ვარძიის რესტავრაციისთვის მოიცალეს

ვარძიის რესტავრაციისთვის მოიცალეს

გადმოცემით, თამარ მეფის ადგილ-სამყოფელი მტერს რომ არ შეეტყო, თამარისვე ბრძანებით, ვარძიაში წელიწადის დღეთა შესაბამისად, 365 ოთახი იყო გამოკვეთილი, რის გამოც მტერი მის საძინებელს ვერ აგნებდა. მთლიანობაში, 500 მეტრზე გადაჭიმულ ვარძიის ციხე-ქალაქში 600 ოთახია. როგორც სპარსული მემატიანე წერს, საკვირველია ვარძიის მიუვალობა და ამით ის ალექსანდრეს კედელსა და ხეიბერის კოშკს თუ შეედრება.

ცამეტ სართულად განლაგებული კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადასარჩენად 50 წლის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და სამუშაოები ფინანსების უქონლობის გამო არ შეჩერდება, ვარძიისთვის დამახასიათებელი ქვათა ცვენა შეჩერდება და უნიკალური კედლის მხატვრობაც გადარჩება. არადა, ცნობილია, რომ კომპლექსისთვის ყველაზე სახიფათო სწორედ პერიოდული ქვების ცვენაა, რაც ამ მე-12-13 საუკუნის ძეგლს აზიანებს.

სწორედ ამიტომ ვარძიაში სამუშაოები ორ მიმართულებით წარმოებს - ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაოების განხორციელებას ქვის კონსერვაციის იტალიელი ექსპერტი, იუნესკოს წარმომადგენელი კლაუდიო მარგოტინი უძღვება, ხოლო მხატვრობის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას – ლონდონის უნივერსიტეტის, კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი და კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე შერონ ქეთერი.

For.ge დაინტერესდა, აქამდე რატომ არ მოხერხდა 800 წლის წინანდელი ამ უნიკალური კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი ნანა  კუპრაშვილი აცხადებს, რომ 50-იანი წლების შემდეგ ვარძიაში მხატვრობის რესტავრაცია მართლაც არ მომხდარა.

„ფაქტობრივად, 65 წელი გავიდა და პირველად ახლა ტარდება აღდგენითი სამუშაოები. საკმაოდ რთული მდგომარეობაა და რთული ძეგლია. ძეგლზე მუშაობა აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ რთული იყო და ვარძია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვერჩივნა, საერთაშორისო ორგანიზაციები ყოფილიყვნენ  ჩართულნი და მსოფლიოს სხვადასხვა სპეციალისტებს მიეღოთ მონაწილეობა. სანამ მზად არ იქნები, რომ კონსერვაციის დროს შეცდომა არ დაუშვა და, სანამ  ყველა ექსპერტის მობილიზება არ მოხდება, ამ სამუშაოების დაწყება ძნელია,“-აცხადებს ნანა კუპრაშვილი For.ge -სთან საუბარში.

მისივე თქმით, პროექტში ჩართულია ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის კონსერვაციის დეპარტამენტი. ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიაში კი, ისევე, როგორც ჩვენს ლაბორატორიებში, დამუშავდება მასალები.

როგორც გავარკვიეთ, კვლევა, ტესტირება, საკონსერვაციო მეთოდის შერჩევა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასეთი ხანგძლივვადიანი პერიოდი კი იმისთვის ყოფილა, რომ შეცდომისგან დაზღვეული იყვნენ.

 „ოთხი წლის თავზე ზუსტად გვეცოდინება, რა მეთოდით, როგორ და რანაირად უნდა ვიმოქმედოთ, რა სჭირს ძეგლს, რამ დააზიანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა საკონსერვაციო მასალები. ფრესკების კონსერვაციაა დაგეგმილი, მოხატვას არ ვაპირებთ. ჩვენი სურვილია, მე-12 საუკუნის ფრესკები ისეთნაირად შევინახოთ, როგორც ჩვენამდე მოაღწია,“- აღნიშნა კუპრაშვილმა.

მისი შეფასებით, ვარძიაში მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი - კამარებში, რადგან რესტავრაცია დიდი ხნის წინ არის ჩატარებული.

„წარმოიდგინეთ, 50 წლის განმავლობაში რამდენი მიწისძვრა მოხდა, ამან ყველაფერმა იმოქმედა. ჯერ მარტო მტვერი ისეთი რაოდენობითაა, რომ დიდხანს დარჩენილ მტვერს ძალიან მყარი აპკი უჩნდება“,-აცხადებს სპეციალისტი. 

მისივე განმარტებით, ვარძია, როგორც კომპლექსი, არა მარტო მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, არამედ მისი ფრესკების უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ადგილასაა ასეთი რანგის მხატვრობაა- ატენისა და ყინწვისის ტაძრებში. სწორედ ვარძიაშია თამარის გამოსახულების ერთ-ერთი პირველი პორტრეტი. ამასთან, აშკარაა, რომ ვარძიაში რამდენიმე მხატვრის ხელი გაირჩევა. სავარაუდოდ, ერთ ძირითად  მხატვარს შეგირდები ახლდა და ორი-სამი მხატვარი მუშაობდა ამ ფრესკებზე. რაც მთავარია, ვარძიის ფრესკები თავიდან ბოლომდე ქართული სკოლის მიღწევებს გამოხატავენ.

„ვარძიის შესწავლა ინტერდისციპლინურია და ამას ვერ გამოიკვლევს მხოლოდ რესტავრატორი ან ქიმიკოსი. ამ პროცესში მრავალი დარგის სპეციალისტია ჩართული. თანაც, სჭირდება ისეთი ტექნიკა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და სხვაგან კეთდება“,-აცხადებს ნანა კუპრაშვილი.

მანვე ვერ დააკონკრეტა, თუ რა დაჯდება აღნიშნული სამუშაოები, მაგრამ განაცხადა, რომ თანხის გამღები ნაწილობრივ ქართული მხარეა, ნაწილობრივ -თვითონ ლონდონის კურტოს ინსტიტუტის. სწორედ მათი მოძიებულია თანხები და, ჯამში, უფრო იაფი ჯდება, რადგან კონსერვაციისთვის საჭირო თითო ანალიზი ძალიან ძვირია და იგი საქართველოში არ კეთდება. 

ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით მანანა ვარძელაშვილს, რათა მას ვარძიის კლდის გეოლოგიურ პროცესთა რისკი შეეფასებინა, რადგან ჩვენი ინფორმაციით, პერიოდულად მთამსვლელთა ჯგუფი იმ ქვებს ხსნის, რომელთაც ჩამოცვენა ემუქრება, რაც კლდის გამგრებით სამუშაოებს სულაც არ გულისხმობს. თუმცა ვარძელაშვილი ტელეფონს გამუდმებით არ პასუხობდა.