„არ არის ლადო ის ადამიანი, მათიკაშვილივით გამოვიდეს, მწვავე დებატებში ჩაერთოს, პოლიტიკაში შემოსვლით მან დრო მოჰპარა თავის პაციენტებს“

„არ არის ლადო ის ადამიანი, მათიკაშვილივით გამოვიდეს, მწვავე დებატებში ჩაერთოს, პოლიტიკაში შემოსვლით მან დრო მოჰპარა თავის პაციენტებს“

„არღნის ჩიტი“... „სოლოლაკის ბაზრობაზე ნაყიდი მონა“... ლადო კახაძე ჯერ დეპუტატის სავარძელში არ ჩამჯდარა და უკვე ოპოზიციის სამიზნედ იქცა. პირველი ასეთი შეფასება „ოცნების“ რჩეულმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძისგან დაიმსახურა, როცა გუბაზ სანიკიძისა და მისი მამის - ლევან სანიკიძის შედარება მოინდომა.

ლადო კახაძესთან მიმართებით მსგავს შეფასებებს მხოლოდ ოპოზიცია იმეტებს, თორემ სხვაგვარად ფიქრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს, რადგან კახიძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს, შავგულიძისნაირი დეპუტატი კი არაერთია.

მამუკა ბახტაძის დაპირებით კი, ლადო კახაძე მთაწმინდელებისთვის პრინციპული და აქტიური დეპუტატი იქნება, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც სხვაზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის ნამდვილი ექიმია, რომელიც ყველას დაცვის მიზეზს ეძებს, მისი გული სავსეა სიკეთით.

როგორ გასწევს დეპუტატობის ჭაპანს ლადო კახაძე?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ლადო კახაძეს კარგად იცნობს და ამბობს, რომ იგი გადასარევი ადამიანი, კარგი თამადა, პროფესონალია. თუმცა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შემოსვლით ლადო კახაძემ დრო მოჰპარა თავის პაციენტებს. უფრო მეტიც, ყოველი წამი, ყოველი საათი, რომელსაც ლადო კახაძე პარლამენტში ყვინთვაში გაატარებს, მისი მხრიდან 4-5 პაციენტის ყურადღების გარეშე დატოვებას ნიშნავს.

„რომელი კანონმდებელი ეგ არის?! არ არის ლადო ისეთი ადამიანი, მათიკაშვილივით გამოვიდეს და მწვავე დებატებში ჩაერთოს, ვიღაც აკრიტიკოს, ლადო გადასარევი კაცია, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ახლა სახეები სჭირდება და ისიც დასჭირდათ. თავის დროზე შევარდნაძესაც სჭირდებოდა სახეები, მეცნიერები, ამ მიზნით ელგუჯა მეძმარიაშვილი და სხვა დიდი მეცნიერები შეიყვანა პარლამენტში. მაშინდელმა მეცნიერებმა პარლამენტს დიდი კვალი ვერ დააჩნიეს, თავიანთი საქმიანობის დრო კი გაფლანგეს. ლადოც ასეა. დილიდან საღამომდე უნდა იჯდეს პარლამენტში და რა უნდა აკეთოს? მერე ამ პარლამენტარების მოსმენას ნერვები ხომ უნდა? ბოკერია იქ ისეა, როგორც თევზი წყალში, ასევეა მათიკაშვილიც, ისინი დისკუსებში მშვენივრად გრძნობენ თავს და, ალბათ, დებატებით ისვენებენ, მაგრამ ლადომ რა უნდა აკეთოს?! პაციენტებისთვის ის ხელმიუწვდომელი გახდება. თუ იგი დღეში 5-10 ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა, ახლა ის 5-10 ადამიანი შეიძლება, რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალოს იმიტომ, რომ ლადო პარლამენტში იჯდა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში და განმარატვს, რომ ყველას უყვარს ლადო, ის კოლორიტია, მაგრამ ცოტა სიღრმისკენ თუ წავალთ, ვნახავთ, რომ ლადომ უღალატა თავის პაციენტებს და თავის პროფესიას.

სოსო ცინცაძე იმასაც იხსენებს, რომ შევარდნაძის დროს პირადად მასაც სთავაზობდნენ სიაში ყოფნას, ასევე, სააკაშვილის დროსაც ჰქონდა ასეთი შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვა, რადგან იცოდა, მისი ადგილი პარლამენტში არ იყო.

პოლოტოლოგის აზრით, ესეც დიდი რამეა, ადამიანმა იცოდეს, სად არის მისი ადგილი. იგი ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე აცხადებს, რომ მისი ღირსი არც ერთი პარლამენტი არ იყო, რადგან არსად იყვნენ ნამდვილი პოლიტიკოსები, თეორეტიკოსები, რომლებთანაც კამათი შეიძლებოდა.

„განა მე არ შემეძლო, სიაში როგორმე აღმოვჩენილიყავი? ვთქვათ, შევედი პარლამენტში, რაზე უნდა ვეკამათო თუნდაც იმავე ოხანაშვილს, მათიკაშვილს, „ნაციონალების“ წარმომადგენლებს? ეს იქნება ყრუ-მუნჯების კამათი, ეს იქნება თოქ-შოუების მსგავსი. იქ ლადოს რა უნდა, როცა მისი ადგილი ექიმის კაბინეტშია. ის პარლამენტს ვერაფერს შემატებს, ავადმყოფებს კი დააკლებს“.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე პირადად იცნობს ლადო კახაძეს და მასზე დადებითი შეხედულებისაა. For.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ ლადო კახაძე კეთილი ადამიანია, ამდენად, ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ადამიანის მოქმედებების საწყისი სიკეთის კეთებაა.

„მას შეუძლია, კარგი როლი ითამაშოს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ამ სფეროში გარკვეულია და იცის, რა პრობლემებიცაა. ლადო კახაძე თავმდაბალი პიროვნებაა, ასეთი ბევრი რომ იყოს, შეიცვლებოდა ჩვენი ყოფა. მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.