გავრილოვმა საქართველოს პარლამენტი უსისხლოდ აიღო

გავრილოვმა საქართველოს პარლამენტი უსისხლოდ აიღო

„ასეთი სკანდალის შემდეგ, სულ მცირე, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს… ასეთი, მაპატიეთ და, პოლიტიკური პროსტიტუცია ვერავითარი პოლიტიკური პრაგმატიზმით ვერ გამართლდება. იქნებ, ახლა მაინც მივხვდეთ, თუ რას ემსახურება პრაიდისტულ–ანტიპრაიდისტული აჟიოტაჟი ქვეყანაში. ყურადღება ხომ გადაგვატანინეს გამოგონილ პრობლემაზე?! საინფორმაციო სივრცე ხომ გააჯერეს?!“, – წერს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი იწყება – პარლამენტის სხდომათა დარბაზი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა დაიკავეს. დაშლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. პარლამენტის შენობასთან და შენობის შიგნით შეკრებილები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ხალხი დადგება პარლამენტის შენობაში და პარლამენტის გარეთაც, ვიდრე კობახიძე არ გადადგება. მელიას განცხადებით, მოღალატეობრივი აქტი შემდგარია და ახლა რეაგირებაა საჭირო და ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს გადადგომის შესახებ განცხადება სასწრაფოდ გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია არ დასრულდება.

„ამ ეტაპზე ყველანი უნდა მოვიდეთ პარლამენტში, ამ დღიდან ეს აღარ იწოდება პარლამენტის შენობად, ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ხალხი უნდა მოვიდეს პარლამენტის შენობაში და დავრჩებით შიგნითაც და გარეთაც, სანამ კობახიძე არ გადადგება.

ვინ ხართ ხალხო, არ თვლით თავს შეურაცხყოფილად, იმ რაღაცა სამი ათასი ლარის და ბიზნესების გამო ყველაფერს ხაზის გადაუსვათ? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ ბარემ, იმ სკამში, მოღალატეობრივი აქტი უკვე შემდგარია, ამას სჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის პრუწუნი, რომ ასამბლეა გაგრძელდება სხვა სივრცეში, არსად არ გაგრძელდება. კობახიძე, სადაც არის იქ გააკეთოს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ვითარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26–ე გენერალური სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს და პარლამენტის სპიკერატის ბლოკირება მოახდინეს.

ბლოკირების ფაქტი, როგორც მოსალოდნელი იყო, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ გააპროტესტა. მანდატურებმა კვიციანი სპიკერატს ძალის გამოყენებით მოაშორეს, რის შემდეგაც მასთან თანაგუნდელი ადა მარშანია მივიდა. მარშანიასთან საუბრის შემდეგ, ემზარ კვიციანმა დარბაზი დატოვა. პარალელურად დარბაზში ხმაური და შეძახილები – „პუტინ ხუილო“ ისმოდა.

დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მივიდნენ, საიდანაც გავრილოვი სესიას უძღვებოდა. ამის შემდეგ რუსი დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რომელიც მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გადაიყვანეს. ოპოზიციამ გავრილოვს სხდომათა დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცა.

ვითარება დაძაბული იყო პარლამენტის დარბაზში. „სირცხვილი მთავრობას“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მოქალაქეებმა საკუთარი პროტესტი გამოხატეს. პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასულ მმართველი პარტიის დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს მოქალაქეები „მონა, მოღალატე“–ს ძახილით შეხვდნენ.

ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა. აქტივისტებმა ქუცნაშვილი შეძახილებით გააცილეს, რომელმაც ჟურნალისტებთან განმარტება არ გააკეთა და თავი პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებს შეაფარა.

მოგვიანებით მედიისთვის გაკეთებულ განმარტებაში ქუცნაშვილმა განმარტა, რომ შესაძლოა, შეცდომა ყოფილიყო ის, რომ ბერძენი დეპუტატის ნაცვლად ასამბლეის სხდომა პარლამენტში რუსმა დეპუტატმა წაიყვანა. თუმცა, ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, საქართველომ ყველანაირი ასამბლეა და ფორუმი ეროვნული ინტერესების დასაცავად უნდა გამოიყენოს.

„თუ საჭიროა ვიქნები, მე. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ასამბლეები უნდა გამოვიყენოთ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო დიპლომატიისა არ გვაქვს“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

„კაბინეტში ვერავინ ვერ იჯდება ასე თბილად, რადგან ახალგაზრდები მოვდივართ. გამოვათრევთ კაბინეტებიდან ყველას და ყველას ვათქმევინებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჯერ გავრილოვი დაგვისვეს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე და მერე ჩვენს პროტესტზე ასე გვიპასუხეს. ასე არ გაგრძელდება, იმიტომ, რომ გადახედეთ, რამდენი ახალგაზრდა ვდგავართ აქ“, – ასეთია ახლგაზრდა აქტივისტების პოზიცია, რომლებიც პარლამენტის თავჯდომარის გადადგომას და ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვენ.

სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვებათ. მდინარაძე არ აკონკრეტებს, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მომხდარის გამო. მისი თქმით, ცხელ გულზე ამაზე საუბარი არ შეიძლება.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო, რომ სხდომა სერგეი გავრილოვს უნდა წაეყვანა, თუმცა არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ დააცადეს გავრილოვს სიტყვით გამოსვლა და რატომ არ ჰქონდა პროტესტი უმრავლესობას.

„უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც სურათს ვნახულობთ, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიჰყავს სხდომა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასე იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან. რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად. ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოში კამათია იმ თემაზე ნებისმიერი პოლიტიკურ ჯგუფს შორის, უნდა იჯდეს თუ არა პარლამენტის დარბაზში მკვლელი და ოკუპანტი გავრილოვი.

„ჩვენ მას ვუთხარით, რომ ჩვენი პირობებია, გავიდეს რუსული დელეგაცია, თუნდაც მთლიანად ჩაიშალოს, ეს სულერთია. ამ დარბაზში ფეხს ვერ შემოდგამს ვერც ერთი ოკუპანტი. წავიდნენ უკან მოლაპარაკებებზე, მდინარაძის პოზიცია ამ მომენტში განსხვავებული იყო ქუცნაშვილის პოზიციისგან, რომელიც იძახდა, რომ ღონისძიება ბოლომდე გაგრძელდება.

ამიტომ ბოლომდე უნდა მივაწვეთ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გაყოფილი აზრია ჩვენ ქვეყანაში ამ საკითხზე. რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ვინც არ უნდა გადაწყვიტოს, ამ დარბაზში რუსები ვერ შემოვლენ. მდინარაძის პოზიცია იყო საღი, რომ ჩვენი პროტესტი არის მართალი“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტში განვითარებული პროცესები მიუღებელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე ფორუმს, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის განცხადების შემდეგ განმარტება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამბობს, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა.

„რუსეთი არის ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პარტიის თავმჯდომარისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ქუცნაშვილისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეების მწვავე და სამართლიანი პროტესტი რუსი დეპუტატისთვის გაუგებარია. „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ კომენტარში სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ რადიკალებმა სხდომა შეაწყვეტინეს, წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. მისივე თქმით, რუსმა პარლამენტარებმა დაცვის ქვეშ დატოვეს საქართველოს პარლამენტის შენობა. რუსი დეპტატი ამბობს, რომ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა“, – განმარტა სერგეი გავრილოვმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ირაკლი კობახიძემ ლეგიტიმურობა უკვე დაკარგა. შესაბამისად, უნდა გადადგეს სპიკერის თანამდებობიდან, რადგან გავრილოვის დასმა სპიკერის სკამზე, სპიკერისათვის უკვე განაჩენია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით ორგანიზატორებზე, რადგან თანამდებობიდან გადადგომა „ბაირამობაა“.

„ეს არის ხელისუფლების გამოცხადებული ომი საქართველოს წინააღმდეგ! ეს არის ის, რასაც ვერ ჩამოიბანთ! უომრად ჩავბარდით?! აქედან დესუვერენიზაციამდე აღარაფერია დარჩენილი. ფსიქილოგიურად, როგორც ჩანს, შეგვამზადეს, რადგან ეს გავაბედინეთ“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მაშინ, როდესაც საქართველო არის ომის პირობებში დღევანდელ რუსებთან და ამ პიროვნებში გავრილოვის შემოშვებაც შეცდომა იყო, თუ არა დანაშაული. როგორც მაისაია აცხადებს, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ მმართველ პარტიაში დროა კარდინალური ცვლილლებები.

„არა რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის ლობისტს საქართველოში. აღშფოთებული ვარ ამ ვაჟბატონის, არათუ ჩამოსვლის, არამედ მისი ჩვენს პარლამენტში შემოსვლის გამო, იმ პიროვნებისა, რომელიც 2016 წელს დაჯილდოვდა სპეციალური ჯილდოთი „სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო“, რომელიც ნაწილობრივ წარმოადგენს მაღალ ჯილდოს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციაში და რომელიც არის სამი სესიის დეპუტატი, რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის ლობისტი და რაც მთავარია, კომუნისტური პარტიის დეპუტატი.

კურიოზია ისიც, რა უნდა კომუნისტ დეპუტატს მართლმადიდებლური ასამბლეაზე და რომელი მართლმადიდებელი არის გავრილოვი? როდესაც დღემდე ეთაყვანება მუმიზირებულ საკუთარ ბელადს – ვლადიმერ ლენინს, რომელსაც სისხლში აქვს გასვრილი ხელი მილიონამდე მართლმადიდებლის დახვრეტის სახით. ეს უკვე სცილდება წმინდა ჰიბრიდული ომის სტანდარტებსაც. ოკუპანტი ბობოქრობს – ძირს კრემლი და მისი სტრატეგია!“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

 

უ ც ხ ო :
ძალიან ქ უ ც ნ ა უ რ ი და სამარცხვინო ამბავია, რომ პარლამენტში ამისთანა სკანდალი ხდება და ვისი ვიოლინო ვის როიალშია ვერ გაიგებ!..
4 წლის უკან
Maverick ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს არც პარლამენტი და არც მთავრობა ეროვნული არ არის, გავსებულია რუსეთის გავლენის აგენტებით, ანუ გადაკრასკული ნაცებით, იმ კოაბიტაციის შედეგად დაბადებული მაქციებით, რომელიც "ლიბერალურმა" დასავლეთმა შემოგვტენა და მთვარიდან არ ჩამოყვანილმა პარტიებმა თავს მოგვახვიეს. ასეთ უმაქნის, ქვემძრომ, დაშინებულ, მშიშარა, გადაგვარებულ პარლამენტს, მთავრობას, ოპოზიციას სულ რომ არ იყოს აჯობებდა!!!
უფრო მეტი უბედურებების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ დათხოვნილ იქნას პარლამენტი და გამოცხადდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების თარიღი, შეიქმნას დროებითი მთავრობა...
4 წლის უკან
Maverick გამოცხადდეს საგანგებო სიტუაცია, მთავრობას სათავეში ჩაუდგეს პრეზიდენტი!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
Maverick, სავსებით გეთანხმები!.. ასეთი წყალწყალა, ასეთი უმაქნისი პარლამენტი ჯერ არ გვყოლია!
სრულიად ვიზიარებ შენს ბოლო აბზაცს!
4 წლის უკან
Serapina მოკლედ, იმდენი ასხეს წყალი ამ ნაცების წისქვილს, რომ თავადაც გაჰყვნენ ამ წყალს... ოღონდ, ჯერ არ იციან და არ გააგებინოთ (არც არიჩოპრას და tngh-ს არ უთხრათ) ისე გულწრფელად სჯერათ... ჩუმად ვიყოთ!
4 წლის უკან