კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა "ყველა სიახლეს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 17 წლის მუსიკოსი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებით ძალიან გახარებული და ამაყია.
ის წინასაარჩევნო პერიოდში მამას მხარში ედგა და ამ გამარჯვებაში წვლილი თვითონაც შეიტანა.
ზაფხულში ბერამ საქართველოს რეგიონებში კონცერტები ჩაატარა. ტურნემ - "გპირდები", სტარტი ივანიშვილების მშობლიურ საჩხერეში აიღო, სადაც მუსიკოსი სცენაზე ფეხბურთელ, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძის მაისურით გამოვიდა.
20 ოქტომბერს ბერას საკონცერტო ტურნე თბილისში "დინამო არენაზე" დასრულდა, 55-ათასკაციანი სტადიონი ბოლომდე შეივსო, მომღერლის მოსასმენად აფხაზეთიდანაც ჩამოვიდნენ...
ბერა, თავდაპირველად 20 ოქტომბრის "დინამო არენაზე" გამართულ გრანდიოზულ კონცერტზე ვისაუბროთ, რომლის ჩატარებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა...
- გარკვეული მიზეზების გამო, ეს კონცერტი რამდენჯერმე გადაიდო. თუმცა დროის ფაქტორმა დადებითად იმუშავა - მოგვეცა საშუალება, დაგვეხვეწა ყველა წვრილმანი. სრულყოფილება ხომ წვრილმანების გათვალისწინებით მიიღწევა?! ისე, სტადიონზე კონცერტის გამართვა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. თუმცა, კონცერტზე უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე სტუდიაში. სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვღელავ, მაგრამ როგორც კი ჩემს გულშემატკივარს დავინახავ, ნერვიულობა ქრება. ისე, როგორც უნდა მოვემზადო და წინასწარ მოვიფიქრო, რა უნდა ვთქვა კონცერტზე, იმას ვერასოდეს ვამბობ - ყველაფერს ემოციებიდან გამომდინარე, იმპროვიზაციით ვაკეთებ.
შენი მუსიკალური გეგმები გათვლილია ამერიკულ შოუბიზნესზეც, თუმცა ამ კუთხით მუშაობა შეაჩერე. ისევ აპირებ ამერიკაში გამგზავრებას?
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევაჩერე ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან თითოეული ჩვენგანი სამშობლოს ვჭირდებოდით. დღეს კი "ქართულმა ოცნებამ", სიმართლემ, სიკეთემ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა! ახლა უკვე ვეცდები, ჩემი სამშობლო უცხოეთშიც ვასახელო. ზუსტად არ ვიცი, როდის გავემგზავრები, მაგრამ მანამდე აუცილებლად დავუტოვებ ჩემს საყვარელ მსმენელს ქართულ ალბომს. სიმღერაში "ქართული ოცნება" ასეთი ფრაზა მაქვს: "ვინც არ უნდა გავხდე, მოვდივარ ამ ქვეყნიდან! ავიღებ "გრემს", ვიტყვი "თენქიუს" ქართული აქცენტით". მართალია, ეს არ არის ადვილი შესასრულებელი, ამბიციური ნათქვამიცაა, მაგრამ არაფერს დავიშურებ დანაპირების შესასრულებლად.
გარკვეული წვლილი შეიტანე იმ გარდამტეხ ცვლილებებში, რომლებიც ქვეყანაში 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო...
- ბედნიერი ვარ, მცირე წვლილი მაინც თუ მიმიძღვის ამ გამარჯვებაში! მე ყოველთვის ვიდგები ჩემი ოჯახის, ჩემი ხალხისა და სიმართლის გვერდით. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე კარგად და ლამაზად დასრულდა. ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. მუსიკოსი ვარ და, შეიძლება ითქვას, მუსიკით ვიბრძოდი. პოლიტიკაში ჩარევისთვის კი შესაბამისი ცოდნა არ მაქვს, თუმცა ჩემს თვალსაზრისს შემოქმედებით გამოვხატავ. აუცილებელი არ არის, პოლიტიკოსი იყო, სამშობლო რომ გიყვარდეს!..
დარწმუნებული ვიყავი ჩვენს გამარჯვებაში. თუმცა დეტალები ისე გაანალიზებული არ მქონდა, როგორც მამას, რადგან ის ბრძენი კაცია. ყველაზე მეტად მას ვენდობი. რაც თქვა, კიდეც შეასრულა. ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მამა დაჰპირდა ხალხს. ჩემთვის ყველაზე საამაყო და სამაგალითო კაცი დედამიწის ზურგზე არის მამა. ყოველთვის მჯეროდა მისი, მჯერა და დავიჯერებ.
ერთ-ერთი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თავის სტუდიაში დაჯდეს და იქ ჩაწეროს სიმღერებიო...
- სააკაშვილს ჩემი ტოლი შვილი ჰყავს...
ვფიქრობ, სააკაშვილის ეს განცხადება დიდხანს არ იქნება აქტუალური, რადგან ის მალე პრეზიდენტი აღარ იქნება (იცინის).
სააკაშვილამდე მისი მთავრობის სხვა წევრებიც არ იშურებდნენ ჩემ მიმართ აგრესიულ კომენტარებს, მაგრამ მაქსიმალურად ვერიდები კონფლიქტს უფროს ადამიანებთან. ასე გამზარდეს მშობლებმა!
ზრდილობიანი მშიშარა არ არის და ზრდილობა არ ნიშნავს შეურაცხმყოფელისთვის თავის დახრას. მე სააკაშვილს საკადრისი პასუხი გავეცი სიმღერით - "ავტოგოლი", რომელიც მოკლე ხანში ჰიტად იქცა (იცინის). როდესაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჩემი გვერდი გატეხეს, პირველი, რაც გააკეთეს, სიმღერა "ავტოგოლს", რომელსაც 21 ათასზე მეტი "მოწონება" ჰქონდა, მხოლოდ ერთი "ლაიქი" დაუტოვეს (იცინის).
ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ითქვა, ბერა მოდელ ნინი ნებიერიძეზე იყო შეყვარებული და ცოტა ხნის წინ დაშორდაო...
არც მინახავს ეს გადაცემა. ასე თქვეს? ჩემი ცხოვრების ყველა დეტალის გაშუქება თუ დაიწყეს, ყოველდღე მოუწევთ გადაცემის მომზადება (იცინის). ნამდვილად არ ყოფილა ნინი ნებიერიძე ჩემი შეყვარებული.
რას ეტყვი შენს გულშემატკივარს?
- ჩემს გულშემატკივარს, ვინც თავიდანვე მხარში ამომიდგა, უღრმეს მადლობას გადავუხდი! "დინამოს" სტადიონზე კონცერტის ჩატარების უფლების მოპოვება მათი დამსახურებაა.
ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და სულ მაინტერესებდა, რა განცდა იყო ხალხით სავსე სტადიონზე ბურთის გატანა, მართალია, ახლა ბურთი არ გამიტანია, მაგრამ ჩემთვის კონცერტის გამართვა გოლზე მეტი ემოციაა!