„გაიტანეთ გრენლანდია“!

„გაიტანეთ გრენლანდია“!

„გაიტანეთ გრენლანდია“, - დაახლოებით ასეთი განაჩენი ელის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ოკუპანტის სავარძელი აღმოჩნდა. გავრილოვმა იმდენად ცუდი ფეხი მოუტანა ირაკლი კობახიძეს, რომ მას თავისი სავარძლის მორგება ბოლომდე არ დასცალდა. კობახიძე შეელია თანამდებობას, რაც მანამდე არც უფიქრია.

მართალია, კობახიძის სკამი, რომელზეც გავრილოვი იჯდა, „დაიცავი საქართველოს“ წევრებმა ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა მოაცილეს იქაურობას, მაგრამ გავრილოვის სავარძელს ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გამოუტანა განაჩენი. სოციალურ ქსელებში შემდეგი სახის მოწოდება ვრცელდება-„გავრილოვის სკამი უნდა დაიწვას“.

თანაც, მარტო გავრილოვი კი არა, სხვა რუსებიც უნდა გაკონტროლდნენ. სავიზო რეჟიმიც უნდა დაწესდეს რუსეთთან და ჩაიწეროს კითხვა ოკუპაციაზე. „ვინც არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას, არ შემოეთრიოს ჩვენს ქვეყანაში. გაავსეს აქაურობა რუსებით, ასეთი უთავმოყვარეობაც აღარ შეიძლება“, - მიიჩნევენ ინტერნეტმომხმარებლები.

სავარძელთან დაკავშირებით უარყოფითი განცდა უჩნდება გუბაზ სანიკიძესაც. ის მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას სავარძელში იჯდა თბილისში შემოსული ჯალალედინი.

ავადსახსენებელ სავარძელთან დაკავშირებით ვრცელდება ორი ვერსია - ქუცნაშვილისეული და გავრილოვისეული. გავრილოვი ირწმუნება, რომ საქართველოს პარლამენტის სავარძელში იგი ქართულმა მხარემ ჩასვა. დუმის დეპუტატის თქმით, მანამდე მას არაერთ ქვეყანაში დაუკავებია საპატიო სავარძელი და ამას არასდროს მოჰყოლია პრობლემები. გავრილოვი გვამადლის, რომ ასეთივე საპატიო ადგილზე მჯდარა საბერძნეთის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების პარლამენტში და არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ დუმის დეპუტატს ავიწყდება, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, საბერძნეთისა და ლიბანის ოკუპაცია რუსეთს არ მოუხდენია.

„მზად ვარ ვიმუშავო თუნდაც გასაშლელ სკამზე. მე მოკრძალებული ადამიანი ვარ და პატივ-დიდებას არ დავეძებ“,-თავმდაბლად აცხადებს სერგეი გავრილოვი და დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო სხდომის ჩაშლა წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო რუსეთთან ურთიერთობის გასამწვავებლად. მით უმეტეს, რომ გავრილოვს ისიც დაუნახავს, თითქოს ამ საპროტესტო აქციას მართავდნენ ინგლისურენოვანი ინსტრუქტორებიც.

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილს, ის სავარძელთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ვერსიას ავითარებს და აცხადებს, რომ, როდესაც 2 სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ იგი უკვე მიხვდა, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ (ბერძენიც და რუსი სტუმარიც). ამიტომაც ქუცნაშვილმა მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, საბერძნეთის პარლამენტის წევრს, თუ ვისთვის იყო მეორე სკამი განკუთვნილი. სტუმარმა უპასუხა, რომ ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა იყო რუსეთი და ორგანიზაციულ საკითხებს ჩვენ ვწყვეტთო. ამის შემდეგ ქუცნაშვილს ბერძენი სტუმრისთვის მიუგია, კი ბატონო, თუ გნებავთ, თქვენს გვერდით იჯდეს გავრილოვი, მაგრამ სხდომა მაინც თქვენ წაიყვანეთ, რადგან პროგრამაში ასე წერიაო. სამწუხაროდ, სტუმარმა არც ეს გაითვალისწინა და სხდომა ერთდროულად რუსმა და ბერძენმა დეპუტატებმა წაიყვანეს. ამ ყველაფერზე კი ქუცნაშვილი განმარატავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ვერ ჩავერევით.

კობახიძის სავარძლის გარშემო ჩნდება მესამე ვერსიაც. ჟურნალისტი მარიამ ჯაფარიძე წერს, რომ „ნაცებმა“ წინასწარ გაამძაფრეს სიტუაცია, როცა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გავრილოვი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ქართველები დახოცილი ჰყავდა, ამის შემდეგ იმავე „ნაცებმა“ საქმეში ჩართეს პარლამენტის აპარატის უფროსი, „ნაცი“, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე გივი მიქანაძე და ასე აღმოჩნდა გავრილოვი იმ ავადსახსენებელ სავარძელში. ამას მოჰყვა არეულობა და დაგეგმილი იყო სახელმწიფო გადატრიალება. „ნაცებმა“ კიდევ ერთხელ გამოიყენეს გულუბრყვილო ხალხი მიზნის მისაღწევად.

და მაინც, რა განაჩენი ელის გავრილოვის სავარძელს?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს უკვე შეურაცხყოფილი სავარძელია, თუმცა ეს სავარძელი არც უნდა გადააგდონ და არც უნდა გარეცხონ, ეს სავარძელი ოკუპაციის მუზეუმში ექსპონატად უნდა წაიღონ.

„ამათ სულ ბრიყვები ვგონივართ. ქუცნაშვილიც და მდინარაძეც ამას ლაპარაკობდნენ, თითქოს უცებ წამოხტა გავრილოვი, არ აცალა თავმჯდომარეს, ვისი სიტყვაც იყო გათვლილი, მიიჭრა სავარძელთან და ჩადო უკანალი სავარძელში. გვარწმუნებენ, თითქოს ასე იყო. ყოველგვარი ირონიის გარეშე გეტყვით, ჩემი აზრით, ამის შემდეგ არც ერთმა ქართველმა სპიკერმა არ უნდა ისარგებლოს ამ სავარძლით. წაიღონ ოკუპაციის მუზეუმში და დადონ იქ, როგორც ექსპონატი, წარწერით, ამ სავარძელში 2019 წლის 20 ივნისის 1-ელ საათზე მთელი 20 წუთის განმავლობაში იჯდა საქართველოს მტერი, საქართველოში ეთნოწმენდის მონაწილე, რუსი დეპუტატი, კომუნისტი პოლიტიკოსი გავრილოვი. თუკი ოკუპაციის მუზეუმში ათასი ექსპონატია ოკუპაციის შესახებ, ეს სავარძელიც მშვენიერი ექსპონატი იქნება“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სავარძელი ჩვეულებრივი სკამია და მატერიალიზმი და სიმბოლიზმი აქ არ არის საინტერესო. აქ მთავარია გავრილოვის ქმედება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გათვალა, რადგან „ოცნებას“ არ ყოფნის პოლიტიკური ალღო. ისინი აჰყვნენ რუსების მოქმედებას პოლიტიკურად.

„გავრილოვს პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებ, ის რუსია, ოკუპანტური და იმპერიული აზროვნება აქვს. „ნაცმოძრაობამ“ რუსებს გაუღო კარი და რუსები შემოუშვა, დღეს კი „ნაცმოძრაობას“ უსინდისობა ყოფნის, სხვას დააბრალოს ოკუპანტის შემოყვანა. როგორც 2008 წელს ჩვენი სახელმწიფო დაუთმო „ნაცმოძრაობამ“ რუსებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სავარძელი დაუთმო გავრილოვს. ამაზე პასუხი უნდა აგოს კობახიძემ. ხომ ყველამ ვიცით, რომ გავრილოვი ბოდიშის მოსახდელად და ოკუპაციის უკან წასაღებად არ ჩამოვიდოდა? ეს ხომ ზღაპარია, გავრილოვი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ეთქვა, რა მოხდა მერე, რომ ოკუპაცია მოხდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მეგობრობა. ამიტომ ვინც ვერ გათვალა ეს, პასუხი უნდა აგოს და ეს არის კობახიძე“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

mamuka პაატა ზაქარეიშვილი . მომწონს ეს კაცი და მომკალით!
4 წლის უკან
mamuka პაატა ზაქარეიშვილი . მომწონს ეს კაცი და მომკალით!
4 წლის უკან