ფეხბურთის ბილეთი და დაუვიწყარი ჩექმებიანი კაცი...

ფეხბურთის ბილეთი და დაუვიწყარი ჩექმებიანი კაცი...

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში უთუოდ არსებობდა ადამიანი ან შემთხვევა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენზე და გვემახსოვრება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. ვფიქრობ, ასეთი შთაბეჭდილების გაზიარება მკითხველისთვის საგულისხმო იქნება. ამიტომაც ვიწყებთ ახალ რუბიკას - "მემახსოვრება, სანამ ცოცხალი ვარ". შევეცდებით, საზოგადოებისთვის ცნობილი, საინტერესო წარსულის მქონე ადამიანების ცხოვრებას გადავავლოთ თვალი და დაუვიწყარი ეპიზოდები შემოგთავაზოთ. თუ ასეთი მოგონებების გაზიარებას მკითხველიც მოინდომებს, სიამოვნებით მოვუსმენთ.

სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის კარზე ზარს ვრეკავ. ხმა არ ისმის, ეტყობა, არ მუშაობს. ვაკაკუნებ. არავინ მეპასუხება. ფურცელზე ჩანიშნულ მისამართს კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ნამდვილად მესამე სართულია და თეთრი კარი მარცხნივ. რესპონდენტს ტელეფონით ვურეკავ, - თქვენს კართან ვდგავარ-მეთქი. "რას მეუბნები, არ გადამრიო, ჩემი საყვარელი "კვირის პალიტრიდან" ხართ?", - ნაცნობი ხმა ჯერ ტელეფონში მესმის, შემდეგ კი ნელ-ნელა კარს უახლოვდება. ეს კახი კავსაძეა - ჩვეული რიხითა და იუმორით.

სტალინის ჩიბუხი და ბაბუის დანატოვარი წერილი

"ძალიან პატარა ვიყავი, ბაბუაჩემი, ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე რომ გარდაიცვალა. ოთხი წლის ვიქნებოდი, მშობლებმა მის სანახავად საავადმყოფოში წამიყვანეს. იწვა, ხელები გულზე ეწყო... 
სანდრო კავსაძემ შექმნა პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი,  სათავე დაუდო კავსაძეების დინასტიას ქართულ ხალხურ საგუნდო მუსიკასა და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში. ბაბუაჩემი გორის სასულიერო სემინარიაში დაეუფლა ქართულ სიმღერას, იქვე ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, რომელშიც სოსო ჯუღაშვილიც მღეროდა. წლების შემდეგ სტალინმა ბაბუაჩემი კრემლში ვახშმად მიიწვია. სტუმრებთან ერთად თურმე სტალინიც მღეროდა. 

ბაბუასთვის უთქვამს: სანდრო, ხომ იცი, მე დიდი კაცი ვარ და ბევრი რამე შემიძლია გაგიკეთო, რამე ხომ არ გინდაო. სხვა სტუმრებსაც შესთავაზა თურმე დახმარება. ზოგმა ბინა სთხოვა, ზოგმა მანქანა. ბაბუაჩემს კი უთქვამს: აი, ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ხელში რომ გიჭირავსო. სტალინს გაეღიმა თურმე, - შენ არ შეცვლილხარო. ჩადო ჩიბუხი ტყავის ბუდეში და ბაბუას მისცა.

ავად რომ იყო ბაბუა, სტალინმა წერილი გამოუგზავნა, რომელიც სპეციალურ, გერბიან ქაღალდზე მელნით არის ნაწერი: "ტოვარიშუ ალექსანდრუ კავსაძე, ოტ ი. სტალინა"

სანდროს გაუმარჯოს! გავიგე შემთხვევით ეგნატაშვილისგან, რომ საავადმყოფოში ყოფილხართ. ამბობენ თქვენზე, ჩქარა მოკეთდებაო. ეს კარგია. თუ საჭიროა რაიმეთი მოგეხმაროთ, მითხარით. მე მზად ვარ მოხმარებისთვის. იცოცხლეთ ათასი წელიწადი. 
სალამი! თქვენი სოსო. 

09. IX. 37 წელი"


დღეს ბაბუას ჩიბუხიცა და ეს წერილიც ჩემთან ინახება. 

მამა აღარ დაბრუნდა...

ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა ომში წავიდა. სურათივით მახსოვს: ეზოში ვთამაშობდი, დედაჩემმა ამომიყვანა და ხელ-პირს მბანდა, მამაჩემი კი თავჩაქინდრული იჯდა მაგიდასთან. ვიკითხე: - დედა, რატომ არის მამა ასე მოწყენილი-მეთქი და - ომში მიდისო. მერე ეშინია-მეთქი? მამაჩემმა ამომხედა, დედაჩემი კი გამიჯავრდა: - არ არის შენი საქმეო და გამიყვანა ოთახიდან. მას შემდეგ მამა მხოლოდ ორჯერ ვნახე, "კა-გე-ბეში" და ორთაჭალის ციხეში.


აი, ეს სურათია, მამაჩემი დახვრეტას რომ გადაარჩინა. ქერჩთან ბრძოლაში მამა ტყვედ ჩავარდა. ერთ დღეს, გერმანელებმა ტყვეები დასახვრეტად გამოიყვანეს. მამას ჯიბეში ცოლ-შვილის სურათი უპოვეს და უკითხავთ, - ვინ არიანო? ჩემი ოჯახიაო - მიუგია. დიდხანს უყურა თურმე იარაღმომარჯვებულმა გერმანელმა ფოტოს, შემდეგ მიუბრუნდა თავისიანებს: ეს კომუნისტი არ არის, შეუძლებელია, კომუნისტს ასეთი ცოლ-შვილი ჰყავდესო. მეორედაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ტყვეთა ბანაკში ვიღაცამ გერმანელი ოფიცერი მოკლა. ტყვეებს გამოუცხადეს: გამოვიდეს და აღიაროს მკვლელმა, ან თქვით, ეს ვინ ჩაიდინა, თორემ  ყოველ მეათეს დავხვრეტთო. არავინ ამოიღო ხმა. ტყვეები მწკრივში ჩააყენეს და დაიწყეს გერმანულად დათვლა, ავტომატის ჯერით მოცელილი ყოველი მეათე კი მიწაზე ეცემოდა. მამასთან ერთად ბანაკში მისი მეგობარი ვალოდია ხარბედია იყო - ეს ამბავი მან მოგვიყვა. მწკრივში მეცხრე ვალოდია ყოფილა, მეათე - მამაჩემი. მაგრამ მოხდა სასწაული, გერმანელი წამით შეჩერდა, მამაჩემს თვალი თვალში გაუყარა, - ათიო, მის გვერდით მდგომზე თქვა და ავტომატის ჯერი მიუშვა. 


ვალოდიას ნათესავები ჰყავდა საფრანგეთში და მათი პირით შეატყობინა ქართველ ემიგრანტებს, სანდრო კავსაძის შვილი დათაშკა ტყვედააო და ბანაკიდან გამოაყვანინა. ტყვეობით დასნეულებული საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა და გერმანიაში ქართველი ტყვეებისგან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა. მომღერლების მოძიების საბაბით,  საკონცენტრაციო ბანაკებში შედიოდა და ქართველ ტყვეებს აგროვებდა. აბა, რომელი ხართ ქართველი! - ხმამაღლა იძახდა და ხან ქართველები, ხან თბილისელი სომხები, ხანაც სურამელი ებრაელები გამოდიოდნენ...
ომის დამთავრების შემდეგ უცხოეთში მყოფ ტყვედ ნამყოფებს შეუთვალეს, - ჩამოდით, სამშობლო გეძახითო. მე, დედა და ჩემი ძმაც ველოდებოდით მამას. არ ჩამოვიდა. შემდეგ გავიგეთ, დაიჭირესო. დაიჭერდნენ, აბა, რას იზამდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თურმე ბერლინშიც აღნიშნავდა. 

მამა გადასახლებიდან გვწერდა, სიმაღლის მიხედვით გადაიღეთ სურათი, რომ ვნახო, ბავშვები რამხელები არიანო. მახსოვს, პირველად რომ გავუგზავნეთ ფოტო, ჯერ დედა იდგა, შემდეგ მე და ჩემი ძმა. მოგვიანებით გაგზავნილ სურათზე პირველი უკვე მე ვიდექი, შემდეგ დედაჩემი და ჩემი ძმა. ბოლოს მამას გავუგზავნეთ ფოტო, სადაც დედაჩემი უკვე ჩემი და ჩემი ძმის შემდეგ იდგა. მამა აღარ დაბრუნდა...
დედამ ჩემს ხელში დალია სული. სიკვდილის წინ დაიძახა, - დათაშკაო. პირველად მაშინ ვაკოცე და ხმამაღლა ვუთხარი, - გმადლობთ, დედა-მეთქი.

"ბედი  ყოველთვის მწყალობდა"

თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდას რომ ვაბარებდი, საგამოცდო კომისიაში ლამის მთელი ჩემი სამეზობლო იჯდა: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, კოტე მახარაძე, ლილი იოსელიანი, მიშა თუმანიშვილი. რაღაც სისულელე წავიკითხე, ქუჩის ბიჭის მეტყველებით. მიშა თუმანიშვილმა, - არ შეიძლება ამის აქ დატოვებაო, მაგრამ ლილიმ და კოტემ სთხოვეს და ხორავაც დაეთანხმა. თუმანიშვილს ვინც მოეწონა, თავის ჯგუფში აიყვანა, ვინც დავრჩით, არაჩვეულებრივ პედაგოგთან, გაბრიელ ღვინიაშვილთან მოვხვდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედი მწყალობდა, დიდებული ადამიანები გამომიგზავნა ღმერთმა. 

მსახიობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მისი პირველი პარტნიორი. ჩემს შემთხვევაში ეს გიორგი შავგულიძე იყო - სპექტაკლში პაპაჩემს თამაშობდა. პირველი ადამიანი, რომელიც დამელაპარაკა, როგორც რეჟისორი, სტანისლავსკის მოწაფე ლეონიდ ვარპახოვსკი იყო. ჩემი პირველი მეტყველების მასწავლებელი ახალგაზრდა კოტე მახარაძე გახლდათ. მანამდე ვფიქრობდი, ვერასდროს შევძლებ სასცენო ლაპარაკს-მეთქი. რობერტ სტურუამ კი  ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში. მიშა თუმანიშვილის გული ვერა და ვერ მოვიგე - წლების განმავლობაში სპექტაკლებში მასობრივ სცენებს ვერ გავცდი. ვანიჩკა ჯინჯიხაძე გვყავდა რუსთაველის თეატრში დასის მმართველი. ერთხელ მითხრა: წადი თეატრიდან, ცხოვრებაში მიზანი ხომ გაქვსო. მაქვს... მიშა თუმანიშვილს უნდა ვათქმევინო, რომ მე არტისტი ვარ-მეთქი. გადაირია, ესაა შენი მიზანი? პატარა კაცი ყოფილხარო. გავიდა დრო... ერთხელ მიშა თუმანიშვილს დავემგზავრე, ვაკიდან კინოსტუდიაში ფეხით მიდიოდა. მანქანა გავუჩერე -  წაგიყვანთ-მეთქი. იუარა. აქეთ მე გავჯიუტდი და ვუთხარი, მაშინ მანქანით ნელ-ნელა გამოგყვებით-მეთქი. რაღას იზამდა, ჩამიჯდა. რა ხდება თქვენთან თეატრში-მეთქი. შემომჩივლა: - ხომ იცი, ახალი თეატრია, გამოუცდელი ბავშვები... ერთი-ორი შენნაირი არტისტი რომ მყავდესო... ჩავეკითხე, ბატონო, ბატონო-მეთქი?! გამიმეორა... ესეც ასე-მეთქი და "გაზს" მივაჭირე.

"ჩემი ბელა"

ბელა ჩემი ბედი იყო, რომ არ მოსულიყო, ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ერთი ქართული სიმღერა მაკვირვებდა სულ: "ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო და... სახლში  მისვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო და..." ბელასთან ცხოვრების დროს მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს სიმღერა. ყოველთვის მიხაროდა შინ მისვლა, იმიტომ, რომ ვგრძნობდი, მას უხაროდა. გასტროლიდან რომ ჩამოვდიოდი, ეს ხომ დიდი სიხარული იყო მისთვის. არ მახსოვს, რეპეტიციებზე წავსულიყავი და მას არ გავეცილებინე. დაბრუნებულს ბედნიერი მხვდებოდა. ისეც ღმერთმა გამომიგზავნა. ბელა ჩემთვის ყველაფერია! ხან წამომცდება ხოლმე და დავუძახებ: "ბელა"! ზოგჯერ სათქმელი მაქვს რაღაც, დამავიწყდება, რომ... 

"ჩექმებიანი" კაცი

ხშირად მივდიოდი დეიდაჩემთან ზემელზე, გაბაშვილის ქუჩაზე. ვიწრო ქუჩა იყო და ბავშვები ხშირად ვთამაშობდით. იქვე  სულ ერთ ყმაწვილს ვხედავდი, ლეო სალაყაია, ჩემზე ასე, 10 წლით უფროსი იქნებოდა. შავი ჩექმა ეცვა ხოლმე. ერთხელ თბილისის "დინამო" მოსკოვის "დინამოს" ხვდებოდა. მთელი ქუჩა სტადიონზე წავედით. წყვეტაა ბილეთებზე. ლეოს მოვკარით თვალი. ეტყობა, ზედმეტი ბილეთები ჰქონდა. ამოიღო ჯიბიდან და სრულიად უცხო ადამიანებს დაურიგა. გავგიჟდი, ისე მომეწონა მისი საქციელი. ეს შემთხვევა  მუდამ მემახსოვრება, სანამ ცოცხალი ვარ, მან ხომ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მას შემდეგ სულ მინდა, თუ რამე ზედმეტი მაქვს, გავაჩუქო.

"გვეშველება რამე?!"

კახი კავსაძის ფოტოალბომის დათვალიერებისას, ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოები მომხვდა თვალში და რესპონდენტს მისი ფრთიანი ფრაზა გავახსენე: ახლა თუ გვეშველება რამე-მეთქი.
- სულ იმის იმედად ვართ, რომ ვინმე გვიშველის. კითხვა კი ასე უნდა დავსვათ: ვინმე ხომ არ შეგვიშლის ხელს, რომ ჩვენს თავს ვუშველოთ? ამ შემთხვევაში ბიძინა ხომ არ შეგვიშლის ხელს? პირიქით, ხელს შეგვიწყობს. ერთ წიგნს ვკითხულობ, რუდოლფ შტაინერის "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". იქიდან საინტერესო ფრაზას წაგიკითხავთ: "ადამიანი იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც მორალური და იმდენადაა მორალური, რამდენადაც თავისუფალი". ივანიშვილი არის თავისუფალი, რამდენადაც მორალურია და მორალურია, რამდენადაც თავისუფალია. ის არის თავისუფალი კაცი, რომელიც კეთილია, მას ბოროტება და შური არ ამძიმებს.