"ბოლო 9 წელმა ძალიან დიდი დაღი დამასვა. ამ ახალგაზრდებმა ჩვენ წინააღმდეგ სხვანაირი, ყველაზე სასტიკი იარაღი გამოიყენეს - თქვენ არავის სჭირდებითო! ეს ნამდვილ იარაღზე საშინელი ყოფილა", - ამბობს ჩვენთან საუბარში რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გულისტკივილით, თუმცა სიხარულით დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ თითქმის დაკარგული იმედი დაუბრუნდა...
- საქართველო ყოველთვის იყო საინტერესო კულტურის ქვეყანა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში. ჩვენი კინო ერთ-ერთ საუკეთესოდ იყო აღიარებული და ქართულ თეატრსაც მსოფლიოში ძალიან აფასებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი დარტყმა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ქართულ კულტურას მიაყენა, თანდათან გამოცლილი საყრდენი იყო, ისეთი საყრდენი, როგორიც იყო რობიკო სტურუა. საუბედუროდ, თავად ქვეყნის ხელმძღვანელს იაფფასიანი, დაბალი დონის, ვითომ გათანამედროვებული კულტურა მოსწონდა.
კონკრეტულად რას გულისხმობთ, ბატონო გიგა?
- იცით, მე შემზარა, როცა "ქეთო და კოტეს" თანამედროვე ვერსია ვნახე. "ქეთო და კოტე" მშვენიერი ნაწარმოებია, მაგრამ არ შეიძლება, ის ქართული კულტურის ძირითად მიმართულებად მივიჩნიოთ. კულტურის საწინააღმდეგო ქმედების ყველაზე ავადმყოფური და საშინელი ფორმა იყო თუნდაც ის, რომ ქართულ თეატრს წაართვეს რობერტ სტურუა. როგორ შეიძლება, ამას შევეგუო? როგორც ჩემთვის, ისე ნებისმიერი ქართველისთვის ეს დარტყმა იყო, ოღონდ გააჩნია, ვის როგორ ესმის ეს შემოტევა... ეს არის კაცი, რომელიც ჭეშმარიტ ქართულ კულტურას უკანასკნელი მოჰიკანივით შემორჩა და ისიც გააქციეს. მადლობა ღმერთს, ახლა რაღაცები შეიცვალა და ალბათ რობერტიც დაბრუნდება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. იმედია, ისევ გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი. იმედია, კინოც თანდათან ამოიქაჩება. როცა კულტურის სხვა სფეროებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, მარტო რობიკოს პერსონას არ ებრძოდნენ. ისინი მთლიანად ქართულ კულტურასა და ცნობიერებას ებრძოდნენ. გასაგებია, რომ ქვეყანას უჭირს და კინოს ძალიან დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ რატომ ფერხდებოდა კინოინდუსტრია მაშინ, როცა მილიონები იხარჯებოდა ვიღაც უგემოვნო მომღერლების ჩამოყვანაში? მეტი რა გაგვაჩნია, რომ უარი ვთქვათ ქართულ კინოზე, რომელმაც უამრავი წარმატება და სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას?
ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა, საიდან უნდა დაიწყოს ქართული კულტურის აღმავლობა?
- მე უკვე მჯერა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება კულტურის მიმართაც შეიცვლება. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ვიღაცის მიმართ კომპლიმენტებს დაუფიქრებლად ამბობს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ, როცა ეს მას სულაც არ ეხებოდა, ისე პატრონობდა ქართულ კულტურას. ჩვენ ყველანი მისი მფარველობის ქვეშ ვიყავით. ახლა, როცა ის ქვეყნის სათავეში მოვიდა, მჯერა, რომ კულტურასაც ეშველება. თუმცა ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მე აქ ქვეყნის შვილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გასვლას ვერ ვახერხებ, მუდმივად მიჯაჭვული ვარ ტელევიზორს და კარგად ვიცი, რა ხდება გარეთ, როგორ უჭირს ხალხს. იმედი მაქვს, ამასაც ეშველება, რადგან როგორც წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, ზარმაცები კი არ ვართ და მიწის დამუშავება სხვამ კი არ უნდა გვასწავლოს, უბრალოდ, იმდენად დაგვაჩაჩანაკეს, რომ ყველაფრის სტიმული და ხალისი დაგვიკარგეს, მათ შორის მიწის დამუშავებისა და ვაზის მოვლის... მე არ მინდა მაღალი დონის ცხოვრება საქართველოში, თუ კულტურა ვერ განვითარდება. არ მინდა ისეთი ქართველები, რომლებსაც დაბალი დონის კინო და თეატრი შედევრად მიაჩნიათ და ყიჟინით ხვდებიან. არადა, სწორედ იქითკენ მიდიოდა ყველაფერი... თეატრშიც მიმუშავია და კინოშიც, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და როცა ჩემს თუ სხვის ოჯახში ვიკრიბებოდით, მათთან საუბრისას ვფიქრობდი, საიდან ამდენი საინტერესო ადამიანი ამ პატარა ქვეყანაში-მეთქი... მათ კი, ამ პატარა ბიჭებმა, სრულიად უტიფრად მოგვაძახეს, თქვენ არაფერი ღირებული არ შეგიქმნიათ და უნდა გაგანადგუროთო. ვუყურებდი მათ ყოველ ნაბიჯს და ვფიქრობდი, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ხალხი თითქოს მაინც რაღაცას ელოდა. მართლა მადლობა ღმერთს, რომ ამ ცვლილებას მოვესწარი, თორემ დარდი გულს გამომჭამდა.
ცვლილებებზე გკითხავთ, მინისტრებიდან ზოგი ძველია, ზოგიც - ახალი. რას ელოდებით მათგან?
- არ ვიცი. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ქვეყანა, რომ ამის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. ჩემი აზრით, ძირითადად მაინც საინტერესო ხალხი მოდის, ბევრს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით, რას მოუტანენ ქართველ ხალხს. ალბათ თანდათან დაიხვეწება ყველაფერი. არ მჯერა, რომ ერთი ჯოხის აქნევით ყველაფერი ერთბაშად გამოსწორდება და უკეთესობისკენ წავა... მე არ მჯერა პრეზიდენტის გულწრფელობის, როცა ის ცდილობს, ღირსეულად მოგვაჩვენოს თავი და დემოკრატიულ ფასეულობებს უსვამს ხაზს, ეს მას დასავლეთში ურჩიეს, ჩუმად ყოფილიყო. ძალიან რთული სამუშაო ექნება "ქართულ ოცნებას", რადგან მოწინააღმდეგე ოპოზიცია კი არა, მტრულად განწყობილი ადამიანები ეყოლება პარლამენტში. ისინი დამარცხების მიუხედავად არ აპირებენ დათმობაზე წასვლას. ძალიან რთული 9 წელიწადი იყო. უკან რომ მივიხედავ, ასე მგონია, საუკუნე გავდიოდი ამ რამდენიმე წელიწადს.
რა იყო ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა?
- ბევრი რამ და მერე დროთა განმავლობაში ყველაფერი ერთად დაგროვდა. მათ არ ჰქონდათ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ვერავინ დამაჯერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნიჭო კაცია, მაგრამ მან არ იცის, რომ ცხოვრება არის კომპრომისი, კომპრომისი და კიდევ კომპრომისი, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას მართავ. ხისტი პოლიტიკა წამგებიანია პოლიტიკოსისთვის.
არ შეიძლება, მეზობელ ქვეყანას მუდმივად მტერი უძახო. გონიერი ადამიანი მათთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე უნდა ფიქრობდეს. უფროს-უმცროსული კი არა, თანაბარი, კეთილმეზობლური, ორივესთვის მისაღები ურთიერთობა აუცილებელია.
ძალიან გამიხარდა, რომ კულტურის მინისტრად გურამ ოდიშარია დანიშნეს, რადგან ვიცი, რომ ძალიან წესიერი, პატიოსანი და საოცრად ქართული აზროვნების ადამიანია. თუმცა არ ვიცი, როგორი იქნება მინისტრის რანგში, რამდენად შეძლებს, თავი მოუყაროს და ორგანიზება გაუკეთოს იმ საქმეების დასტას, რომელიც მაგიდაზე დახვდა დახვავებული.
ისე კი, მარტო მინისტრებზე არ არის საქმე, როცა საქმე კულტურას ეხება, ცოტა შეშინებული ვუყურებ ამ ყველაფერს, - ვინმემ ხომ უნდა შექმნას ახალი რამ, რომლის მატერიალურ საფუძველზე მინისტრმა უნდა იზრუნოს. კი ბატონო, დავუშვათ, სტურუა დაბრუნდა რუსთაველის თეატრში, ძალიან გამიხარდა, როცა მისი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე, - რა თქმა უნდა, დავბრუნდები, ოღონდ გარკვეული პირობებითო, მაგრამ მარტო ის ვერ იზამს ყველაფერს.
რატომ მარტო, ბატონო გიგა, ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორებიც ხომ გვყავს?
- მაინც რომელი? თქვენი აზრით, რომელი რეჟისორი ან თეატრი უნდა წავიდეს უცხოეთში გასტროლებზე?
მაგალითად, ლევან წულაძე, ავთო ვარსიმაშვილი...
- ლევანი ნიჭიერი კაცი და საინტერესო რეჟისორია, ამასთან საოცრად თეატრალური ადამიანია, მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ და მას სარდაფში უფრო მაღალი დონის თეატრი ჰქონდა, ვიდრე ახლა არის მარჯანიშვილის თეატრი. იქ უფრო საინტერესო სპექტაკლებს დგამდა, ვიდრე აქ. მაგრამ მაინც, კარგია, რომ პატრონი ჰყავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს და მგონია, ამ ადამიანს პერსპექტივა აქვს.
რაც შეეხება ავთო ვარსიმაშვილს, მე მაინცდამაინც მისი მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა უნიჭო კაცი არ არის, ოღონდ რეჟისორის კვალობაზე მეტისმეტად პრაქტიკოსია. იცის, როგორ უნდა ააწყოს თეატრალური საქმე, ორგანიზატორული ნიჭი აქვს, მაგრამ მას არ აქვს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებაზე გავლენას მოახდენს. თქვენ წულაძესა და ვარსიმაშვილზე მეკითხებით, მაგრამ არც გაგხსენებიათ დათო დოიაშვილი, ეს თქვენი კი არა, მისი ბრალია. ის უაღრესად ნიჭიერი კაცია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთზე დაბალი დონისა და ხარისხის პროდუქციას ქმნიდა, რადგან ამ ვითომ თანამედროვე მოთხოვნებს აჰყვა. გული მტკივა, ამის თქმა რომ მიწევს. ამას სიძულვილი კი არა, სიყვარული და მისი ნიჭისადმი სინანული მალაპარაკებს, იმედს ვიტოვებ, რომ საღად შეხედავს რეალობას.
თეატრს მარტო ერთი ადამიანი არ ქმნის, ეს პროფესია მთლიანად არის დამოკიდებული მწერლობაზე, თუ მწერალი, დრამატურგი არ გყავს, რეჟისორი რისი გამკეთებელია? ჩემი შემოქმედება ისეთ ადამიანებთან იყო დაკავშირებული, როგორებიც იყვნენ პოლიკარპე კაკაბაძე, ნოდარ დუმბაძე, რომელიც ქართულ თეატრში მე მოვიყვანე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით ვერაზე და ერთნაირი ხვედრი გარგუნა განგებამ - ორივეს მშობლები გადასახლებაში გვყავდა, ნოდარს დედაც გადაუსახლეს. მე ვმუშაობდი ჭაბუა ამირეჯიბთან, სერგო კლდიაშვილთან. ქართველი რეჟისორის პირველადი ამოცანაა, ქართულ ლიტერატურას აზიაროს საზოგადოება და თუ ეს კრედო ვერ დაიჭირა, მის ნამუშევარს ის ღირებულება არ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს. ახლა კი ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან ეს არასწორი პოლიტიკური ვითარება მწერლობას ურტყამს და ასეთ დროს თავს წამოყოფენ ხოლმე მედროვეები, რომლებიც ხელისუფლებას ხოტბას ასხამენ და ხეირს ელოდებიან, არადა, ჭეშმარიტი შემოქმედება ხელისუფლებასთან ბრძოლაში იბადება.