ნანუკა ჟორჟოლიანს ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურიში მარინა ბერიძე შეცვლის

ნანუკა ჟორჟოლიანს ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურიში მარინა ბერიძე შეცვლის

ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში ცვლილებაა. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე შეცვლის.

როგორც "ამბები.გე"-ს მარინა ბერიძემ განუცხადა, ჟიურის წევრობა მას გუშინ შესთავაზეს.

- წუხელ მთხოვეს და რადგან ტელევიზიას სჭირდება ჩემი თავი, დავთანხმდი. ცოტა არ იყოს გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის ძნელია ასეთი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა. როცა ჩემ საქმეს ვაკეთებდი, "ჯეოსტარში" კრიტიკული და ობიექტრური ვიყავი, მაგრამ მოცეკვავეებს პროფესიონალი კრიტიკოსივით ვერ დავაკვირდები, მათ შევაფასებ როგორც მაყურებელი.

თქვენ ნანუკა ჟორჟოლიანს შეცვლით ჟიურიში, თუ ესაუბრეთ მას და გული ხომ არ სწყდება პროექტს რომ ტოვებს?


- ნანუკას ვესაუბრე. ის ნიჭიერი ჟურნალისტია. მე მას ჟიურიში ვაკვირდებოდი შარშანაც და წელსაც. ახლა ქვეყანაში რთული პერიოდია. რაღაცეები იცვლება და გულსატკენია. ალბათ, ნანუკასაც ეტკინა გული, ისევე, როგორც მე, იმის გამო, რომ არ ვარ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში". მინდა "ამბები.გე"-ს მკითხველმა მიგულშემატკივროს, რადგან ეს სფერო ჩემთვის ახალია.

ტელეკომპანია "იმედის" ახალმა ხელმძღვანელობამ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე თავად ტელეწამყვანმა გაავრცელა.

"
იმედის" ახალი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ვარსკვლავების ჟიურიშიც აღარც უნდა ვიჯდე!... სიმართლე გითხრთ, ეს უკვე მეც გამიკვირდა... რაღაცეები უკვე არ მესმის", - წერდა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანმა 17 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ნანუკას განცხადებით, ეს მისი მორალური ვალდებულება იყო.