კინოკომპანია პარამაუნტი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს დააფინანსებს, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო ითამაშებს და ფილმის სახელი Killers of the Flower Moon იქნება.
პარამაუნტის CEO-მ, ჯიმ ჯიანოპოლუსმა შეთანხმების შესახებ ოთხშაბათს, CineEurope-ის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ბარსელონაში შედგა. ფილმი დევიდ გრენის არამხატვრული წიგნის ადაპტაცია იქნება, სცენარზე კი ერიკ როტი იმუშავებს.
წიგნში მოქმედება 1920 წლის ოკლაჰომაში ხდება. გამოძიების ბიურო ახალი შექმნილია და იმ შეძლებული ოსეჯის ტომის ინდიელების მკვლელობების საქმეს იძიებს, რომელთაც მათ მიწებზე აღმოჩენილი ნავთობის მოპოვების უფლება მოიპოვეს. წიგნის ქვესათაური კი ასე ჟღერს - ოსეჯელი მკვლელები და ეფბიაის დაბადება.
ახალი პროექტი სკორსეზეს და დიკაპრიოს მეექვსე საერთო ნამუშევარი იქნება. მათი ბოლო ფილმი 2013 წელს გამოსული ვოლფ სტრიტის მგელია. პირველად 2017 წელს ახალი ფილმის შესახებ Variety წერდა, რომ ცნობილი დუო ახალ პროექტზე იწყებდა მუშაობას, თუმცა ოფიციალურად ეს ყველაფერი 2018 წლის ოქტომბერში დადასტურდა.