„რუსები საფუძველს ეძებენ - ვითომც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები არ ყოფილა საქართველოს ნაწილი“

„რუსები საფუძველს ეძებენ - ვითომც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები არ ყოფილა საქართველოს ნაწილი“

პუტინი საქართველოს ისტორიულ ლაბირინთებში გაიხლართა. იგი ახალი ისტორიის დაწერას ცდილობს და შემოაქვს ნოუ-ჰაუ, თითქოს საქართველოც რუსეთის მსგავსად ოკუპანტია. თუმცა პუტინს ავიწყდება, „ოკუპანტ“ საქართველოს ტერიტორია შაგრენის ტყავივით გამუდმებით რატომ მცირდება მეზობლების სასარგებლოდ და რატომ ვერ მოახერხა ამ ერთი ციცქნა ქვეყანამ რუსეთის მსგავსად 17 075 400 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულიყო ოკუპანტური ნაბიჯებით?!

პუტინმა საქართველო 1920 წელს ცხინვალის რეგიონში გენოციდის მოწყობაში, ხოლო უფრო ადრე, 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაციაში დაადანაშაულა. პუტინის ვერსიით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. პუტინი სტალინსაც გადასწვდა და განმარტა, თითქოს შიდა ქართლი სტალინმა საქართველოს აჩუქა.

რატომ სცადა პუტინმა საქართველოს ისტორიის გაყალბება?! ამის შესახებ For.ge-ს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.

გიორგი ოთხმეზური: პუტინის ნათქვამი აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული, რადგან 1774 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არ არსებობდა და ვერავითარ რუსეთის შემადგენლობაში ვერ შევიდოდა. 1774 წელს როცა ახსენებს, ქუჩუკ-კაინარჯის ზავზე საუბრობს პუტინი და ამბობს, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა იმ პერიოდში. პუტინზე ადრე ეს ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველმა ე.წ. პრეზიდენტმა-კოკოითიმ გაავრცელა და ახლა ეს ინფორმაცია, ეტყობა, გაიმეორა პუტინმა. რეალურად, ზუსტად იმ ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებაში სიტყვა „ოსეთი“ საერთოდ ნახსენები არ არის, იქ ყაბარდოა ნახსენები. რაც შეეხება ოსეთს, ცხადია, აქ მხედველობაში მაქვს დღევანდლი ჩრდილოეთ ოსეთი, რადგან სხვა ოსეთი ბუნებაში არ არსებობდა. იმ პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთი ყაბარდოს შემადგენლობაში შედიოდა და იმ ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებაში სტატუსის გარკვევის საკითხი იყო დასმული, ანუ დიდი და პატარა ყაბარდოს საკითხი და ყაბარდოსთან ერთად მოიაზრებოდა მის შემადგენლობაში მყოფი ოსეთი (ანუ ჩრდილოეთ ოსეთი). თვითონ რუსების მიერ შედგენილი რუკები არსებობს გეორგიევსკის ტრაქტატის მერეც, საქართველოს ანექსიის მერეც და არავითარი ე.წ. სამხრეთ ოსეთი მე-18 და მე-19 საუკუნეების რუკებზე საერთოდ არ არის. ის, რომ თითქოს ქართველებმა დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გენოციდი მოუწყვეს ოსებს, ეს საბჭოური ისტორიოგრაფიის ნარატივია, რადგან საბჭოელებს სურდათ, წარმოეჩინათ, რომ მენშევიკური მთავრობა იყო ცუდი და საბჭოთა ხელისუფლება იყო ძალიან კარგი, დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და აგერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. სინამდვილეში, იმ პერიოდში ოსებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება, არავითარმა მოლაპარაკებამ მათთან არ გაჭრა და ამის შემდეგ ჩვენმა მთავარსარდალმა ვალიკო ჯუღელმა იარაღის ძალით ჩაახშო ეს აჯანყება.

იმ პერიოდში ოსებს ქართველების წინააღმდეგ განაწყობდნენ და ეხმარებოდნენ სწორედ რუსი ბოლშევიკები.

- არა მარტო რუსი ბოლშევიკები, არამედ ქართველი ბოლშევიკებიც. სხვათა შორის, ერთ-ერთი აჯანყება მოხდა 1920 წლის 7 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. როდესაც ჩავახშეთ ეს აჯანყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიჩერინმა ნოტა გამოგვიგზავნა, ოსებს ნუ ავიწროებთო, საქართველოდან კი საგარეო საქმეთა მინისტრმა გეგეჭკორმა გაუგზავნა საპასუხო ნოტა და შეუთვალა, ოსეთი მანდ გაქვთ, იმას მიხედეთ, საქართველოს ტერიტორიაზე არავითარი ოსეთი არ არისო.

რუსების მხრიდან ოსების წაქეზებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსები აფხაზებსაც დევნიდნენ. სწორედ რუსებმა ამოხოცეს და გაასახლეს აფხაზები საქართველოდან.

- დიახ, მუჰაჯირობა რუსების მოწყობილია, აფხაზები რუსებმა გაასახლეს, ჩვენ არ დაგვიჩაგრავს აფხაზები. ჯერ ერთი, მე-17 საუკუნემდე ქართველსა და აფხაზს არავინ არჩევდა ერთმანეთში, რადგან აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც კახელი, ქართლელი, მეგრელი, სვანი, გურული. მოგეხსენებათ, ქართველ მეფეთა ტიტულატურაში „მეფე აფხაზთა“ ეწერა და დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს მარტო როგორც აფხაზთა მეფეებს, ასეც იხსენიებდნენ. მე-17 საუკუნიდან დაიწყო ჩრდილო კავკასიელების ჩამოსახლება და თანდათანობით შეიცვალა სიტუაცია. ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი არსებობს, 1561 წელს იტალიელი კარტოგრაფის ჯაკომო გასტალდის მიერ შედგენილი რუკა, სადაც აფსუა ხალხი და მათი ქალაქი აკუა არის დატანილი ყუბანის შუა წელზე ჩრდილოეთ კავკასიაში. როდესაც აფსუები ჩამოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და აქ დასახლდნენ, ისინი საკუთარ თავს აფსუებს უწოდებდნენ და მათ სოხუმსაც „აკუა“ დაარქვეს, ანუ თავიანთი სახელწოდება აქ ჩამოიტანეს.

ტოპონიმების შეცვლაზე როცა ვსაუბრობთ, არა მარტო აფხაზეთში იჩქმალებოდა ქართული დასახელებები, არამედ ცხინვალის რეგიონშიც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ძირძველი ქართული სახელების ჩანაცვლება. მაგალითად, ოქონას ძველი ქართული დასახლება ჩანაცვლდა ქართველთა მჟლეტელი ოსი ზნაურის სახელწოდებით.

- ზნაურ აიდაროვი ყაჩაღი იყო და ბოლშევიკებმა მერე თავიანთ რიგებში მიიღეს. ბოლშევიკებმა მის საპატივსაცემოდ დაარქვეს ქართულ სოფელს ზნაურის სახელი.

კრემლის ლიდერის მხრიდან საქართველოს ოკუპანტად გამოცხადება რა მიზანს ემსახურება? პუტინი ამით ცდილობს, გაგვათანაბროს თავის ქვეყანასთან, რომელიც სხვა ქვეყნების ოკუპაციითაა სახელმოხვეჭილი? პუტინის ლოგიკით, თუ რუსეთი იმპერიაა, საქართველოც მცირე იმპერია გამოდის?

- როგორც ჩანს, რუსები საფუძველს ეძებენ იმისთვის, ვითომც ისტორიულად არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი არ ყოფილა საქართველოს ნაწილი. სწორედ ამის დამადასტურებელი ისტორიული საფუძვლის მოძებნას ცდილობენ რუსები, თითქოს ისტორიულად ოსეთი დამოუკიდებელი იყო და აგერ, თურმე მე-18 საუკუნეში რუსეთის შემადგენელობაში შედიოდა. უფრო ადრე პუტინმა ისიც თქვა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი სტალინმა აჩუქა საქართველოსო, ვითომც ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი იყო, რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა მე-18 საუკუნის ბოლოს და მერე თითქოს სტალინმა გვაჩუქა ჩვენ. პუტინს ისიც უნდა „დაამტკიცოს“, თითქოს აფხაზეთიც დამოუკიდებელი იყო. სინამდვილეში, არც აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი. მოგეხსენებათ, როცა საქართველო დაიშალა, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სამთავრო ჩამოყალიბდა, მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნის დასაწყისში, ასევე, ჩამოყალიბდა აფხაზთა სამთავრო. სხვათა შორის, აფხაზეთის ბოლო მთავარი და მისი მეუღლე მოქვში არიან დაკრძალულნი და მათი საფლავის ქვებზე ქართული ასომთავრული წარწერებია. საუბარია შარვაშიძეებზე.

რუსების მიერ შარვაშიძეების გადასახლების და ამოხოცვის შემდეგ დაიწყო აფხაზეთში აფსუების გააქტიურებისა და ქართული ცნობიერების ჩაკვლის პროცესი.

- ეს პროცესი ჯერ ოსმალებმა დაიწყეს, ისინი ხელს უწყობდნენ ჩრდილო კავკასიელი ტომების ჩამოსახლებას საქართველოში, შემდეგ ეს პროცესი რუსებმა გააგრძელეს. სხვათა შორის, დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-21 წლებში როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა, ასეთივე იყო აფხაზთა რევოლუციური კომიტეტიც, ამ კომიტეტში შემავალ აფხაზ ბოლშევიკებთან მოლაპარაკება შედგა და აფხაზეთი ავტონომიის სახით იყო შესული საქართველოს შემადგენლობაში. ამისთვის იარაღის გამოყენება არ გამხდარა საჭირო, მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაწყდა ეს საკითხი და ამის შემდეგ რუსებმა მიანიჭეს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ხოლო ცხინვალის რეგიონს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი.

ხომ არ ჯობდა, პუტინს ისევ სანქციები დაეწესებინა, ოღონდ ცილი არ დაეწამებინა ქართველებისთვის და თავად ოკუპანტს ოკუპანტად არ გამოვეცხადებინეთ? პუტინის, როგორცისტორიის მამისმცდელობა, გააყალბოს საქართველოს ისტორია, ჩვენი ხელისუფლების მობოდიშებამაც ხომ არ განაპირობა?

- მოსაბოდიშებლად ნამდვილად გვაქვს საქმე იმ უმსგავსობის გამო, რაც გაბუნიამ გააკეთა საქართველოს უპირველესი ტელევიზიის სახელით. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება?

მაგრამ, როცა თანაბარზომიერ ქმედებებზე ვსაუბრობთ, ცხადია, პუტინმა ჩაიდინა უარესი საქციელი-საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის სახით; აღარაფერს ვამბობთ 1921 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე და ქართველთა გენოციდის მოწყობაზე.

- 2008 წელს პროვოცირება მოხდა. სხვათა შორის, ჩვენი ბრალიც იყო ამაში. კი ბატონო, რუსეთი ოკუპანტია, დაკავებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მაგრამ მასთან საერთო ენის გამონახვა და დალაპარაკებაა საჭირო. ომით ვერ გადავწყვეტთ ამ საკითხს, ომით ჩვენს ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, სხვა გზები უნდა გამოვნახოთ.

 

 

სოციალისტი ვინც ეს წაიკითხეთ იმათ გკითხავთ, ამის შემდეგ ოსები და ქართველები ძმები როგორ არიან?!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
სოციალისტი:)
თურქები თუ "საქართველოს ისტორიული მეგობრები არიან" ( როგორც სააკაშვილმა განაცხადა), ოსები რატომ ვერ იქნებიან ჩვენი ძმები? :))
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
.
პუტინს, ელცინის დროს დაჩოქილი და მის მიერ ისევ წამოყენებული ძლიერი რუსეთი უდგას ზურგსუკან და სულაც არ სჭირდება ისტორიის ცოდნა: საიდანაც უნდა, იქიდან მოაბამს ყურს ქოთანს.
როცა საქმე იაპონიას და მის "ჩრდილოეთის მიწებს" (ანუ კურილიის კუნძულებს) ეხება, პუტინი აპელირებს იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციის შედეგად შექმნილი რეალობითა და სანფრანცისკოს კონფერენციით.
როცა საქმე საქართველოს ეხება - მისი კარის ისტორიკოსების მიერ თავდაყირა დაყენებული ფაქტებით "გვაწვება" და თან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ცოტა ჩაიხედონ საკუთარი ქვეყნის ისტორიაში! :)
ეტყვიან, ჩვენს დროში აღარ ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი საზღვრების რევიზიაო, - კოსოვოს მაგალითს ჩასჩრის პირში ოპონენტებს და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, ნატოს მიერ ქვა-ქვაზე დადუღებულ სერბეთს!..
ჩვენ კი ძალიან გვინდა, რამე ავუხსნათ და დავამუნათოთ, იქნება შერცხვესო...
ეეჰ!
4 წლის უკან
tngh გაყალბებულ ისტორია ყოველგვარი "ისტერიის" გარეშე ღია წერილით რამოდენიმე ენაზე (რუსულადაც) დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი აკადემიურმა წრეებმა უნდა გასცენ. თან არა მარტო ქართველებმა...
4 წლის უკან
tngh გაყალბებულ ისტორია ყოველგვარი "ისტერიის" გარეშე ღია წერილით რამოდენიმე ენაზე (რუსულადაც) დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი აკადემიურმა წრეებმა უნდა გასცენ. თან არა მარტო ქართველებმა...
4 წლის უკან