ფანები: ეს არავის შერჩება!  დღეს აქცია მერიასთან!  ზივზივაძეს ტორპედოდან არ უშვებენ

ფანები: ეს არავის შერჩება!  დღეს აქცია მერიასთან!  ზივზივაძეს ტორპედოდან არ უშვებენ

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურმა ვებგვერდმა, გიორგი ქიმაძის გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის წასვლა დაადასტურა...

“ტორპედო” ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ და რიჩარდ ლუკამაც დატოვეს. “ტორპედო” თითოეულ მათგანს კარიერაში წარმატებებს უსურვებს”, - წერია კლუბის ვებგვერდზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სუპერთასის მოქმედი მფლობელი და ბოლო წლების საუკეთესო ქართული გუნდი დატოვა ლევან გეგეჭკორმა, რომელიც კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელი გუნდს დაემშვიდობა და კომენტარი გააკეთა: “მადლობა “ტორპედოს” ფანებს ყველაფრისთვის! ისინი ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და მათ მხარდაჭერას ყველა მატჩში ვგრძნობდი.

მადლობა კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს. მადლობა იმ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ვითამაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კახა ჩხეტიანსა და მის შტაბს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც “ტორპედოს” წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ვტოვებ, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრად და ვიქნები ერთ-ერთი იმ მრავალ ადამიანს შორის, ვისაც “ტორპედოს” წარმატება გაუხარდება. მადლობა”!

გიგაურის გამოწვევა

მერაბ გიგაურმა ოფიციალური განცხადება საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა: “ჩემდა სამწუხაროდ, მოვიდა დრო, “ტორპედოს” გულშემატკივრებს დაგემშვიდობოთ. იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და წასვლა იმ გუნდიდან, საიდანაც და ვისგანაც სულ ვგრძნობდი მხარდაჭერას, გვერდში დგომას...

მაგრამ ახალი გამოწვევების დრო მოვიდა! კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ, თუმცა მანამდე, მსურს, მადლობა გადავუხადო მთლიანად სამწვრთნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად გავატარეთ. ერთად არაერთი ტიტული მოვიპოვეთ და იმედი მაქვს, “ტორპედოს” წარმატებული გზა უჩემოდაც გაგრძელდება.

მივდივარ, მაგრამ ვრჩები თქვენს ერთ-ერთ გულშემატკივრად, რომელსაც ამ კლუბის წარმატება ყოველთვის გაუხარდება. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველაფრისთვის”!

ვინ საით?

იცით, რომ “ლელოს” ინფორმაციით, “ტორპედოდან” წასული გიორგი ქიმაძის გარდა, თბილისის “დინამოს” ინტერესის სფეროშია ნოდარ ქავთარაძეც.

საინტერესოა ბუდუ ზივზივაძის ბედი. 19 ტურში გატანილი 13 გოლით ის ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 2016 და 2018 წლების სეზონის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მეტოქეთა მცველებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და უკეთეს ფორმაშია, ვიდრე “სამტრედიაში” იყო, სადაც პირველი აღიარება დაიმსახურა.

გოლებს საგოლე გადაცემებსაც თუ დავუმატებთ, მაშინ ბუდუ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელია - 25 წლის თავდამსხმელი ქუთაისის “ტორპედოს” 4 საგოლე პასითაც დაეხმარა. გუნდიდან ლიდერები წავიდნენ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც კლუბი ვერ ელევა, სწორედ ზივზივაძეა.

“წასვლა რომ მინდა, ამას არ ვმალავ და კონკრეტული შემოთავაზებებიც მივიღე. მაგრამ კლუბის პრეზიდენტ ზაზა ჩაჩავას ველაპარაკე და არ ვიცი, რა იქნება. ფაქტია, რომ ჩემი გაშვება არ სურთ და გათავისუფლების ფურცელს არ მაძლევენ. “ტორპედოსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს და გუნდი ამ უფლებით სარგებლობს”, - ამბობს ზივზივაძე და იქვე დასძენს, რომ საკმაოდ კარგი კლუბი იწვევენ:

“დაინტერესებული კლუბი ევროპიდანაა და წასვლა მინდოდა. საშუალოევროპული დონის კლუბია, რაც ამ ეტაპზე მაწყობდა. მაგრამ “ტორპედომ” ჩემს წასვლაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და წარმოდგენა არ მაქვს, ამის შემდეგ რა იქნება”.

ზივზივაძის თქმით, მას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგრამ ბევრზე უარი თქვა: “ყაზახეთში თამაშზე უარი ვთქვი. ასე არ ვისურვე აზერბაიჯანში გადასვლა. მეგონა, რომ წავიდოდი, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ ქუთაისიდან არ მიშვებენ”.

აღშფოთებული გულშემატკივრები

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა კლუბი - “ჩემპიონო, შენი გვჯერა” - აქვეყნებს წერილს, რომელშიც კლუბის ხელმძღვანელებისგან მომხდარის გამო პასუხს ითხოვენ.

“ძმებო, დებო, თანაქალაქელებო, საქართველოვ! დრო არ ითმენს. 27 ივნისს, ქუთაისის მერიასთან, 15:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოსთვის” აქცია გავმართოთ. გუნდის ასეთ დღეში ყოფნა არავის არ შერჩება. პასუხი უკლებლივ ყველას მოგეთხოვებათ. ყველაფერზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. გააზიარეთ ეს პოსტი. მეგობრებო, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ვიყოთ, ყველაფერს საზღვარი აქვს! ერთად “ტორპედოსთვის”! 27 ივნისი, 15:00 საათი, ქუთაისის მერია. გავაგებინოთ ყველას ჩვენი ხმა და ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”, - წერია გულშემატკივართა კლუბის გვერდზე.

ტორპედო პოლიტიკურ აქციაზე

საინტერესოა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” თემა გუნდის გულშემატკივარმა გოგონამ ქუთაისში გამართულ აქციაზე წამოსწია და შეკრებილებს მოუწოდა, რომ გუნდის გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეეტანათ.

“ამ გოგონას ისევე შესტკივა გული საკუთარი ქალაქის გუნდზე, როგორც ყველა ქუთაისელს და როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. მისი გულისტკივილი ტყუილუბრალოდ არ არის გამოწვეული, მას და მის თანამოქალაქელებს იმ სიყვარულს ართმევენ, რაც “ტორპედოს” მიმართ აქვთ, ამ ხალხს ართმევენ ფეხბურთს, რომელიც ქუთაისში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

მათ ართმევენ შესაძლებლობებს, რომ ქუთაისში მომავალი ფეხბურთელები გაიზარდონ. ეს არა მხოლოდ ქუთაისის და ქუთაისელების, არამედ, ყველას პრობლემაა. დღეს ქუთაისშია ასე, ხვალ კი, შეიძლება, შენი ქალაქის გუნდს დაემართოს ეს”, - ასეთი საინტერესო კომენტარი იყო გულშემატკივარი გოგონას გამოსვლაზე.

დრო არ ითმენს. ჯანდაბას ევროპალიგა! ამაზე აღარ არის ახლა ლაპარაკი, მთავარია, ქუთაისის “ტორპედო” გადარჩეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის გუნდი, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა შარშან მთელი საქართველო გაახარეს, როცა ევროტურნირებზე ყველა ქართულ გუნდზე შორს წავიდნენ.

ჩხეტიანს წაართვეს გუნდი და ახლა სადმე, “ტორპედოში” თუ სხვაგან, იმავე გზის გავლა მოუწევს. მაგრამ მერამდენედ უნდა ვუყურებდეთ ამ ტრაგედიებს, რომლის გამოც ქართული ფეხბურთი ვერ ვითარდება”?!