„გავრილოვს მოსკოვში ყურებს დააგლეჯენ, რადგან თავისი იდიოტური საქციელით კარგად ჩაფიქრებული თამაში გაუფუჭა რუსებს“

„გავრილოვს მოსკოვში ყურებს დააგლეჯენ, რადგან თავისი იდიოტური საქციელით კარგად ჩაფიქრებული თამაში გაუფუჭა რუსებს“

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებულმა სერგეი გავრილოვმა და ოკუპანტის ენაზე მისმა ამეტყველებამ ქართველებს ეროვნული თავმოყვარეობა შეულახა და სხვადასხვა ჯურისა და გემოვნების პოლიტიკოსები ერთად გაიყვანა რუსთაველზე საპროტესტოდ განწყობილ ხალხთან ერთად.

გავრილოვის ქმედებამ ქართველებს წარსულის პარალელები მოაგონა და გაახსენა, რომ ასე იყო მაშინაც, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და, როცა გაისმა მოღალატური სიტყვები: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“.

ზოგიერთმა ჩათვალა, რომ გავრილოვის ქმედება იყო ოკუპანტის მასტერკლასი საქართველოში და ეს ძალიან ჰგავდა უფრო წარსულში გადაშლილ მძიმე ფურცელს, როცა თბილისში შემოჭრილი ჯალალედინი გუმბათმორღვეული სიონის თავზე მოკალათდა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა.

ქართველებმა გავრილოვი წყლის შესხმითაც გააგრილეს და სასწრაფოდაც გაისტუმრეს მოსკოვში თვითმფრინავით. გავრილოვი წავიდა, მაგრამ დედაქალაქში დაგვიტოვა ქაოსი და არეულობა. სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად დედაქალაქის მთავარ ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ეზოში შეჭრა სცადეს, რასაც სპეცრაზმის მობილიზება მოჰყვა. სიტუაცია უკიდრესად დაიძაბა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და დადგეს ხალხის მხარეს. თავის მხრივ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რაც ხდება, ეს არის მცდელობა ქვეყანა პოლიტიკური მოტივით კატასტროფისკენ მივიყვანოთ. კახა კალაძემ კი განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტში. ნიკა მელია აცხადებს, რომ უკანდასახევი გზა ჩახერგილია და გამარჯვებამდე ფეხის მოცვლა არ შეიძლება. მელია მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს. ამ დაძაბულობას გამოეხმაურა პრემიერი. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ხალხის პროტესტი სამართლიანია, მაგრამ ძალადობაზე აგებული ძალა ცდილობს ხალხის პროტესტი პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

საბოლოოდ პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რასაც გამზირის დაცარიელება მოჰყვა. თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეები კვლავაც გამოჩნდნენ პარლამენტის შენობასთან.

რისთვის ჩამოვიდა სერგეი გავრილოვი?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

- ოკუპანტის მასტერკლასი ეს არ იყო, ეს იყო ძალიან უხეში, თვითონ რუსები რომ იტყვიან „ტაპორნაია რაბოტა“, ანუ ნაჯახით სამუშაო. არავითარი კრეატიული, არავითარი რბილი ძალის გამოვლინება, ეს იყო კლასიკურ რუსული ისტორიული უხეშ შედეგზე გაუთვლელი ქმედება. თვითონ გავრილოვს, ამ რუს კომუნისტს, მე მგონი, მოსკოვში დუმაში ყურებს დააგლეჯენ, რადგან მან თავისი იდიოტური საქციელით კარგად ჩაფიქრებული თამაში გაუფუჭა რუსებს. ცოტა ძნელია, ქართველმა კაცმა თქვას, რომ გაცვდა მართლმადიდებლობა, მაგრამ როდესაც აგრესორ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია საქართველოსთან ურთიერთობის დადებით მომენტში გადასაყვანად, გარდა რელიგიისა და ერთმორწმუნეობისა და ერთმორწმუნეობის დროშით ხდება საქართველოს ტერიტორიის ჩამოჭრა, მცოცავი აგრესია, ერთმორწმუნოებრივი კონსენსუსი უკვე ფერმკრთალდება თვით მორწმუნეთა შორისაც. რუსებმა არც თუ გავლენიანი ძალა აირჩიეს საქართველოში პარტნიორად. ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთმა თავიანთი სახლი, კარი, მშობლიური კუთხე წაართვა, მოსწონდეთ გავრილოვის მასპინძლობა. ასეთია ადა მარშანია. ძალიან ძნელია ის კომუნისტების მომხრე იყოს, თუმცა შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, რომ თვითონ ადა მარშანია ტრადიციული კომუნისტური ოჯახიდანაა, თანაც, არც თუ რიგითი კომუნისტური პარტიის წევრი იყო მამამისი, ის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი გახლდათ აფხაზეთში.

ეს გავრილოვის თვითშემოქმედება იყო, თუოცნების ლუსტრაცია“, როგორც ოპოზიცია აფასებს ამ ფაქტს?

- გავრილოვს ყურებს აუწევენ მოსკოვში არა იმიტომ, როგორ გაბედე და როგორ ჩაჯექი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიო, არამედ იმის გამო, ასეთი სისულელე რატომ გააკეთე და რატომ გაგვიფუჭე კარგად ჩაფიქრებული საქმე რუსებსო. თორემ, ცხადია, ზღაპარია, რომ რუსეთის დუმა გავრილოვს დაკითხავს, ქართველებს შეურაცხყოფა რატომ მიაყენეო.

ქვეყანაში ოკუპანტის შემოშვების გამო ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზეც.

- ჩვენი ოპოზიციის ერთი ნაკლი ის არის, რომ ოპოზიცია ხშირად თავის რეალურ შესაძლებლობებს სცილდება. იმპიჩმენტს მე არ ველოდები, ივანიშვილი იმპიჩმენტს არ დაუშვებს, უბრალოდ, ადგება და გადაიყვანს კობახიძეს სხვა თანამდებობაზე. რაც შეეხება სხვა პირებს, მე არ ვიცი, ვინ იყო ამ საქმეში ჩართული. კომუნისტების დროს ჩემი მეგობრები დამცინოდნენ, შენი შიშით უთო ვერ შეგვიერთებია შტეფსელში, შენ გამოჩნდები იქაცო, დღესაც ასეა, ბოლო სამი დღეა მობილურის დასატენს ვერ ვრთავდი, ქუცნაშვილი ჩანდა ყველგან.

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ უნდა შემოგვეშვა ქართველთმოძულე გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. ამის მიუხედავად, ცალკეული ჩვენი სასულიერო პირები თავს იმშვიდებენ, გავრილოვმა დაგვარწმუნა, იარაღი არ ამიღია ქართველების წინააღმდეგო.

- ზოგიერთი მღვდელი ნუ ცუღლუტობს, მეც ვუსმინე გავრილოვს, მართლმადიდებლებს ვეხმარებოდიო. თუმცა აფხაზეთის ომის დროს აფხაზების მხარეს როდის იყვნენ მართლმადიდებლები? აფხაზების მხარეს იბრძოდნენ მუსლიმანები ჩრდილო კავკასიიდან. სამაგიეროდ, მართლმადიდებლები იყვნენ ქართველი ბავშვები, ჭუბერის უღელტეხილზე რომ ყინვით დაიხოცნენ. სად იყო მაშინ გავრილოვი? ქართულ ოჯახებს რომ ხოცავდნენ ჩრდილოეთ კავკასიელები, ტერორი და ქართველთა გენოციდი რომ იყო გამოცხადებული, რაც საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა, მაშინ სად იყო გავრილოვი? რომელი ქართველი დაიცვა გავრილოვმა გენოციდისგან?

სამაგიეროდ, გავრილოვი ჩვენთვის კომპლიმენტებს არ იშურებს, ჩვენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლითო. თუ თვლის, მაშინ გამოდის, აგვისტოს ომში ბომბები დაუშინა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთის ომზე?

- რუსი მფრინავები რომ ბომბავდნენ საქართველოს, სად იყო მაშინ გავრილოვი? ლევან თედიაშვილის შვილი რომ დაიღუპა, თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს რუსებმა, მაშინ სად იყო იგი? გავრილოვი დემაგოგი, აფერისტია, ის პირდაპირ ტყუის. წარსულში ბევრმა გერმანელმა თავი გადაირჩინა იმით, რომ სია წარადგინა, ჰოლოკოსტის დროს ებრაელები გადავარჩინეო. ეს სინამდვილე იყო და ამაზე ფილმებიცაა გადაღებული. გავრილოვმაც თქვას ერთი ფაქტი მაინც, რომ მან რომელიმე მართლმადიდებელი ოჯახი დაიცვა ჩრდილოეთ კავკასიელი მულიმანებისგან. რასაკვირველია, გავრილოვი არ უნდა შემოგვეშვა, მაგრამ ერთი რამ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ფეთქებადი თემა რატომ ანდო ისეთ სპეციალისტს, როგორიც ქუცნაშვილია? რა შუაში იყო საერთოდ ქუცნაშვილი? კი, ის იურისტად ითვლება, მაგრამ მის ბოლო სამი დღის განცხადებებს რომ ვუსმენდი, მას წარმოდგენა არ ჰქონია საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო გასული საუკუნის 70-იანი წლების წინ, როდესაც ბისმარკის გერმანიამ ორი მშვენიერი პროვინცია - ელზასი და ლოთარინგია წაართვა საფრანგეთს ისე, როგორც რუსეთმა ჩვენ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამის შემდეგ პარიზში მოეწყო მსოფლიო ეკონომიკური გამოფენა და ბისმარკმა მოინდომა ის, რაც დღეს პუტინს სურს -შერიგება, ფრანგებო, შეეგუეთ, რაც წაგართვით და, მოდით, გავაგრძელოთ მეგობრობაო. დელეგაციის გაგზავნაც დააპირა გამოფენაზე ტურისტებად, ამის გამო საფრანგეთში კინაღამ მთავრობა გადადგა, კრიზისი მოჰყვა ამას, ფრანგებმა მაინც არ შეუშვეს ეს ხალხი. როგორ გავახსენო ეს ფაქტი ქუცნაშვილს? ის არ არის ჩემი დონის. საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებდა საქართველოს შემოეშვა ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია, საუბარი აღარ არის ქართველთა გენოციდის ხელის შეწყობის დოკუმენტურად დამტკიცებაში. თუ ის უშუალოდ არ მონაწილეობდა, ხელს ხომ უწყობდა ქართველთა გენოციდს.

მისი შემოშვება ნიშნავს იმას, რომოცნებაცდილობს დაათბოს ურთიერთობა რუსეთთან?

- სხვათა შორის, წუხელ ერთი საათი ვუსმენდი გუბაზ სანიკიძეს. ის ჩემი არც ახლო ნათესავია და არც ახლო მეგობარი, მაგრამ გავოცდი იმით, რომ ზუსტად გუბაზი ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც დღეს დაგვხვდა წინ. გუბაზი ამბობდა, ეს გველის ჩვენ მომავალშიო, მაგრამ რა იცოდა, რომ მისი წინასწარმეტყველება სულ რაღაც 24 საათში ახდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ იყო მოულოდნელი, ეს არ იყო ვიღაცის შეცდომა, ან სპიკერატის შეცდომა, უფრო ღრმა ფესვები აქვს დღევანდელ სკანდალს. თვით ის ფაქტი, რომ გავრილოვმა გაბედა სხდომის წაყვანა ეთავა, ეს მინიმუმ გუშინვე იცოდა მართლმადიდებლური ღონისძიების ყველა მონაწილემ. პირადად მე 50, თუ მეტ საერთაშორისო კონფერენციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე, 100-მდე ადგილობრივ კონფერენციაშიც გამოვსულვარ, წამყვანიც ვყოფილვარ, მოდერატორიც და ვიცი, რომ დაუწერელი კანონია, რომ დღის წესრიგი და გეგმა მტკიცდება ორი დღით ადრე. დღეს „ოცნების“ ხელმძღვანელობას და ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან ლეგიტიმური და ხალხისთვის გასაგები საბაბი, ჩაატაროს წმენდა თავის რიგებში. როდესაც ივანიშვილმა თქვმა, ეს პროტოკოლის ბრალი იყოო, ჩვენც უნდა გავერკვეთ, ვინ იყო ამაში დამნაშავე. ამას შედეგი უნდა მოჰყვეს. ვერავითარ პასუხს ვერ მოვთხოვ ადა მარშანიას და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს, რადგან ისინი მმართველი ძალა არ არიან და სრული ლეგიტიმური უფლება აქვთ, იყვნენ პრორუსები.