ღვინო და ქართველი მსახიობები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.
ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს აქტიორებსაც თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ
ამ „თემაზე“ დღეს რამდენიმე სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ.
სოსო ებრალიძე: „რუსეთის ერთ შორეულ ქალაქში მივფრინავთ საგასტროლოდ. საფრენად საკმაოდ გრძელი რეისი იყო. თან გვახლავს ცხონებული ქართლოს კასრაძე, რომელიც კონფერანსიედ გვყავდა და გვამშვენებდა თავისი გონებამახვილური იუმორით.
აფრინდა ცაში ჩვენი ლაინერი, გადაუფრინა თუ არა კავკასიის მთებს, შემოგვაწვა სევდა.
- რას ჩამოყარეთ ყურები?! - დაიქუხა ქართლოსმა და საიდანღაც ქართული ჭაჭით სავსე ბოთლი ამოაძვრინა.
არ გაგვკვირვებია – ქართველი კაცი მიწაზეც ქართველია და ცაშიც. ის გაგვიკვირდა, ქართლოსმა ჯიხვის რქა რომ გააჩინა, რომელშიც 30–40 გრამი სითხე თუ ჩავიდოდა. ჩამოვირიგეთ თითო - თითო და ხასიათიც გაკეთილშობილდასავით. შევეგუეთ ცად ყოფნას. ქართლოსი ერთ სკამზე მჯდომ ღიპიან, მელოტ რუსს დაეყრდნო მხარზე.
- ჩტო პრაიხოძიტ! ჩტოტა, ვოდკოი პახნეტ!- ამოიძახა ძილ - ბურანში წასულმა რუსმა.
ქართლოსმა მდგომარეობა მოწვა და რქა შეუვსო.
- ჩტო ეტა ზა სტაკან? - გაუკვირდა რუსს მომცრო ყანწი.
- ეტა რაგა! - თავისებურად აუხსნა ქართლოსმა.
- კაკ, რაგა?
- ბეეეე! - კაზა, როგ, - ისევ ბუნდოვნად უპასუხა ქართლოსმა.
- როგ, როგ... ააა?! - მიხვდა რუსი. - ია იზ კრივოვა როგა... ა ნუკა დავაი ეშჩო ტვოი „ბეეე“.
ქართლოსმა ისევ დაუსხა. რუსი რისი რუსი იყო, არ ეხუხა?! ხუხა და, - დავაი ეშჩო! - ამანაც ჩამოუსხა.
რუსმა ისიც მიასვენა და „შირაკა სტრანა მაია რადნაიაო“ - გაწელა. დადგა მთელი თვითმფრინავი ფეხზე. მალე რუსი გულის ამაჩუყებლად ახვრინდა. ცოტა ხანში „გამოფხიზლდა“ და ისევ დალევა მოისურვა.
- ნალეიწე ჩაჩა! ია ხაჩუ ჩაჩა... ჩა... ჩა... ჩააა.
- ვა, დავაი, დარაგოი, პრაშუ! - შეუვსო „რაგა“ ქართლოსამ. ისიც ჩაათხლაშუნა ღიპიანმა და ქართლოსს „შეუბრუნდა“.
- ტი მაია სესტრა?
კასრაძემ შარვალზე დაიხედა და რუსს ალმაცერად შეხედა.
- ია ქართლოს, გრუზინსკი მუშჩინა.
- ნიეტ, - თითი გააქნია ჰაერში რუსმა, - ტი გალია, მაია სესტრა.
- ვაიმე?! - ალმაცერად გახედა ილუმინატორს ქართლოსმა, - რა უნდა ამას?
„დამთვრალი“ მგზავრი თბილისელი რუსი ყოფილა, ვარკეთილელი.
ცოლისთვის ფული მოუპარავს და ქალმა ჩაუშვა. ეს პიროვნება აეროპორტში სამართალდამცველებმა აიყვანეს.
ქართლოსმა მოგვიანებით ამ ამბავზე საესტრადო ნომერი გააკეთა, რომელიც მაყურებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
თენგიზ გიორგაძე: „ჩემი მეგობარი ზურა შარია ერთხანს ბახუსთან ტკბილად იყო ჩახუტებული. სახლიდან დასალევად ყოველთვის „საპატიო მიზეზით“ გამოდიოდა. შირმად ბავშვი გამოჰყავდა, ცირკში მიმყავს და მერე ზოოპარკშიო. მერე ბავშვს რომელიმე ამხანაგს გადააბარებდა, ცოტა ხნით გამირთე შვილიო და თვითონ ბახუსთან ჩახუტებული აგუგუნებდა მრავალჟამიერს.
ერთხელ ცირკში ვერავინ ნახა ბავშვის გადასაბარებლად, მე გვიან შევედი, დამინახა და თვალები გაუბრწყინდა, ცოტა ხანს ჩემს გოგონასთან დაჯექიო. დამთავრდა ცირკი, გავედით გარეთ და დავუწყეთ ძებნა. ჩვენი ზურიკელა ფაფარაშლილი ლომების გარემოცვაში ლომების მომთვინიერებლებთან ერთად სვამდა შვილების სადღეგრძელოს მაშინ, როცა შვილი გამწარებული ეძებდა დაკარგულ მამას“.
თენგიზ ამირიძე: „მე და ჩემი მეგობარი რეზო ერთ დროს თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ვმუშაობდით. მეცადინეობები მოვრჩით, სამი თვის შვებულების ფული ავიღეთ, ახლო მდებარე რესტორანში შევედით და სასწავლო წლის დასრულება აღვნიშნეთ.
რესტორანიდან გვიან ღამით გამოვედით. თბილისში მოვდიოდით და გზაზე მანქანა გავაჩერეთ. ქალაქს მოახლოებულებმა აეროპორტს ჩავუარეთ. ამ ნაბახუსევზე იდეა მომივიდა და ჩემს მეგობარს ვუთხარი:
- შვებულების ფული საკმაოდ გვიდევს ჯიბეში, სახლში ერთი–ორი დღე კიდევ არ გველიან, მოდი, მოსკოვში გადავფრინდეთ და თვალს წყალი დავალევინოთ - მეთქი.
ჩვენი ერთ-ერთი ახლობელი იმ პერიოდში მოსკოვში ასპირანტურაში აბარებდა. გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოგვეწყო და მოგვენახულებინა. ავიღეთ ბილეთები და დავსხედით მოსაცდელში, მაგრამ რეისამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ამიტომ რესტორანში წავედით და კარგადაც მოვილხინეთ.
ჩვენი „ვოიაჟი“ ძალიან წააგავდა რიაზანოვის ცნობილი ფილმის, „ბედის ირონიის“ სიუჟეტს, ოღონდ „ქართულ ვარიანტში“ იყო გადაწყვეტილი. მოსკოვში ჩაფრენილებმა ახლობლის ტელეფონის ნომერი მოვძებნეთ და დავრეკეთ. ცოტა ხანში სახლში მივადექით. იქიდან რესტორანში წავედით. სადილი გადავიდა სამხარში, სამხარი - ვახშამში.
ჩვენ სადაც ვქეიფობდით, იქვე ახლოს იყო ლენინგრადის სადგური. ზურას ჩაეძინა. მე და რეზომ ლენინგრადის მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ. ჩვენი მოსკოველი ძმაკაცი „მეშოკივით“ გადავიკიდეთ და კუპეში შევიტანეთ.
დილით ზურამ გაახილა თვალი და აზრზე ვერ მოვიდა სად იყო.
- ბიჭებო, სახლში ვარ თუ რესტორანში?
- ლენინგრადში! - უპასუხა რეზომ.
ჩავედით და საღამოს რეისზე მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები ავიღეთ. ამის შემდეგ ლენინგრადის ცენტრში მივედით და საკმაოდ პრესტიჟული რესტორანი შევარჩიეთ.
შევუდექით მამაპაპურად ქეიფს. უცბად ზურა ადგა, მივიდა რესტორნის ბიგ - ბენდის ხელმძღვანელთან და რაღაც გადაულაპარაკა. შემდეგ ჩვენს მაგიდასთან დაბრუნდა და „სცენაზე გელოდებიანო“ - მითხრა.
რაღა მექნა, დავჯექი როიალთან და დავიწყე თემა. ბენდის მუსიკოსები უკვე ალაგებდნენ შალითებში ინსტრუმენტებს. ბას - გიტარამ თემა რომ მოისმინა, გახსნა შალითა, ამოიღო ინსტრუმენტები და ამყვა. მერე დასარტყამმა მომცა რიტმი და ასე დაბრუნდა სცენაზე ბიგ - ბენდი. ორმოცი წუთი ვუკრავდი ჯაზურ იმპროვიზაციებს და რომ დავასრულეთ, ხალხი ფეხზე ადგა და ტაშს გვიკრავდა.
ზურა და რეზო მაჯაზე მანიშნებდნენ, მახსენებდნენ, მატარებელზე გვაგვიანდებაო, მეც იძულებული გავხდი, ეს „საქველმოქმედო“ კონცერტი შემეწყვიტა. რამდენიმე წუთში მეგობრები ლენინგრადის სადგურზე გავრბოდით, რათა მოსკოვის მატარებლისთვის მიგვესწრო.
ასე „დავალევინეთ თვალს წყალი“ უგრძელესი რეისით: თბილისი-მოსკოვი-ლენინგრადი-მოსკოვი-თბილისი”.