„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო“

„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო“

„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მოსამზადებელ არც ერთ ეტაპზე პარლამენტისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უნდა მჯდარიყო იქ, სადაც აღმოჩნდა. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სპიკერატში ორი სავარძელი იდგა, მიქანაძის თქმით, ცნობილი იყო, რომ სხდომა ბერძენ დელეგატებს უნდა წაეყვანათ. პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს, თუმცა ვისი მხრიდან, ამის შეფასებას სიტუაციურად აპირებს.

მაშ ასე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პარლამენტი საქმის კურსში არ იყო, მაგრამ სულ სხვას ადასტურებს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც გავრცელდა. ირაკლი კობახიძის ბრძანების მიხედვით ირკვევა, პარლამენტი ინფორმირებული იყო, რომ სხდომის წამყვანი რუსი დეპუტატი იქნებოდა. ბრძანებაში წინასწარ არის გაწერილი, რომ ტრიბუნა სხდომის წამყვანს უნდა დაეკავებინა.

კობახიძის ამ ბრძანების გაბათილებას უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი შეეცადა, რომლის განმარტებით, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია და ეს პროტოკოლის მიერ დაშვებული შეცდომა იყო. შესაბამისად, მისი თქმით, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება არის უადგილო.

„ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს მსგავსი მოთხოვნები გააჟღეროს და ეს მათი გადასაწყვეტი არაა. ეს მანდატი ჩვენ მოგვცა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ყოველთვის“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, დოკუმენტში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, არ წერია, რომ რუსეთის დელეგაცია წაიყვანდა სხდომას.

ვის ეკისრება მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მას წინასწარ ვინმეს „გაპრავება“, რომ არ გამოუვიდეს, ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს.

„რაღაცების „გაპრავება“, რომ არ გამომივიდეს და არავინ არ ვაპირებთ ამას, ფაქტი რაც მოხდა არის ძალიან ცუდი. ირაკლი ახლა არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, განმარტავს ყველაფერს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო, ვინ სად უნდა მჯდარიყო და ვის უნდა წაეყვანა სესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველი გუნდი ცდილობს, რომ სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის საავრძელის დაკავება და სესიის წაყვანა პროტოკოლს გადააბრალოს, თუმცა ამ შემთხვევაში პროტოკოლის შეცდომას გამორიცხავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს არ იყო პროტოკოლური შეცდომა. ეს იყო უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა და მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვა არასწორი იქნება.

„ყველა დეტალი წინასწარ იწერება კომპლექსურ გეგმაში, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე და რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელია რამდენიმე უწყება პარლამენტის შიგნითაც და პარლამენტის გარეთაც. ის, რომ პროტოკოლში ვიღაცას შეეშალა, ეს ასე არ არის. დღის წესრიგი, ღონისძიებების ჩატარების ადგილი, მონაწილეთა ფორმატი, გვარები, აბსოლუტურად ყველაფერი დეტალურ გეგმაშია გაწერილი და იგი მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

აქ ჯოხის გადატეხვა ზაქარია ქუცნაშვილზე არასწორია. ქუცნაშვილი წინა პარლამენტშიც იყო ამ ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი და მას არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩემს გარეშე. გადაწყვეტილებებს ვიღებდით ერთად. კერძოდ, როდესაც საბერძნეთში ტარდებოდა ეს სხდომა, ჩვენ ჩავედით იქ და მივიღეთ მონაწილეობა, ხოლო როცა მოსკოვში დაიგეგმა, მოსკოვში ჩვენ დელეგაცია არ გავგზავნეთ იმიტომ, რომ ვიცოდით, იქ სხვა სტილის, მაგრამ ამავე შინაარსის პრობლემებთან გვექნებოდა საქმე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პროტესტი გრძელდება. პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას, სუს–ის უფროსის ვახტანგ გომელაურის და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს გადადგომას ითხოვს. პარალელურად, პარლამენტის ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი კი გადაადგილდება უშუალოდ პარლამენტის შენობაში.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგუალავას განცხადებით, ოპოზიცია არ დაიშლება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

„თავმოყვარეობის შელახვას ამათ არავინ აპატიებს. დღეს ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული. ხეების მატარებელი ივანიშვილი ნახავს, როგორაა რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა საჭირო, რა სტკივა რეალურ ადამიანებს. ნახავს, იგრძნობს და მოუწევს ხელისუფლების დათმობა. თუ ამას არ იზამს თავისი ნებით, აუცილებლად არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი კობახიძე პარლამენტში შემოსვლას გაბედავს, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი. მისი თქმით, ახლა გამოჩნდება, რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას, დაიცავს თუ არა ღირსებას, რადგან ეს უკვე ზეპოლიტიკური საკითხია. მისი განცხადებით, ცოტა დააკლდათ და პარლამენტში საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ.

„ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი.

ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს: - რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და, თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი“, – აცხადებს ნიკა მელია.

 

Serapina ისევ, გახარიას გადასარჩენი იქნება ამდენი თხლე!
მდინარაძე და კობახიძეს დამითაგეთ... და მაგათი ტაშის დამკვრელი ბრიყვები კიდევ!
4 თვის უკან
Serapina 1997-98 წლებში, ღრეღორი ვაშაძე სახლში იბარებდა და ლექციებს უტარებდა ქართველ ახალგაზრდებს. მე მაშინ პოლიტიკა არ მაინტერესებდა. უბრალოდ, ვიკითხე თუ რა თემებზე... რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეო. რუსთაველი იყო ის ბიჭი... და ჯიბეგამოფხეკილი, უცებ ისე საეჭვოდ როგორ გამდიდრდა არ დავინტერესებულვარ, თორემ გავიგებდი.... სადაც მუშაობდა,იქ პურის ფულის მეტი ხელფასი არ ჰქონდა.
ასე რომ, ღრეღორი ვალშია რუსებთან და მიშარასტებმა, რუსეთი აგინეთ ალიბად... ვითომ, რუსეთის საქმეს არ აკეთებდეთ, თქვენს ბელადთან ერთად!
4 თვის უკან
Serapina უკაცრავად, არ დამიწერია რომ ეს მოსკოვში ხდებოდა.
4 თვის უკან
გრიგორი არ ვიცოდით რუსი თუ წაიყვანდა სხდომასო !!!! ასამბლეის პრეზიდენტი რუსი გავრილოვი იყო და აბა მე წავიყვანდი სხდომას ?!!! ასეთი დებილო0ბა როგორ უნდა თქვა?!
4 თვის უკან
tngh სანამ საქართველო ნეიტრალიტეტის გზას არ დაადგება, სულ ესეთი დაპირისპირებები იქნება... "რუსოფობიის" და "რუსოფილიბის" იარლიყით...
4 თვის უკან
tngh სანამ საქართველო ნეიტრალიტეტის გზას არ დაადგება, სულ ესეთი დაპირისპირებები იქნება... "რუსოფობიის" და "რუსოფილიბის" იარლიყით...
4 თვის უკან