კვირკველიას გადაბირებით საბერძნეთის ჩემპიონი დაინტერესდა

კვირკველიას გადაბირებით საბერძნეთის ჩემპიონი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას საბერძნეთის ჩემპიონი პაოკ-ი ეპატიჟება. როგორც ამბების ფედერალური სააგენტო იტყობინება, სალონიკელთა თვალთახედვის არეში 27 წლის ჩვენებურია.

ბერძნული გუნდი იმედოვნებს, რომ ტრანსფერს ივლისში წარმატებით დახურავს. საინტერესოა, რომ 1-ლი ივლისიდან კონტრაქტის პუნქტი შევა ძალაში, რომლის თანახმად კვირკველიას „რკინიგზელთა“ დატოვება 4 მილიონი ევროდ შეეძლება.

ქართველი ფეხბურთელიც მზადაა „ლოკომოტივიდან“ წავიდეს, მაგრამ მისი პრიორიტეტი ტოპ ჩემპიონატში (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი ან საფრანგეთი) თამაშია. თავის მხრივ, პაოკ-ი დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე ტურნირზე მოსკოველებიც გაირჯებიან, შესაბამისად, მხოლოდ ეს ფაქტორი სალონიკელთა სასარგებლოდ გავლენას ვერ იქონიებს.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წელს „რუბინიდან“ 2.5 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ რუსული გუნდის ღირსება 94 მატჩში დაიცვა. ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო.