ვინ არიან რუსთაველის გამზირზე მდგარი ახალგაზრდები, რომელთა შესახებაც ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები, რომ ისინი არიან პატრიოტი გულანთებული ადამიანები, ან ვიღაცისგან, ანუ „ნაცებისგან“ მართულნი.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ახალგაზრდები უკვე პოლიტიკაში არიან, ისინი რუსთაველზე დგომით პოლიტიკას ქმნიან და ამ ძალას ვერაფერი შეაჩერებს.
ასეთი დადებითი შეფასებების მიუხედავად, ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ყოვლად უღირსი კამპანიაც მიმდინარებს, თითქოს ისინი ლგბტ-ეები და ნარკომანები არიან.
შეიძლება ვენდოთ თუ არა ამ ახალგაზრდების გულწრფელობას?
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს გაუმართებლად მიაჩნია შეფასება, თითქოს ეს ახალგაზრდები ვინმესგან მართულები არიან.
„ჯერ ერთი, რას ნიშნავს მართული? თუ ახალგაზრდებმა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება დაიჯერეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მართულნი არიან. თუ ასეა, მართულია ეს პარლამენტი, სადაც კი არ სჯერათ ვიღაცის, არამედ საკუთარი კეთილდღეობა ანაღვლებთ. საინტერესოა, როგორ უნდა მართონ ეს ახალგაზრდები? განა იმ ახალგაზრდებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ან რომელიმე სხვა პარტია ეუბნება, რომ მე თქვენ ფულს მოგცემთ და თქვენ კარგად იცხოვრებთო? ეს ასე არაა. საზოგადოებრივი აზრი არ შეიძლება შეიქმნას ფულით. ამდენი ფული, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნა ქვეყანაში, არ არსებობს, არც ივანიშვილს არ ექნება ამდენი ფული. თუ ამ ახალგაზრდებმა ვიღაცის აზრი დაიჯერეს, ეს ნიშნავს, რომ იმ ვიღაცამ ისინი თავიანთ სისწორეში დაარწმუნა. ახალგაზრდები გულწრფელები არიან. სულაც არ არის აუცილებელი, მელიას მოუსმინონ ან გიგა ბოკერიას, იქნებ, დათო უსუფაშვილს ან გია ბუღაძეს მოუსმინეს და დაიჯერეს?! ამიტომ არ შეიძლება ახალგაზრდების ასე შეურაცხყოფა, რომ ისინი მართულები არიან. ასევე, საზიზღრობა იყო, რაც მათ დასწამეს, ვერც კი ვიმეორებ, თითქოს ისინი ნარკომანები ან ლგბტ-ეები არიან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და შეკითხვის საპასუხოდ, შექმნიან თუ არა ეს ახალგაზრდები პოლიტიკას მომავალში, განმარტავს, რომ, სავარაუდოდ, არ შექმნიან, რადგან ამ ახალგაზრდების უმრავლესობას შესაძლოა, სძულს კიდეც პოლიტიკა.
უბრალოდ, ახალგაზრდები საპროტესტოდ განეწყვნენ ერთჯერადად, ნახეს რა გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ იხილეს 20 ივნისის საშინელება და აღშფოთდნენ. პოლიტოლოგს არც ის სჯერა, რომ გავრილოვის ჩამოყვანა იყო შეთქმულება. სინამდვილეში, ასე არ ყოფილა, გავრილოვის ჩამოყვანა იყო დილეტანტიზმი და შედეგზე გაუთვლელი მოქმედება. კობახიძემ ისე მიიღო გავრილოვი, არც აინტერესებდა იგი, დაადო თავი და აზერბაიჯანში წავიდა. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა ამ მართლმადიდებლურ ასამბლეაზე, მაშინ რაღა დროს აზერბაიჯანში წასვლა იყო? რატომ დაიგეგმა ეს ყველაფერი ერთდროულად?
პოლიტოლოგს მიაჩნია, როდესაც ქუცნაშვილს მივანდობთ გავრილოვის ჩამოყვანის ყოველდღიურ დღის წესრიგს, ყველაფერი ასე დასრულდება. არ უნდა ჩატარებულიყო ეს ასამბლეა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, დიპლომატიური მეთოდით მოეგონათ ხელოვნური საბაბი, რომ ეს არ მომხდარიყო.
„მაგრამ ჩვენს ქვეყანაში აბსურდული რაღაცები ხდება. ერთი ძალზე პრეტენზიული პარტიის ლიდერი გამოდიოდა, ჩვენ უნდა მოვატყუოთ რუსეთიო. ვის მოატყუებ ორი წიგნის წაუკითხავად, კგბ-ს ინტელექტუალს მოატყუებ, თუ კგბ-ში გაზრდილ პუტინს?“
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, თუკი ამ ახალგაზრდების მოთხოვნებს დავაკვირდებით, აშკარაა, მათ უკან „ნაცმოძრაობა“ დგას და პოლიტიკური პატრონაჟი მათ აქციაზე სწორედ „ნაცებს“ აქვთ.
„ახალგაზრდები არ არიან ჩამოყალიბებულნი როგორც ცალკე ავტონომიური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბოთლებსაც კი ესვრიან „ნაცმოძრაობის“ წევრებს და არ უნდათ, ასოცირდნენ მათთან, საბოლოო ჯამში, ეს აქცია იმართება „ნაცმოძრაობის“ მიერ. ცხადია, მათ შორის, შეიძლება იყვნენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებს ავტონომიურად პოლიტიკურად ორგანიზება შეუძლიათ და „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას შექმნიან“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.
მივიღებთ თუ არა ამ ახალგაზრდებისგან სერიოზულ პოლიტიკოსებს, ამის შესახებ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამას დრო გვიჩვენებს, ყველა ადამიანს თავისი პოლიტიკური წარსული, მომავალი და პერსპექტივა აქვს. თუმცა იმის გამო, რომ ეს ახალგაზრდები აქციაზე დგანან, გინდა თუ არა, ეს იქნება პოზიტიური პოლიტიკური ძალა, ამას ვერავინ დაამტკიცებს. მით უმეტეს, ცალკე პოლიტიკური ინსტიტუციის სახით ეს ჯერ არ არის. უბრალოდ, ეს არის მიტინგი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთა - „ნაცებიც“ და „ევრონაცებიც“.