"ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს, მათი მუსიკაც არ მომწონს!.."

"ახალი ხმის" ერთ-ერთი მწვრთნელი დათო ფორჩხიძე უკვე ამზადებს თავის 14 კონკურსანტს პროექტის მეორე ტურისთვის, სადაც ორ-ორი მომღერალი ერთ სიმღერას შეასრულებს და შემდეგ მწვრთნელს მოუწევს, ამ ორს შორის ერთი აარჩიოს.

შენი, როგორც პროფესიონალის, აზრით, რამდენად კარგია მომღერლების ნაკადი?

- ერთხელ მაინც თუ დაესწრებით ამ შოუს ჩაწერას, განსხვავებული შთაბეჭდილება გექნებათ. საქმე ისაა, რომ, სამწუხაროდ, ვერ ვცხოვრობთ ისეთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ტექნიკა გამართულია. როცა ტელევიზორთან ვზივარ და ვუყურებ, ვხვდები, რომ მაყურებლამდე ძალიან მცირედი ნაწილი მიდის. ნაკადი ფანტასტიკურია. ჩვენ გვინდა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გავზარდოთ ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე, მერაბ სეფაშვილი, მაგრამ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ მეგავარსკვლავები ასეთ მცირე დროში გამოჩნდნენ. არც ჩვენი ქვეყანა და არც მსმენელი არ იმსახურებს იმას, რომ ამაზე მაგარი ახალი ნაკადი ჰყავდეს. მაპატიეთ პირდაპირობისთვის. ყველა მათგანი თვითნასწავლია, ბავშვები ინტერნეტთან სხედან და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შრომობენ და წვალობენ.

ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნევს მაყურებელი, რომ უკეთესი უნდა მოისმინოს? ვის დაეხმარა, როგორც მსმენელი და ფანი? მაყურებელი ეხმარებოდა ჯგუფ "სახეს", შემდეგ კომუნიკაცია შოუბიზნესსა და მსმენელს შორის გაწყდა. "სახის" შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა, უკეთესი ნამდვილად არ გამხდარა. ის დათო ფორჩხიძე, რომელიც "სახეში" მღეროდა, ამ დათოს, რომელიც თქვენ გესაუბრებათ ახლა, ჯობია. 26 წლისამ როგორ ვაჯობე 38 წლისას? კმაყოფილების განცდა ამის გამო არ მაქვს. თუ მსმენელს უნდა მაღალი ხარისხის პროდუქტი შოუბიზნესში, უფრო მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა. პოლიტიკაში ხომ მონაწილეობენ? ხომ უნდათ, რომ კარგი საფეხბურთო მწვრთნელი გვყავდეს? მაგრამ კმაყოფილებით უყურებენ იმას, რომ ცუდი შოუბიზნესი გვაქვს. ეს შოუბიზნესი საზოგადოების გამოძახილია. ბევრი კარგი მომღერალი გვყავს, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს.

მაგალითად?..

- არ არიან პოპულარულები - ჩემი მეგობარი, ლევან ლაზარიშვილი, დღეს ყაზახეთში რესტორანში მღერის. მისი დონის მომღერალი საქართველოში არ არის. ვითომ არიან პოპულარულები თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი. ზოგი მათგანი სიმღერას ვერ წერს, ზოგი კლიპს ვერ იღებს, ზოგმა არ იცის, სად წაიღოს ეს სიმღერა. "ნანუკას შოუში" ან "პროფილში" რომ სიმღერის პრეზენტაცია შედგება და ერთხელ მოისმენს მაყურებელი, ეს არ არის საკმარისი.

ლაშა თოფურია რამდენჯერმე გარბოდა ამ ქვეყნიდან და მე გავაჩერე. ვაიძულე, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო. ვიცოდი, რომ მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ ის ასევე იცნობდა დანარჩენ მწვრთნელებსაც. ის, რომ ჩემთან ნიჭიერი ადამიანები მოდიოდნენ, არ იყო გასაკვირი. წესით, ახალგაზრდა რომ ვიყო, მეც წავიდოდი დათო ფორჩხიძესთან. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას დანარჩენ მწვრთნელებს და არ მივიჩნევ, რომ ისინი ჩემზე ნაკლებები არიან, მაგრამ მე ფორჩხიძეს ავირჩევდი.

ნინო ჩხეიძისა და შენი თემა რატომ არის ასეთი აქტუალური?

- ვინც ნინო ჩხეიძეს ლანძღავს და აკრიტიკებს, მათი მუსიკაც არ მომწონს, არც ნინოსი მომწონს. მაგრამ თუ მას ჯობიხარ, დაწერე უკეთესი სიმღერა და გახდი მასზე პოპულარული. ნინოს ლანძღვას არ დავიწყებ, მასთან ვმეგობრობ. ბავშვებს, რომელთა მწვრთნელები გავხდით, სხვა ყველაფერთან ერთად, კოლეგიალობაც უნდა ვაჩვენოთ და ვასწავლოთ. ნინო პიროვნულად ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, არც ის გიჟდება ჩემს სიმღერებზე. ასე რომ იყოს, ჩემნაირ სიმღერებს გააკეთებდა. შეიძლება, მაია დარსმელიძისა და მერაბ სეფაშვილის სიმღერებიც არ მომწონს. რატომ არის მაინცდამაინც ნინო ჩხეიძე სალაპარაკო?!..

კაცობრიობა მივიდა დასკვნამდე, კლასიკასა და ჯაზს თუ არ ვუსმენთ მე და თქვენ, ამ ჟანრებს კი არ აკლდება, ჩვენ გვაკლდება. არის კიდევ პოპმუსიკა, რომელიც მასშტაბური და მასობრივია. მოდი და ამ თვალსაზრისით ედავე ნინო ჩხეიძეს, მაგრამ როცა გამოდიხარ და ამბობ, მე იმდენად მაგარ მუსიკას ვაკეთებ, რომ ცოტა ხალხს მოსწონს და ამით ვამაყობო, მაშინ პოპში არ უნდა მოღვაწეობდე. მაია დარსმელიძეს ამას არ ვპატიობ, ისეთი მაგარი გოგოა და ისეთი ნიჭიერია, რომ გაცილებით მეტ ხალხს უნდა მოსწონდეს. მე "სახით" იმიტომ ვამაყობ, რომ კარგიც იყო და ბევრსაც მოსწონდა. ეს არის პოპის გამარჯვება.

ბავშვობიდან, როცა ფოლკლორი და ქალაქური მუსიკა მესმოდა, მერაბ სეფაშვილი ჩემთვის პროგრესთან ასოცირდებოდა. ბევრმა ჩემს პრომოს კუდი მოაბა, თითქოს ცინიკურად ვილაპარაკე, მაგრამ ნამდვილმა მეგობრებმა შეამჩნიეს ჩემი გულწრფელობა. ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა საქართველოში ეს კაცი ტრადიციებს არღვევდა და არაკომუნისტურ სიმღერებს მღეროდა. შესაძლოა, დღეს აღარ არის ძველებურად ეპატაჟური და არ ამსხვრევს სტერეოტიპებს, შესაბამისად, მისი მუსიკა ჩემთვის საინტერესო მოსასმენი აღარ არის, მაგრამ წარსულს ვერ დავივიწყებ. სტეფანე მუსიკალურად ჩემთან ყველაზე ახლოს არის. ჩვენ ვართ პოპმუსიკოსები, გვქონდა ჰიტები. სტეფანემ გადააკეთა "სახის" სიმღერა და არ ჰქონდა იმის კომპლექსი, რომ სხვისი სიძლიერე ეღიარებინა. შოუში ჩვენ ბევრს ვკბენთ ერთმანეთს, რადგან კონკურენციაა და ასეთია ეს გადაცემა.

ერთ ნაცნობ მომღერალზე მე და ნინო ჩხეიძეს ომი გვქონდა და ბოლოს ნინოსთან წავიდა, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.

ბევრი ნაცნობი სახე ვიხილეთ ამ შოუში, არადა, უცხოურ ანალოგებში ასე არ არის. პროექტს კი "ახალი ხმა" ჰქვია.

- ბრიტანულ ანალოგში გამოდიოდა "ფაივის" წევრი, ასევე ჯესი კემპბელი, რომლის გამოც ორმა მწვრთნელმა დაჭამა ერთმანეთი. უამრავი ასეთი შემთხვევაა. 27 ქვეყანაში ჩატარდა ეს შოუ, მათ შორის, რუსეთში. ყველგან "ხმა" ჰქვია და არა "ახალი ხმა".

მაშინ საქართველოში რატომ მიუმატეს სიტყვა ახალი?

- ჩემო საყვარელო და ძვირფასო საზოგადოებავ, არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ პროექტის გამარჯვებული მიიღებს ბინას და ორი თვე იქნება პოპულარული, როგორც სხვა პროექტებში ხდება. "ახალი ხმის" გამარჯვებული გაემგზავრება "უნივერსალის" სტუდიაში, როგორც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო და არა ახალი ხმა და ჩაწერს იქ სინგლს. ეს სინგლი დატრიალდება ცნობილ, პრესტიჟულ მუსიკალურ არხებზე. ამას ჩვენ კი არა, კორპორაცია "ვოისის" წარმომადგენლები ჰპირდებიან. ამ კონკურსის პრინციპი არ არის ახალი ხმის აღმოჩენა. მეც გაურკვევლობაში ჩავვარდი, რადგან ეს შეკითხვა ლეგიტიმურია, თუ ახალი ხმა ჰქვია, რატომ მოდიან ნაცნობი სახეები? პროექტის ავტორებმა მითხრეს, რომ საქართველოს ხმას ვერ დაარქმევდნენ, რადგან რადიო არსებობს. ჩემი აზრით, არასწორი სახელი დაარქვეს. მეორე მხრივ, თუკი ვინმე ცნობილია იმის გამო, რომ ორ-სამ ეთერში გამოვიდა, არ უნდა მივცეთ პროექტში მონაწილეობის საშუალება და არ გავაგზავნოთ საზღვარგარეთ საუკეთესო?!..

მეორე მხრივ, ცნობილი სახეების გამოჩენამ საზოგადოების ნაწილი ჩაწყობებზე აალაპარაკა...

- საზოგადოებას სჩვევია ზედაპირული დასკვნების გაკეთება. ჩაწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ბევრი ბავშვი ამბობდა, რომ დათოსთან უნდოდა მოხვედრა, მაგრამ მე არ დავაჭირე ღილაკს. თუკი მე ვიცი, რა ხდება ახალ თაობაში, ვიცნობ ბევრ მომღერალს, როგორ მიბედავთ და ამას როგორ მითვლით მინუსად? ეს ჩემი პლუსია. ისეთი მაგარი ტიპი ვარ, რომ ვიცი, რა ხდება ახალ თაობაში. ვინც მომწონს, ვაჭერ ღილაკს. მთავარი ის არის, მე ვინ მირჩევს. იყო შემთხვევა და ამას მაყურებელი ნახავს, როცა მარტო მე შემოვტრიალდი და აქ შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ნაცნობობით დავაჭირე ღილაკს, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდა. ჩვენ ვიცოდით სალომე ქათამაძე და იმიტომ შემოვტრიალდით? სმენა არ გვაქვს თუ რა ხდება?!.. იყო გოგონა, ნადინ ზახარიანი, მასზე მე არ დავაჭირე ღილაკი, დანარჩენებს ჰყავდათ ოთხ-ოთხი ბავშვი, მე არც ერთი, მე ვეხვეწებოდი მათ, აიყვანეთ ეს გოგონა-მეთქი. ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი, რატომ, გადაცემის დრამატურგია ისე ააგეს, რომ სხვადასხვა გადაცემიდან ესა თუ ის კონკურსანტი ერთ გადაცემაში გააერთიანეს. მე რომ სხვებს ვეხვეწებოდი, ნადინზე დააჭირეთ-მეთქი, ამ დროს უკვე 11 კონკურსანტი მყავდა და წინ კიდევ ბევრი კონკურსანტი გვყავდა მოსასმენი. ეს გადაცემაში არ გამოჩნდა, გამოჩნდა ის, რომ მე არავინ მყავდა და არ დავაჭირე. ძალიან ბევრი ვიცანი, ასევე ცნობილი სახეებიდან და არ დავაჭირე, მაგრამ მათ ვერ დაგისახელებთ. ჩემს გუნდში ისინი ვერ მოხვდნენ.

ბოლო დღეს გაზარდეს კონკურსანტთა რაოდენობა და უფლება მოგვცეს, 14-მდე შეგვევსო.

გყავს ამ 14 კაცს შორის ფავორიტები, რომლებიც, ფიქრობ, გამარჯვებას მიაღწევენ?

- ჩვენ მაგრად ვმუშაობთ. ერთი წამითაც არ დამკარგვია იმის განცდა, რომ პროფესიონალი ვარ. ვარ დამოკიდებული სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე, ასევე კოლეგების რჩევებზე. ბავშვებს ვაიძულებ, რომ გაააქტიურონ მხარდამჭერები. რაც შეეხება ფავორიტს, შოუში მოვისმინე ჩემი კოლეგების ამბიციური განცხადებები (იცინის), მაგრამ მეც ვიტყვი, რომ მყავს 4 ისეთი კონკურსანტი, რომელთაც შეუძლიათ ბოლომდე გასვლა. ბევრი მოულოდნელობაც შეიძლება მოხდეს. ახლა მიდის რეპეტიციები, არავის არა აქვს ჩამოყრილი ყურები და არ აქვს იმის განცდა, რომ აუცილებლად გავუშვებ. გამიშვებ, ცრემლები მაინც წამოგივა და გაიძულებ, რომ ძალიან ინერვიულო, აი, ასე მემუქრებიან ჩემი ბავშვები. ამაში ვხედავ ჩემს მომავალს, მომწონს, რომ ვარ მწვრთნელი და ასე ვაპირებ ჩემი კარიერის გაგრძელებას, ახალ თაობასთან მუშაობით. პოლიტიკაში ვერ გადავალ. მუსიკაში კი ახალმა თაობამ უნდა დამტოვოს, რომლის დიდი თაყვანისმცემელიც გახლავართ!..