეშვილს დავუკავშირდი.
ბატონო ირაკლი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ახალი რადიო შეიქმნას?
- მსურველმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უნდა შემოიტანოს განცხადება. შემდეგ კიდევ მეორე მსურველი უნდა გამოჩნდეს და უნდა გაიმართოს აუქციონი.
რა თანხებთან იქნება დაკავშირებული ახალი რადიოს გახსნა?
- ამის თქმა რთულია. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თანხა ჯდება და გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს გადამცემის ხარისხს. რაც უფრო ხარისხიანია გადამცემი, მით უფრო ძვირი დაჯდება.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი დაჯდა რადიო "აფხაზეთის ხმის" დაარსება, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს.
- ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს.
მოკლედ, ასეთია რადიო "აფხაზეთის ხმის" შექმნის უცნაური ისტორია. სავარაუდოდ, გასულ წლებში ასე უცნაურად ბევრი რამ იქმნებოდა და შენდებოდა..