რა იქნება გონივრული გამოსავალი გიორგი გახარიასთვის?! რამდენად მართალია მოსაზრებები იმის თაობაზე, გახარია რომ გაუშვან, შესაძლოა, უკმაყოფილო შს მინისტრს სადღაც რაღაც წამოსცდეს? იქნებ, არც ის არის უსაფუძვლო, რომ გახარიას თავი არ ამოუწურავს, ამიტომაც მის შეცვლას არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი.
For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ბოლოდროინდელი პროცესების შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიასთვის კრიტიკული დღეები ჩავლილია? თუ 20 ივნისის მოვლენებს განგრძობითი ხასიათი აქვს ადამიანების მეხსიერებაში?
- არა მგონია, დღეს გიორგი გახარია გადადგეს, ვინაიდან კრიტიკული დღეები გახარიამ და „ოცნებამ“ უკვე განვლო. როდესაც 25 ათასი კაცი შეგროვდა, როდესაც შოკი იყო უცაბედად ახალგაზრდების დაბრმავება, ორი თუ სამი ახალგაზრდისთვის თვალის სინათლის წართმევა, ვიღაცის კომაში ჩაგდება, ვიღაცის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა, გახარია მაშინ არ გადადგა. არადა, თუ გახარია გადადგებოდა, სწორედ მაშინ უნდა გადამდგარიყო, როდესაც შოკში ჩავარდა მთელი ქვეყანა, მაგრამ განვლო ამ კრიტიკულმა დღეებმა. თანაც, რეალურად შესაძლებლობათა მაქსიმუმს მიაღწია საპროტესტო ტალღამ, რადგან სამი მოთხოვნიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დაკმაყოფილდა. ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისა და ნორმალური საარჩევნო სისტემისთვის უფრო მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემის შემოღება, ვიდრე გახარიას გადადგომა. ვთქვათ, გახარია გადადგა, როგორ ფიქრობთ, სადღაციდან დედა ტერეზას ჩამოიყვანენ და მას დანიშნავენ შს მინისტრად? ამიტომ ახლა საკითხი ასე დგას, ორივე მხარემ სახე უნდა შეინარჩუნოს. თავის პოლიტიკურ კარიერაში ბიძინა ივანიშვილი ასეთ დათმობებზე არ წასულა, დათმობები მისთვის სიახლეა, ეს კაცი არ არის მიჩვეული კომპრომისებს, რადგან ის პოლიტიკოსი არ არის. მისთვის ყოველი კომპრომისი ნიშნავს დამარცხებას, ჩვეულებრივი პოლიტიკოსისთვის კი კომპრომისი ნორმაა. ბიძინა ახლა თვლის, რომ ის დამარცხდა და ეძებს განტევების ვაცს. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი მოსდგა თავის პარტიას, თქვენ ვერ დააჯერეთ ხალხი ამის სიკეთეშიო და ტყავი გააძრო თავის აქტივისტებს. რაც შეეხება დღევანდელობას, ოპოზიციამ მიაღწია ძალიან ბევრს, მაგრამ იმისთვის, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, გამოძიების დასრულებამდე გახარიას დროებით შეჩერებოდა უფლებამოსილება. ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით, გამოძიება რითიც დასრულდება, ამიტომ დროებითი გადადგომა არავითარ საფრთხეს მას არ შეუქმნის, სამაგიეროდ, ახალგაზრდობა ჩათვლის, რომ მათ სამივე მოთხოვნის შესრულებას მიაღწიეს.
თქვენ იხსენებთ ხოლმე დე გოლის მაგალითს, რომლის კარიერაც სწორედ პროტესტანტი სტუდენტების გამოსვლებმა შეიწირა. საქართველოში, როგორც წესი, შს მინისტრებს ვერ ელევიან ვერც წინამორბედნი, ვერც ახლანდელნი და მათ სახელმწიფოს ხერხემლად მოიაზრებენ. რამდენად არგუმენტირებულია მომიტინგე ახალგაზდების მოსაზრება, რომ მორალური პასუხისმგებლობის ცნება საქართველოშიც უნდა არსებობდეს?
- დე გოლს სტუდენტთა აქციები არ დაურბევია. უბრალოდ, დანიელ კონ-ბენდიტმა, წითურმა დანმა, როგორც მას ეძახდნენ, სორბონის უნივერსიტეტი მთლიანად დაიკავა და მთელი საფრანგეთი იყო პარალიზებული, დე გოლი ამას მტკივნეულად განიცდიდა, რადგან ინტელექტუალები, ვისაც ის პატივს სცემდა, ახალგაზრდებს თანაუგრძნობდნენ. ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი ალბერ კამიუ გამოვიდა მაშინ და მანაც ახლგაზრდებს დაუჭირა მხარი, დე გოლის ბევრი ინტელექტუალი მეგობარიც ახალგაზრდების მხარეს დადგა. იმ პერიოდში საინტერესო რამ მოხდა, ერთი კვირით დე გოლი გაქრა პარიზიდან. არავინ იცოდა, სად იყო, შემდეგ გაირკვა, რომ დე გოლი ვერტმფრენით გაფრინდა გერმანიაში, სადაც მისი ერთგული საოკუპაციო ფრანგული ჯარი იდგა. დე გოლს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ჯარის ჩამოყვანა და სამხედრო ძალით წესრიგის აღდგენა საკუთარ ქვეყანაში, რადგან მთელი საფრანგეთი, პარიზი პარალიზებული იყო, არც ერთი სამინისტრო არ მუშაობდა. მაშინდელ სტუდენტურ მოძრაობას მართავდნენ საფრანგეთის პროფკავშირები, პროფკავშირებს მართავდნენ კომუნისტები, კომუნისტებს კი მართავდა საბჭოთა კავშირის საელჩო პარიზში. საფრანგეთის არც ერთმა მინისტრმა არ იცოდა, სად იყო დე გოლი, პირველი ეს გაიგო კგბ-მ, რომ დე გოლი ჩაფრინდა გერმანიაში და აპირებდა თავისი საოკუპაციო ჯარით მომიტინგეების დარბევას, რაც საბჭოთა კავშირს უკვე აღარ აწყობდა. ამიტომ უკან დაბრუნდა ეს წრე და საბჭოთა კავშირის საელჩომ პროფკავშირებს უთხრა, შეჩერდი, პროფკავშირებმა სტუდენტურ მოძრაობებს უთხრეს, შეჩერდითო და ისინიც შეჩერდნენ. საბოლოოდ დათმობაზე წავიდა დე გოლი, ბევრი სიახლე შეიტანა განათლების სისტემაში, მათ შორის, ისიც, რაზეც თვითონვე აღიარებდა, რომ არქაიზმი იყო. ამის შემდეგ დე გოლი მთელი წელიწადი კიდევ პრეზიდენტი იყო. მოგვიანებით მან რეფერენდუმზე გაიტანა რამდენიმე წინადადება, რეფერენდუმზეც გაიმარჯვა, მაგრამ 11 მილიონი ფრანგი მის წინააღმდეგ გამოვიდა რეფერენდუმზე. დე გოლისთვის ეს მიუღებელი იყო. თუ სხვისთვის 53%-იანი გამარჯვება გამარჯვებაა, დე გოლი თვლიდა, 60%-ზე ნაკლები თუ უჭერდა მხარს, ეს არ იყო ნამდვილი გამარჯვება. სწორედ მაშინ იყო დე გოლის ისტორიული გამოსვლა, „მე და ფრანგებმა ერთმანეთს თავი მოვაბეზრეთ, ჩემი კონტრაქტი საფრანგეთთან გაწყდა“ და ის გადადგა. ეს სულ სხვა მოვლენა იყო. სხვათა შორის, მაშინდელი სტუდენტური გამოსვლების სულის ჩამდგმელი დანიელ კონ-ბენდიტი ახლაც ცოცხალია და ლექციებს კითხულობს მთელ ევროპაში. საინტერესოა, რომ ფრანკოც გადადგა. სანამ ფრანკო დიქტატორი გახდებოდა, მოგეხსენებათ, იგი გენერალი იყო. იმ პერიოდში მასთან მსახურობდა მისი ძმის შვილი, რომელიც რაღაც ისტორიაში გაება და მას სამხედრო ტრიბუნალი ასამართლებდა. ამის გამო ფრანკომ თვითონვე შეიჩერა უფლებამოსილება, რათა საქმეში არ ჩარეულიყო და, სანამ პროცესი მიმდინარეობდა, ფრანკო წავიდა უცხოეთში. ამიტომაც ვამბობ, გამოძიების მიმდინარეობისას გახარიას თვითონვე რომ შეეჩერებინა საკუთარი თავისთვის უფლებამოსილება, ამით სახეს შეინარჩუნებდა ხელისუფლებაც და ახალგაზრდობაც. ელემენტარულად, ეს იქნებოდა გამოსავალი. თუმცა ამაზე უკვე აღარ წავა „ქართული ოცნება“.
ხელისუფლება საპროტესტო ტალღის მინავლებას ელოდება, ახალგაზრდები კი აცხადებენ, რომ ზაფხულში შესაძლოა, ხალხი დასასველებლად წავიდეს, მაგრამ სექტემბრიდან მაინც განახლდება აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
- ხალხის აღშფოთება გასაგებია, მაგრამ მაინც აღმოსავლელები ვართ, ქართველები ვართ და წყენას დიდხანს გულში არ ვინახავთ. ყველანი ვხედავთ, რომ ამ მიტინგებზეც ყოველდღიურად ნაკლები ხალხია. ალბათ, „ოცნების“ ხელმძღვანელობა თვლის, კი ბატონო, გამოვიდნენ, გააპროტესტონ, იმღერონ. მიტინგზე ნინო ქათამაძეც გამოვიდა, ანიტა რაჭველიშვილიც ჩამოვიდა და იმღერა, მაგრამ აღშფოთების ტალღამ თითქოს უკვე გადაიარა. ამის მიუხედავად, ეს აღშფოთება ადამიანების მეხსიერებაში რჩება ისევე, როგორც არასოდეს დაივიწყებენ 14 აპრილს, 9 აპრილს, 7 ნოემბერს, 26 მაისს. 20 ივნისის ღამეც უკვე ისტორიაში შევიდა, რადგან ამდენი სისხლი დაიღვარა. იურიდიულად ეს არშემდგარი არგუმენტია, რომ თურმე სისხლისღვრა მასობრივი არ ყოფილა და თვალის დათხრის მხოლოდ თითოეული შემთხვევა იყო. როგორ, მაინცდამაინც 100-200 ახალგაზრდისთვის უნდა დაეთხარათ თვალები, მასობრივი რომ ყოფილიყო? რა მნიშვნელობა აქვს, ეს დარბევა სისტემური იყო, თუ ცალკე შემთხვევა? ცალკე შემთხვევების ჯამი ქმნის სისტემურ შემთხვევას.
საინტერესო დამთხვევაა, სულ ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ ჰონკონგში პროტესტანტები შეცვივდნენ პარლამენტში, აიღეს პარლამენტი, ისინი შეიარაღებულნი არიან არმატურებით, რკინის ნივთებით, ანგრევენ მთელ პარლამენტს, კედლებზე საღებავებით წერენ საშინელ სიტყვებს, გლეჯენ სურათებს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით წვეთი სისხლი არ დაღვრილა. პოლიციელები აფრთხილებენ პროტესტანტებს, ძალას გამოვიყენებთ, ვინც პარლამენტში შეიჭრება, დავიჭერთო, მაგრამ ჯერ არავინ დაუჭერიათ. პოლიცია აპირებდა გამოეყენებინა მხოლოდ წიწაკის გაზი და ესეც არ გამოიყენა. უბრალოდ, მთავრობამ გამოაცხადა წითელი ზონის განგაში, რათა ყველა თანამშრომელს და პარლამენტის წევრს დაეტოვებინა შენობა. ჰონკონგში იოლად არ არის საქმე, რადგან ჩინეთმა მიიღო კანონი, რომ ექსტრადიცია დასაშვები იყოს ჰონკონგიდან ჩინეთში. ანუ, თუ დაიჭირეს ადამიანი ჰონკონგში, არავის არ უნდა, გაგზავნონ ჩინეთის ციხეში, ყველას ჰონკონგის ციხე ურჩევნია. ჰონკონგელები ინგლისის დროშას აფრიალებენ, მათ სურთ, ჰონკონგი იყოს ისევ ინგლისის და არა ჩინეთის. თანაც, დღეს არის მორიგი წლისთავი ინგლისის მიერ ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემის და ამასაც აპროტესტებენ ჰონკონგელები.
ზუსტად ჩვენი მსგავსი მოვლენები განვითარდა იქაც, მაგრამ მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, პოლიციამ თავად დატოვა შენობა. ჩვენთან ამის მსგავსი არ მომხდარა. თანაც, ჰონკონგში ათჯერ მეტი დემონსტრანტია, ვიდრე ჩვენთან. ამ დროს ჩვენთან სისხლის გუბეები დააყენეს, რადგან ნიკა მელიამ თქვა, მოდით, პარლამენტში შევცვივდეთო. თუ სააკაშვილს იმხელა გავლენა აქვს, რომ 2000 თუ 3000 კილომეტრით დაშორებული ჩვენს ქვეყანას მართავს და 20-25 ათასი კაცი გამოჰყავს ქუჩაში, მაშინ ბარაქალა მას. თუ იძახიან, სახელმწიფო გადატრიალებას „ნაცმოძრაობის“ პარტია ამზადებდაო, მაშინ პარტიის ლიდერი ვაშაძე რატომ არ დაკითხეს?! განა შეიძლება, პარტია ამზადებდეს სახელმწიფო გადატრიალებას და მისი ლიდერი, მისი თავმჯდომარე საქმის კურსში არ იყოს?! აბსურდამდე მიდის საქმე. ახლა პარლამენტის წევრს ტოვებენ პარლამენტში და უკრძალავენ ლაპარაკს, ესეც გინესის წიგნშია შესატანი. მიშას რომ არ უნდოდა, ენახა პარლამენტში ვალერი გელაშვილი, ხელოვნური რაღაც მოუგონეს ვალერი გელაშვილს და პარლამენტს ჩამოაშორეს, ამათ კი დატოვეს მელია პარლამენტში და უთხრეს, იმ პირობით დაგტოვებთ, თუ არ ილაპარაკებო. მაშინ ხელფასი რაში უნდა აიღოს მელიამ? ასეთ აბსურდამდე მივდივართ.
და დანგრიონ და დალეწონ ყველაერი და პასუხი არავინ აგოს? ეს ხომ ანარქიაა ჭკუის" კოლოფო. გეყოთ ჰუმანურობის თამაში. ხალგაზრდებს და ძველგაზრდეებ უნდა ესმოდეთ, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშ არ შეიზლება. სხვათა შორის "ჭკუის კოლოფო" მომიტინგეები და ნაძირალა ნაცები გვახარიას გადადგომას დარბევამდე მოითხოვდნენ. იქნებ " ჰუმანისტები დაფიქრდეთ, რატომ?
მაშინდელ სტუდენტურ მოძრაობას მართავდნენ საფრანგეთის პროფკავშირები,
პროფკავშირებს მართავდნენ კომუნისტები,
კომუნისტებს კი მართავდა საბჭოთა კავშირის საელჩო პარიზში."
:)))
ოო!.. კარგი რამე გაიხსენა!.. აბა, ბავშვებო, თქვენ თუ ხედავთ რაიმე ანალოგიებს დღევანდელ საქართველოში?
აა, ზოგი ხედავთ და ზოგი ვერა?
კარგი... მაშინ, ვინც ვერ ხედავს, გამოიაროს შემოდგომაზე და დაინახავს :)