„პიკის“ თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ...

„პიკის“ თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ...

ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის, დეპუტატებისა და აშშ-ის ელჩის სახელზე სპეციალური მიმართვები გაავრცელეს. დეპუტატებისთვის განკუთვნილ მიმართვაში ტელეკომპანიის თანამშრომლები განმარტავენ, რომ "პიკ"-ი საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხი და კავკასიის ისტორიაში უნიკალური მედიაპროექტია.

"მთავარ სამიზნე აუდიტორიას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, კავკასია, პოსტსაბჭოთა სივრცე და დასავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი ემიგრაცია წარმოადგენს. ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები ერევანში, ბაქოში, კიევში, მოსკოვსა და თელ-ავივში. ეს უნიკალური წყაროა, მიიღო ობიექტური ინფორმაცია ოპერატიულად რუსულ ენაზე", - ნათქვამია მიმართვაში.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არხი ეთერში 2011 წლის დასაწყისში გავიდა და ხარვეზების გარეშე მუშაობდა.

"ჩვენი მთავარი სლოგანია - "ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები დუმან". პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდმა მოამზადა უამრავი ცხელი, ექსკლუზიური რეპორტაჟი, დოკუმენტური ფილმი და პროგრამა, რამაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია", - განმარტავენ ჟურნალისტები დეპუტატებისადმი მიმართვაში.

აშშ-ის ელჩისთვის განკუთვნილ მიმართვაში კი ჟურნალისტები რიჩარდ ნორლანდს იმ მიზეზებზე უყვებიან, რომელთა გამოც არხმა მუშაობა შეწყვიტა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სახელდება "შეუთანხმებელი პროტესტი და ღია დემარში". მხედველობაში გვაქვს კითხვები, რომლებიც არხის ჟურნალისტებმა დასვეს პირდაპირ ეთერში აქციისას – "ვდუმვართ პროტესტის ნიშნად". მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ, ჟურნალისტები, მოვალე ვართ, დავსვათ კითხვები, თუნდაც ისინი "უხერხული" იყოს. თუ ჟურნალისტების კითხვები შეიძლება ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს, მაშინ შეგვიძლია, ცენზურაზე ვისაუბროთ. აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერია. ეს არის ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა მოქალაქის უფლება. გვწამს, რომ "პიკ"-ის არსებობა აუცილებელია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ ჟურნალისტებს, რომლებმაც 3-წლიანი მაუწყებლობის მანძილზე მაყურებლის ნდობა დაიმსახურეს", - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, „პირველი კავკასიურის“ ეთერში ე.წ. მდუმარე საინფორმაციო გამოშვება 15 ოქტომბერს გავიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტები სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას ითხოვდნენ და პროტესტიც ამან გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ მაშინ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "პირველ კავკასიურთან" დაკავშირებით აღებული ყველა ვალდებულება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შესრულებული აქვს. ჭანტურია ამბობდა, რომ ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" თანამშრომლები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები არ არიან და შესაბამისად, მათ წინაშე "საზოგადოებრივ მაუწყებელის" პირდაპირი ვალდებულება არ გააჩნია.

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ "პირველი კავკასიურის" ჟურნალისტები არ არიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები. ეს კომპანია მუშაობს ჩვენს დაკვეთაზე. ასე რომ, არანაირი ვალდებულება მათთან ჩვენ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება თავად კომპანიას, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შეკვეთას ასრულებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა პირობა, ფინანსური ვალდებულებაც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" პირნათლად აქვს შესრულებული. ბოლო ასეთი მოთხოვნა იყო 8 ოქტომბერს და ხელშეკრულებით ჩვენ 10 დღეში უნდა გადაგვერიცხა გარკვეული თანხა, რაც 6 დღეში დავაკმაყოფილეთ", -განაცხადა ჭანტურიამ. რაც შეეხება "პირველი კავკასიურის" სატელიტიდან გათიშვას, ჭანტურიას განმარტებით, ეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრეროგატივაა.

20 ოქტომბერს კი „პიკმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განუხრელად ასრულებდა და ასრულებს თავის ყველა (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ.

”მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა, თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით.  ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე ("გლობქასტი”-რედ), რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები”, - აღნიშნა ჭანტურიამ ტელეეთერში.

თავად „პიკ“-ის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არხის გათიშვა სურდა, რამაც გამოიწვია მდუმარე პროტესტი, ხოლო ამის შემდეგ „პიკი“ საერთოდ დაიხურა. არხის თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეული ფინანსური დარღვევების გადასაფარად დასჭირდა „პიკ“-ის დახურვა. For.ge-ს „პიკ“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე ესაუბრება.

ეკატერინე კოტრიკაძე: „პრობლემა დაიწყო იმით, რომ 12 ოქტომბერს ჩვენ სრულიად მოულოდნელად მოვიხსენით სატელიტიდან. ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ მოხდა ასე, რადგან არანაირი მიზეზი არავის განუმარტავს. მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი რუსულენოვანი ტელეარხი საქართველოში, რომელიც 2010 წლიდან მოღვაწეობს და საკმაოდ ცნობადია. ამიტომ ამგვარი არხის დახურვა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არხის არსებობისათვის ბიუჯეტის თანხები იხარჯება. ამის პარალელურად ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გია ჭანტურია და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა მესვეურები საკუთარ თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ „პიკ“-ი იხურებოდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაფერი ძალიან მალე ხდება ცნობილი და როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ არხი იხურებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელმძღვანელობასთან ვცადეთ გაგვერკვია, რაში იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ „პიკს“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან არც ფინანსური და არც რაიმე სხვა სახის შეუსრულებელი ვალდებულება არ ჰქონია. ამიტომ არხის დახურვის არანაირი საბაბი არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „პიკს“ მხოლოდ 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა ემაუწყებლა, რის შემდეგაც იგი უნდა დაეხურათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ როგორც ჟურნალისტებს გაჩუმების უფლება არ გვქონდა და მართლაც გავჩუმდით პროტესტის ნიშნად. ჩვენ მდუმარე პროტესტი მოვაწყვეთ იმიტომ, რომ არ გვქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გვხურავდნენ. შევეცადეთ გია ჭანტურია ან საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე სხვა პასუხისმგებელი პირი ჩაგვეწერა, მაგრამ ისინი კომენტარებს არ აკეთებდნენ. ამიტომ მოვაწყვეთ საპროტესტო აქცია, რომელიც გაკეთდა იმიტომ, რომ ჩვენ ვსვამდით კითხვებს და მათზე პასუხს არავინ გვცემდა. სწორედ ეს აქცია მოგვიანებით ახრის დახურვის საბაბი გახდა, თუმცა ჩვენ ასე ვიცით, რომ ეს აქცია რომც არ გაკეთებულიყო და ამას ასეთი აჟიოტაჟიც რომ არ მოჰყოლოდა, მაინც 15 ოქტომბერს დავიხურებოდით.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენმა გენდირექტორმა დიახაც თვითნებურად აწია არხის სიგნალი სატელიტზე, რაც ჩვენი დახურვის კიდევ ერთი (რა თქმა უნდა ფორმალური) მიზეზი გახდა. იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ჩვენსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არის გაფორმებული, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი სატელიტიდან გათიშვის უფლება არ აქვს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, სატელიტზე ვიყოთ. აქვე გეტყვით, რომ ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „პიკ“-ის დახურვის ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში კითხვები დავსვით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ცენზურასთან. საერთოდაც ნებისმიერი სატელევიზიო არხის გათიშვა და 400 თანამშრომლის უმუშევრად დატოვება იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში კითხვები დასვეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ეს არის ჩვენი და ჩვენი მაყურებლების უფლებების დარღვევა. ამიტომაც ვაპირებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შევხვდეთ, რომლებიც საქართველოში ასეთი სატელევიზიო არხის არსებობით არიან დაინტერესებულები. ასევე მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და ჟურნალისტების უფლებების დამცველებს, რათა საქართველოში ასეთი პრეცედენტი არ შეიქმნას.

როდესაც თქვენ მდუმარე საინფორმაციო გამოშვება გააკეთეთ, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტებმა სახელფასო დავალიანებების არსებობა გააპროტესტეს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ეს ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია იყო. საქმე იმაშია, რომ იმ დროისთვის თანამშრომლების ნაწილის მიმართ მართლაც არსებობდა სახელფასო დავალიანება, მაგრამ ჩვენი მთავარი აქცენტი იყო იმაზე გაკეთებული, რომ თუ არხი იხურება, მაშინ სად არის საბიუჯეტო თანხები, რაც „პიკ“-ისთვის არის გამოყოფილი. სწორედ ამიტომ დავსვით კითხვა, რატომ არ გაიცა ხელფასები. ჩვენ გვქონდა სრულიად ლეგიტიმური კითხვები - თუ ფული აღარ არის, სად წავიდა ეს თანხები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი „პიკს“ ყოველთვიურად ურიცხავდა? ხოლო თუ არ ჩარიხა, რა უფლებით მოიქცა ასე? ხოლო თუ ეს ფული საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიტოვა, დააბრუნა თუ არა ბიუჯეტში? ჩვენ ესეც გვაინტერესებს და სწორედ ამიტომ აუდიტის ჩატარებას ვითხოვთ.

ჩვენი საპროტესტო აქციის მთავარი მიზეზი და მიზანი სახელფასო დავალიანების გასტუმრება არ ყოფილა. ჩვენ ვიცოდით, რომ არხს ხურავდნენ და ამის დაშვება არ გვინდოდა. კიდევ ხუთი დღე მოვახერხეთ, რომ არხის ფუნქციონირება შეგვენარჩუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ის მაინც დაიხურა.

როდემდე აქვს მოქმედების ვადა იმ ხელშეკრულებას, რომელიც „პიკს“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქვს გაფორმებული?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ტენდერის მიხედვით, ხელშეკრულება ერთწლიანია და დაახლოებით 5 დეკემბრამდე აქვს მოქმედების ვადა.

თქვენ ამბობთ, რომ მდუმარე აქციაზე რამდენიმე კითხვა დაისვა და ფორმალურად ეს გახდა არხის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ საინტერესოა თავიდან რა გახდა სატელიტიდან „პიკის“ ჩახსნის მიზეზი?

- ახლა უკვე როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, მდუმარე აქცია მხოლოდ საბაბია, ხოლო თუ ამის გამო გაგვთიშეს, ეს უფრო უარესია, რადგან ეს პირდაპირი ცენზურაა. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეს გადაწყვეტილება მდუმარე აქციამდე იყო მიღებული. მთავარი კითხვა სწორედ ის არის, თუ რატომ მოუხსნა ასე უპირობოდ და გაუფრთხილებლად არხი სატელიტიდან? ან ჰქონდათ თუ არა ამის უფლება, რომ არხი სატელიტიდან ასე მოეხსნათ? არის მოსაზრება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ფინანსური პრობლემები და ჩვენი არხის გათიშვით ამ პრობლემების დარეგულირებას ცდილობენ. მაგრამ იმიტომ, რომ მინდა ბოლომდე ობიექტური დავრჩე, მეც და ჩემი თანამშრომლებიც ვითხოვთ აუდიტის ჩატარებას, რათა სპეციალისტებმა გაარკვიონ, რა გახდა არხის გათიშვის მიზეზი. ხოლო თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად ჰქონდა ფინანსური დარღვევები ან პრობლემები (ჩვენ ამის დანამდვილებით მტკიცება არ შეგვიძლია) ეს ექსპერტებმა დაადგინონ. ამ ეტაპზე ამას ნამდვილად ვერ ვამტკიცებთ, რადგან ამის უფლება არ გვაქვს.

მას შემდეგ, რაც არხი გაითიშა, „პიკისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს შორის არის თუ არა კიდევ რაიმე სახის მოლაპარაკებები?

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ოფიციალურად კონტრაქტი არ არის გაწყვეტილი, უბრალოდ მისი მოქმედება არის შეჩერებული. თუ სწორად მაქვს ინფორმაცია, მოლაპარაკებები წერილობითი ფორმით ისევ მიმდინარეობს, ანუ ამას ახლა მიმოწერის ფორმა აქვს. ამასთანავე, თუ არაფერი შეიცვლება, ხუთშაბათს საზმაუწყებლის ბორდის სხდომა შედგება, რომელშიც მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, რასაკვირველია, თუ დამიძახებენ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი არხის ხელმძღვანელი ალექსანდრე ფარულავა იქ ნამდვილად მივა.

ამდენად, ბორდის სხდომაზე თქვენი არხის საკითხი განიხილება?

- ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართვაც კი გავუგზავნეთ, რომ ჩვენი საკითხი ბორდს განეხილა. შეგიძლიათ გია ჭანტურიას არაერთი განცხადება მოიძიოთ (თუნდაც ერთი წლის წინ გაკეთებული) სადაც იგი ჩვენი არხის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობდა. ახლა კი უცებ „პიკი“ ასეთი უმნიშვნელო გახდა მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობა არ შემცირებულა. ისინი დიდი სიამოვნებით გვიყურებენ და ასევე უამრავი ადამიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამდენად, ძალიან კარგია, რომ ბორდი იკრიბება, რადგან გვინდა გაირკვეს, მიიღო თუ არა მან მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, როდესაც „პიკი“ სატელიტიდან მოიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაიგოს, არხის გათიშვა მოხდა არა მას შემდეგ, რაც ჩვენ მდუმარე აქცია მოვაწყვეთ, არამედ ეს აქცია სწორედ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ჩვენ სრულიად მოულოდნელად ჩაგვხსნეს სატელიტიდან და სწორედ ამას ვაპროტესტებდით.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბორდი შეიკრიბება, ამ საკითხზე იმსჯელებს და ჩვენი მაუწყებლობა კვლავ განახლდება.“