გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი მთავარ პროკურორს წერილობით მიმართავს, რომელშიც ხელახალი და სრულყოფილი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორთაჭალის N1 საპყრობილიდან, ე.წ. კრიტიდან ბარათელის განცხადება ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გამოიტანა, რომელიც ბარათელის ინტერესებს 22 ოქტომბრიდან იცავს.

მამუკა ნოზაძე გიორგი ბარათელთან სამ საათზე შევიდა და იქიდან ექვსის ოც წუთზე გამოვიდა. გარეთ მას ველოდებოდით: for.ge-ს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“,  ტელეკომპანია „მაესტროს“, საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ს, „საერთო გაზეთის“ და საინფორმაციო სააგენტო „გლობალ ნიუსის“ წარმომადგენლები.

ბარათელის განცხადების გაცნობასთან ერთად მამუკა ნოზაძემ ბარათელის დაკავების დეტალებზეც გვიამბო, რომელშიც ყველაზე დასამახსოვრებელი ისაა, რომ გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კოსტავას გამზირზე, ტელევიზიასთან ახლოს დააკავეს და შემდეგ თბილისის ზღვაზე აიყვანეს.

მთავარი პროკურორის სახელზე დაწერილი გიორგი ბარათელის განცხადება ასეთი შინაარსისაა - „2007 წლის მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში, იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩამიდენია, კერძოდ, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობისთვის. მე გახლავართ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, რომელსაც უკანონოდ, შეთითხნილი ბრალდების  საფუძველზე მოსჯილი მაქვს ხანგრძლივი პატიმრობა. ჩემი დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უკანონობას და მუქარებს, რის შედეგადაც იძულებული გავხდი საკუთარი სიცოცხლე რომ გადამერჩინა, მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. გთხოვთ, დამკითხოთ ჩემს მიმართ ჩადენილ უკანონობაზე, ჩემი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად, რათა ნათელი მოეფინოს იმ გარემოებას, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს, მისი მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გახსნილი და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი“.

გიორგი ბარათელს 26 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. სასჯელს 5 წელი და 6 თვეა იხდის. თავიდან, წელიწადნახევარი იმყოფებოდა რუსთავის N6 საპყრობილეში, საიდანაც ორთაჭალის N1 საპყრობილეში გადაიყვანეს და ახლა სასჯელს 19-კაციან საკანში იხდის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათელს ორთაჭალის N1 საპყრობილეში 18 ოქტომბერს შევხვდი ყოფილ პარლამენტართან, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან სოსო მანჯავიძესთან ერთად. ბარათელთან სიტყვიერად შევთანხმდით, რომ მის მოსანახულებლად ადვოკატი მამუკა ნოზაძე 22 ოქტომბერს შევიდოდა. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე იმავე დღეს გამოვაქვეყნეთ, რაც მეორე დღეს სხვადასხვა ტელეარხებმა და საინფორმაციო სააგენტოებმაც გააშუქეს. გიორგი ბარათელმა მამუკა ნოზაძეს განუცხადა, რომ 19 ოქტომბერს მასთან ადვოკატი ირმა ჭკადუა შევიდა, როგორც 51-კაციანი მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მაგრამ ბარათელს მასთან დაკავების დეტალებზე არ უსაუბრია.

აი, რა გვიამბო საპყრობილიდან გამოსვლის  შემდეგ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, გიორგი ბარათელის დაკავებასთან დაკავშირებით:

„გიორგი ბარათელმა მომიყვა მის მიმართ უკანონობის განხორციელება როგორ მოხდა. გიორგი ბარათელი იმ ადგილას არ დაუკავებიათ, რომელზეც სამართალდამცველები მიუთითებდნენ. მიამბო დაკავების შემდეგ როგორ აიყვანეს თბილისის ზღვაზე, სადაც ის ერთ-ერთმა პოლიციელმა დაჭრა. ასახელებს პოლიციელებს - ვინმე გივის და ვინმე ნოდარის, რომელთა ამოცნობა, რა თქმა უნდა, შეუძლია. ასევე ჰყვება როგორ ახორციელებდა პროკურორი მასზე ზეწოლას და პარალელურად, როგორ ცდილობდა შეურაცხყოფა მიეყენებინა გურამ შარაძისთვის - გიორგი ბარათელს აიძულებდნენ ეთქვა და დაეწერა, რომ გურამ შარაძეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა, რაც გიორგი ბარათელმა არ გააკეთა. შემდეგ ციხის ადმინისტრაცია მას პატიმრების სახელით მუქარის წერილებს უგზავნიდა, რათა სიმართლე არ გაემჟღავნებინა.

გიორგი ბარათელს არ ჰქონდა იმის რწმენა და იმედი, რომ სიმართლის გაცხადების შემთხვევაში გამოძიება და სასამართლო საქმეს ობიექტურად წარმართავდნენ. ამიტომ, იძულებული იყო ხუთწელიწადნახევარი ჩუმად ყოფილიყო და ამგვარად  საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობასთან არანაირ კავშირში არ არის. გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. გიორგი ბარათელი კი 20 მაისს, დღისით, მზისით, ანუ გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კოსტავას გამზირზე, ტელევიზიასთან ახლოს, „ომეგა ოპელის“ ფირმის მანქანით სამმა პოლიციელმა დააკავა. იქიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. ერთ-ერთი პოლიციელი დაკავებისთანავე ემუქრებოდა - „შენ დიდი ხანია დაგდევ, შენი მოკვლა მინდაო“. ანუ დაკავებისთანავე მის მიმართ მუქარის განხორციელება დაიწყო. დაკავებისას არც გაუჩხრეკიათ. ამბობს რომ ჯიბეში დანა ედო და დანაც კი არ ამოაცალეს. ანუ კოსტავას გამზირიდან თბილისის ზღვაზე აყვანამდე პოლიციის მანქანაში ეს დანა ჯიბეში ედო.

პოლიციელებმა „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტი ამოიღეს და ჰკითხეს, მას ეკუთვნოდა თუ არა ეს იარაღი. გიორგი ბარათელის განმარტებით, დეიდის სახლში მართლაც ინახავდა „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტს, მაგრამ მან არ იცის პოლიციელების მიერ წარდგენილი იარაღი მას ეკუთვნოდა, თუ ეს სხვა იარაღი იყო. ბარათელის განმარტებით, „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტი პოლიციელებმა ხელში დააჭერინეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ხელზე ხელთათმანი ჰქონდა ჩამოცმული, სასხლეტზე თითი გამოაკვრევინა და შემდეგ იარაღი შეინახა. ეს მოხდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით შავი „ჯიპით“ ვიღაც მივიდა. მან პოლიციელებს სიტყვიერი განკარგულებების მისცა, თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. გასროლილი იარაღი პოლიციელებმა სწორედ ამ შავჯიპიანს გაატანეს.

მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და იარაღიდან გასროლა მოხდა, შესთავაზეს ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. ამ დროს ჯერ დაბნელებული არ იყო. ანუ გურამ შარაძე მოკლული არ იყო.

გიორგი ბარათელმა მითხრა: „მეგონა გურამ შარაძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, საქმეს ვერ ხსნიდნენ და ამიტომ მაიძულებდნენ დანაშაული ჩემს თავზე ამეღო. მეუბნებოდნენ - „შენ მაინც გიჭერთ, ექიმ ტირზიკიანის დაჭრის ფაქტზე შენზე ძებნაა გამოცხადებული. მოდი აღიარე გურამ შარაძის მკვლელობა, ჩვენ მოგხედავთ ციხეში, სურსათით და ნორმალური პირობებით უზრუნველეგყოფთ. სამ-ოთხ წელს მოგცემთ და მერე ჩვენ თვითონ გამოგიყვანთო“. აი, ასეთ პირობას უდებდნენ ბარათელს, როგორც თბილისის ზღვაზე, ისე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოგვიანებით გადაიყვანეს.

ბარათელი ამბობს, რომ თბილისის ზღვაზე რაღაც მომენტში მან დრო იხელთა და გაიქცა. პოლიციელი გაეკიდა და სწორედ ამ დროს დაჭრა. მარჯვენა მხარზე ნაჭრილობევი დღესაც ეტყობა. დაჭრილი ბარათელი ისევ იმ მანქანაში, პირქვედამხობილი ჩასვეს და მისთვის უცნობ ტერიტორიაზე მიიყვანეს, სადაც ავტოფარეხში ჩაკეტეს. იქ დაახლოებით 15 წუთი დაჰყო.

პოლიციელები მსჯელობდნენ და ზემდგომებს ტელეფონით უთანხმებდნენ სცენარი როგორ უნდა განვითარებულიყო.

ავტოფარეხიდან გიორგი ბარათელი ვერაზე გადაიყვანეს. ამბობს, რომ ქუჩა ზუსტად არ იცის, მაგრამ ადგილზე მიყვანის შემდეგ იმ ქუჩას აღიდგენს. იქ ცოტა ხნით გააჩერეს, მანქანაში, საიდანაც ერთ-ერთი პოლიციელი გადავიდა. ბარათელმა მანქანის კარი გააღო და ერთ-ერთ სახლში შევიდა, საიდანაც გაქცევა მოახერხა. უფრო სწორედ, ნელი ნაბიჯებით გაემართა, რადგან დაჭრის გამო დასუსტებულს სირბილი არ შეეძლო. ბარათელი სამგზავრო მიკროავტობუსში ჩაჯდა, რომელიც ძალიან მალე გააჩერეს სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა, ბარათელი ჩამოიყვანეს და იქიდან ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ანუ, სპეცრაზმი და პოლიცია იქ იყო და ბარათელის გაქცევა, რომ არ სდომოდათ, არც გაუშვებდნენ, მაგრამ პოლიციამ მოახერხა და ეს სცენარი დადგა, რომ მომხდარიყო მისი მიკროავტობუსიდან ჩამოყვანა და ისე დაკავება, თორემ, როგორც მოგახსენეთ, გიორგი ბარათელი სინამდვილეში კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. იგი ნათლად და მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი დაკავებისას დღე იყო და დაკავების ოფიციალური გაფორმება რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.

პოლიციაში მიყვანისას ხელბორკილდადებულ ბარათელს დაახლოებით 30 კაცი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბარათელის ცემა-წამებს მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პოლიციის განყოფიელბაში პროკურორი მივიდა. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ გიორგი ბარათელი ამბობს, რომ მას ექიმებმა სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს - ჭრილობა არ დაუმუშავეს, სისხლი ზედაპირულად მოწმინდეს და წავიდნენ. პროკურორის მისვლის შემდეგ ბარათელის დაყოლიება ისევ სცადეს, მაგრამ პოლიციამ და პროკურატურამ საწადელს ვერ მიაღწია, ბარათელმა დუმილის უფლება შეინარჩუნა, ოღონდ სასამართლომდე.

დაყოლიების პარალელურად პოლიციელები უმეორებდნენ, რომ გურამ შარაძე მოკვლის ღირსი იყო და, რომ ის ამას იმსახურებდა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ხდება დღისით, ანუ გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე.

სასტიკად ნაცემი და ნაწამები გიორგი ბარათელი პოლიციის განყოფილებიდან რუსთავის N6 საპყრობილეში, სამარტოო საკანში მოათავსეს, სადაც ე.წ. მალიავები, ანუ ვითომდა პატიმრების წერილები შედიოდა, რომელშიც გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ. გიორგი ბარათელი ფიქრობს, რომ ამ წერილებს საპყრობილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უგზავნიდნენ და არა პატიმრები.

სასამართლოზე გიორგი ბარათელმა გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა. დღეს ამბობს, რომ სხვანაირად მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

იგი ასახელებს ერთ-ერთი პროკურორის ვინაობას. ამბობს, რომ სასჯელის მისჯის შემდეგ პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა მას განუცხადა - შენს უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვერაფერში დაგეხმარები, ხანგრძლივ პატიმრობაზე ბრძანება ზემოდან მოდისო.

შეგახსენებთ რომ 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში, გიორგი ჩივიაშვილმა კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა და დეპუტატი გახდა. ამჟამად ის კახეთის საოლქო პროკურორია.

გურამ შარაძის მკვლელობის მოტივი გიორგი ბარათელს პროკურატურამ უკარნახა. დანარჩენ დეტალებზე გიორგი ბარათელი გამოძიებას ნათელ და მკაფიო ჩვენებას მისცემს. ვიმედოვნებ, რომ გიორგი ბარათელს პროკურატურა უახლოეს მომავალში დაკითხავს და გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს“.