ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მემკვიდრეზე ილაპარაკა

ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მემკვიდრეზე ილაპარაკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში ქვეყნის ლიდერის პოსტზე საკუთარ მემკვიდრეზე ილაპარაკა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის მემკვიდრეზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე 2000 წლიდან ფიქრობს.

„ჯერ კიდევ 2000 წელს დავიწყე ფიქრი მემკვიდრეზე, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მემკვიდრე გამოჩნდება, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს. აქ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენთან, დიდ ბრიტანეთში. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არჩევანს ყოველთვის რუსი ხალხი აკეთებს“,  - განაცხადა პუტინმა, რითაც ტერეზა მეის გადადგომის გამო პრემიერმინისტრის გათავისუფლებულ პოსტზე მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე მიანიშნა.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა პუტინს შეახსენა, რომ ისიც 1999 წლის 31 დეკემბერს საკუთარ მემკვიდრედ რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოაცხადა, პუტინმა უპასუხა - „მერე რა?“.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტს ვლადიმერ პუტინი 1999-2008 წლებში იკავებდა, 2008-2012 წლებში პრემიერად მუშაობის შემდეგ კი კვლავ პრეზიდენტი გახდა. მის უფლებამოსილებას ვადა 2024 წელს ეწურება.