„სტრასბურგი ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას - „რუსთავი 2“ არის ქიბარ ხალვაშის“

„სტრასბურგი ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას - „რუსთავი 2“ არის ქიბარ ხალვაშის“

დარჩება თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, რომლის თანახმად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, ეს 18 ივლისს გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ უნდა გამოაცხადოს.

ქიბარ ხარლვაშის ინტერესების დამცველი, პაატა სალია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ახლა სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ჰქონდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს შეზღუდული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„სტრასბურგის სასამართლომ უნდა თქვას, შეელახა თუ არა მოწინააღნდეგე მხარის უფლებები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რამაც შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს სტრასბურგის სასამართლოს, ანუ შეიცვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ არ ყოფილა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პრინციპები დარღვეული, რამაც შეიძლება სხვა გადაწყვეტილება გამოიწვიოს. ამიტომ, ველოდებით, რომ შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება. გვაქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე არის ქიბარ ხალვაში“, - აცხადებს პაატა სალია.

for.ge-ს კითხვაზე, თუკი სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას არხის დღევანდელი მფლობელები, სალია პასუხობს: „კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც ასევე დადასტურდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ვინმე არ დაემორჩილება, ეს მისი არჩევანია. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. არა მგონია ვინმეს ჰქონდეს გადაწყვეტილი არ შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“. - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა სალიამ.

რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო? - საქართველო განაჩენის მოლოდინშია. ექსპერტი გია აბაშიძეც ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრეს, ქიბარ ხარლვაშს.

„ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს. როგორც რიგი იურისტები მეუბნებიან, სხვანაირად ამ ქეისს სამართლებრივი „კვანძის გახსნა“ არ გააჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამია, რომელიც კვალიფიციური იურისტია და ჰყავს გარშემო რამოდენიმე ასეთიც, ზუსტად იცის, რომ პროცესს აგებს. არ გამოვრიცხავ, რომ 18 ივლისის ვერდიქტზე ინფორმაცია წინასწარ უკვე აქვს შიგნიდან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროცესი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება „დაიცავი „რუსთავი 2“-ის სლოგანით“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო ნიკა გვარამიასთვის არცთუ ისე სახარბიელო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აქედან გამომიდინარე, მათი მიზანია, აქციები, რომელსაც ნაცები და მათთან აფილირებული ადამიანები მართავენ, მანამდე შეინარჩუნონ და მერე პროტესტი სხვა ფორმებში, „რუსთავი 2“-ის დასაცავად გადაიტანონ ლოზუნგით „თავისუფალი სიტყვა განსაცდელშია“ და ა.შ. ცხადია, იქნება ყველანაირი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშესაშლელად და პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადასატანად. სავარაუდოდ ესეც დიდი გეგმის ნაწილია“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.