ჩეხეთში მყოფი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე აცხადებს, რომ მას მაღალი თანამდებობის პირები ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ.
ბიზნესმენი, რომელიც ჩეხეთის „პანკრაციის“ ციხეში იხდიდა სასჯელს, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ერთი თვეა, თავისუფალია, თუმცა საქართველოში თავისი სიმართლის ძებნას არ წყვეტს და დღეს მისი ადვოკატი საქართველოს პროკურატურაში სარჩელს შეიტანს.
„კომპანია „მაქსტოპი“ 2002 წელს დავაფუძნე. დროთა განმავლობაში ის გაძლიერდა და შეიქმნა კიდევ ერთი კომპანია, რომელშიც აზერბაიჯანული ინვეტიცია ჩაიდო. მოგვიანებით განხორციელდა რეორგანიზაცია და პარტნიორთა რიგებში ავთანდილ წერეთელი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი თემურ გიორგაძე შემოვიდნენ.
2005 წლიდან საფინანსო ინსტიტუტებიდან დაიწყო შემოტევები და მაიძულებდნენ თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშებზე გადამერიცხა, რაზეც უარი განვაცხადე ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური.
წერეთლის კაბინეტში ჩემთვის უცნობმა პირება მაწამეს და მაიძულებდნენ გადამეხადა 650 000 დოლარი, რომელიც თითქოსდა წერეთლისგან ვისესხე წლების წინ. რეალურად კი წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა ეს ვალი.
ამ თანხის თაობაზე ასევე შევხვდი გია დგებუაძეს, რომელიც დამემუქრა ფიზიკური განადგურებით. ჩემი ინფორმაციით, ავთო წერეთელი ახლო კავშირში იმყოფებოდა მიხეილ მაჭავარიანთანვდა ჩემი წილებისა და ბიზნესის წართმევაზე სწორედ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა“, - განაცხადა მინდია ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტი მაშინ დაიწყო, რაც ქართველმა ჩინოვნიკებმა, საბიუჯეტო შენატანების გარდა დამატებით 100 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხა ნაცმოძრაობის ანგარიშსზე უნდა გადარიცხულიყო. ქაშიბაძემ მაშინ ეს თანხა არ გადაიხადა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ავთო წერეთლის ვალთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის პროცესი 2008 წლიდან დაიწყო. ის იმყოფებოდა მივლინებით ოსლოში, სადაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში 650 000-ის გადაუხდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
ჩეხეთში ქაშიბაძე ქართველი სამართალდამცველების მოთხოვნით დააკავეს, თუმცა, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ექსტრადირებაზე უარი განუცხადა, რადგან მიიჩნია, რომ ქაშიბაძეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
როგორც ყოფილი ომბუდსმენი, სოზარ სუბარი ამბობს, ქაშიბაძეს რომ ქართულ ციხეში საფრთხე ელოდა, ამაში ჩეხი სამართალდამცველები სწორედ მან დაარწმუნა.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ის ამ დროისთვის მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში წილს აღარ ფლობს და ჩამორთმევა მისი ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე მოხდა.
ქაშიბაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკუთარი ბრალდებების დამამტკიცებელი დოკუმენტაცია და ვიდეო-აუდიო ჩანაწერები გააჩნია, რომელსაც პროკურატურას მიაწვდის და ჩამოთვლილ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრას მოითხოვს.
როგორც ბიზნესმენმა პრესკონფერენციაზე ჩართვის დროს აღნიშნა, მისთვის ქონების წართმევით დაინტერესებული არიან: პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, სოდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ერეკლე კოდუას ახლო მეგობარი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ირაკლი კირკიტაძე, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმაა და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ლევან ფხალაძე.
როგორც ცნობილია, ამ ჯგუფს სათავეში ედგა სააკაშვილის კარის ბიზნესმენი ჭუტა წერეთელი, რომლის ხელმძღვანელობითაც დაიგეგმა და განხორციელდა ბიზნესის ჩამორთმევის ოპერაციები და ქაშიბაძის დევნა.
დიმიტრი გაბუნია ამბობს, ქაშიბაზეს ის მტკიცებულებები, რაც გააჩნია, რომ არ წარედგინა ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ექსტრადირებაზე უარს არ ეტყოდა.
დიმიტრი გაბუნია: „მე არ შემიძლია ქაშიბაძის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ მიხეილ მაჭავარიანმა თავის კომენტარში განაცხადა, რომ ის იცნობს ავთო წერეთელს, იცნობს თემურ გიორგაძეს და თუ ბატონ მინდიას დასჭირდება, მზად ვარ დავეხმარო. საკმაოდ საინტერესოა და საყურადღებოა როდესაც პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს. ქაშიბაძეს საკუთარი სიმართლე დაეხმარება. ჩვენ არ გვჭირდება მიხეილ მაჭავარიანის დახმარება, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს, მაჭავარიანს კი სამართალდამცველი ორგანოები დაიბარებენ და დაკითხავენ.“
არის თუ არა მიხეილ მაჭავარიანის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები ქაშიბაძის მტკიცებულებებში, ამაზე საუბრისგან დიმიტრი გაბუნია თავს იკავებს და როგორც ის აცხადებს, უფრო კონკრეტულად საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეუძლია, თუმცა როგორც ის ამბობს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ ითქვა ჰაერზე.
ახლა კი მოკლედ იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ქაშიბაძის ბიზნესი ქართველი ჩინოვნიკებისთვის საინტერესო.
მსოფლიოში მიკროპროცესორებისა და სხვა კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი უმსხვილესი კორპორაცია Intel-მა საქართველოში საქმიანობა კომპიუტერული კომპანია „მაქსტოპ პირველის“ პარტნიორობით გააფართოვა და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში პირველი ქართული ნოუთბუქების წარმოება დაიწყო.
კომპანია „მაქსტოპი“ 2002 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია როგორც სხვადასხვა ტექნიკის გაყიდვაზე, ასევე შემოტანილი მაკომპლექტებლებით კომპიუტერების აწყობაზე და დასრულებული ტექნიკურ-პროგრამული სისტემების შექმნასა და დაყენებაზე.
Intel-ისა და „მაქსტოპის“ პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია 2004 წლის 17 ოქტომბერს შედგა, მაშინ „მაქსტოპმა“ Intel-ის ტექნოლოგიების ბაზაზე ქართული სავაჭრო ნიშნით პირველი ნოუთბუქების წარმოება დაიწყო.
2005 წლის დასაწყისში „მაქსტოპმა“ Intel Premier Provider-ის სტატუსი მიიღო, რამაც კომპანიას ბევრი სხვა სიკეთის გარდა სხვადასხვა ფირმებთან ურთიერთობისთვის გზა გაუხსნა. „მაქსტოპმა“ Intel-ის ბაზაზე საკუთარი ბრენდით სერვერების გამოშვებაც დაიწყო.
„მაქსტოპის“ გაყიდვები ყოველწლიურად იზრდებოდა, იგი ისეთ მსხვილ კომპანებსაც აწვდის კომპიუტერებს, როგორიცაა „თიბისი ბანკი“. აქვს მაღაზიათა ქსელი თბილისსა და რეგიონებში. როგორც ჩანს, სწორედ კომპანიის წარმატებული საქმიანობა გახდა მისი ერთ-ერთი მფლობელის ტრაგედიის მიზეზი. დანარჩენს კი ალბათ, გამოძიება დაადგენს და გამორიცხული არ არის, კრიმინალური ქმედებების გამო, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი და წამქეზებელი ბიზნესმენი ავთო (ჭუტა) წერეთელიც დააპატიმრონ.