„მიშა რომ არ ყოფილიყო, „ოცნებას“ იგი უნდა გამოეგონებინა“

„მიშა რომ არ ყოფილიყო, „ოცნებას“ იგი უნდა გამოეგონებინა“

ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილის გააქტიურებამ და ამით „ოცნებისთვის“ გარდაუვალი მოგების მოტანამ ცალკეულ ადამიანებში ეჭვი გააჩინა, სააკაშვილი ხომ არ იღებს „ოცნებისგან“ ფულს, რათა არჩევნების წინ იგი „ოცნებამ“ გამოიყენოს.

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი „ოცნებისგან“ ფულს იღებს, რათა ის ილაპარაკოს, რაზეც ხშირად აპელირებს“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთს უნიკალურად გაურიგდნენ. ზაქარეიშვილის აზრით, სააკაშვილი იმდენად შტერი არაა, არ ესმოდეს, მისი საფრთხობელა „ნაცმოძრაობას“ როგორ ძირავს, უბრალოდ, ის „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.   

ამ მოსაზრების პარალელურად, ისიც საინტერესოა, მხოლოდ სააკაშვილია „ქართული ოცნების“ შეუცვლელი მაშველი, თუ არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები?!  

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, თუკი რომელიმე ავტორიტეტული ადამიანი დაადასტურებს, რომ სააკაშვილი „ოცნებისგან“ რაიმეთი დაინტერესებულია და შეგნებულად აყენებინებს საკუთარ თავს „ქართულ ოცნებას“ ყოველი არჩევნების წინ, მაშინ ეს მოსაზრება გამოსარიცხი არ არის. ამაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ მიშა „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარია. მიშა რომ არ ყოფილიყო, „ოცნებას“ იგი უნდა გამოეგონებინა.

„თავის დროზე ვოლტერმა თქვა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექმნაო. ამ დროს ვოლტერს არც ღმერთი სწამდა, არც ეშმაკი. ამის მიუხედავად, საკუთარ ეზოში ღმერთს ძეგლი დაუდგა, წარწერით, „ღმერთს ვოლტერისგან“. „ქართულ ოცნებას“ რომ ცოტა ჯანსაღი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, თავიანთი ოფისის წინ მიშას ორმეტრიან ძეგლს დადგამდნენ, დიდი წარწერით „მიშას ოცნებისგან“. ამ დროს, ნახეთ, „ოცნება“ როგორ ექცევა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს?! გასაქანს არ აძლევს, ავიღოთ თუნდაც ნეპოტიზმი. თუ „ოცნების“ წევრი არ ხარ, არც სამსახური გაქვს, არც არაფერი. მომავალში „ოცნებასაც“ ასევე მოექცევიან. „ნაციონალები“ კი იძახიან, არავითარი შურისძიებაო, მაგრამ არ მჯერა, შურისძიების გარეშე დაბრუნდნენ, თუკი საერთოდ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. შესაძლოა, ეს ისეთი შურისძიება არ იყოს, როგორც ადრე გვახსოვს „ნაციონალთა“ დროს, მაგრამ სხვადასხვა ფორმით შურისძიება, ცხადია, იქნება“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, რევანშისტები „ოცნების“ მომხრეებს სამსახურს არ გააკარებენ, ფულიან ტენდერებს არ მოაგებინებენ. ციხე არც კი დასჭირდებათ, მაგრამ კაპიკ ფულს რომ არ აშოვნინებენ „ოცნების“ მომხრეს, ეს უკვე ციხეს ნიშნავს. მდიდარ ადამიანს ფულს რომ არ აშოვნინებ, ის თავისით ისედაც მოკვდება, როცა დაინახავს, რომ ტენდერში ვიღაც სხვა უკანონოდ იგებს, ამით გული გაუსკდება.

„ამიტომ „ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია, წააგოს არჩევნები. ეს ძალზე ცუდი პროცესია, „ოცნებამ“ თვითონვე დაიგო ხაფანგი და ამ ხაფანგში ორივე ფეხით გაება. თუმცა დროს მაინც თავისი მიაქვს, 2020 წელს არა, 2024-ში არა, 2028-შიც არა, მაგრამ 2032-ში ოდესღაც მაინც დამარცხდება „ქართული ოცნება“ და დადგება შურისძიების დღე. ეს შურისძიება მიშასგან არ იქნება, არამედ თვითონ „ოცნებაშიც“ მოდიან ახალი ძალები. დადგება დრო, როცა „ოცნებას“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდებიან ქარიზმატული ლიდერები. მიშასაც ხომ არ აკლდება, მას ემატება წლები, ამიტომ ქარიზმატული ლიდერი საქართველოში უთუოდ გაჩნდება, არავითარ საფრთხეს მიშა აღარ წარმოადგენს. ჩვენს საზოგადოებას რატომღაც სჯეროდა, ვაშაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, მეორე დღესვე დაბრუნდებოდა სააკაშვილი. სინამდვილეში, ვაშაძეს რომ მიშას დაბრუნების პროცედურები დაეწყო, მაშინვე იმპიჩმენტს მოუწყობდნენ, რადგან მიშას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აქედან გამომდინარე, განა შეიძლება, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენს საზოგადოებას ყოველ არჩევნებზე სჯეროდეს, რომ მიშა მოვა“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მხოლოდ მიშას ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი ამ არჩევნებში და მხოლოდ მიშას არ უნდა დაუდგას ძეგლი „ქართულმა ოცნებამ“. უბრალოდ, სანამ „ნაცები“ წარმოადგენენ  ალტერნატიულ ძალას, მანამ არაფერი შეიცვლება, რადგან „ნაცები“ ჯერ ვერ მოუნელებია ჩვენს საზოგადოებას.

„სრულიად ცხადია, სანამ არ შეიქმნება რაიმე ალტერნატივა, „ქართული ოცნება“ იქნება უალტერნატივო და ისევე იოლად მოიგებს არჩევნებს, როგორც ახლა მოიგო. რაიმე ძალა უნდა  გამოვიდეს ასპარეზზე, რომელსაც მეტი პერსპექტივა ექნება,  ვიდრე „ნაცებს“. „ნაცები“ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამისთვის არჩევნებში მიღებული ხმები საკმარისი არ არის, მაგრამ ეს ხმები საკმარისია იმისთვის, რომ „ნაციონალები“ ძირითად ოპონენტებად მოგვევლინონ. „ნაცების“ უკან ხომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები დგანან. ბოლო არჩევნებში, თბილისში, მთაწმინდაზე მათ ხმების თითქმის 40%-მდე აიღეს, ასე იყო ზუგდიდშიც, ეს საკმაოდ დიდი ნაწილია ჩვენი საზოგადოების. როცა ასეთი ვითარებაა და ძალთა ბალანსი ასეთია, ძალიან ძნელია იფიქრო იმაზე, რაღაც ღირებული ალტერნატივა შეექმნას „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

 

უ ც ხ ო :
"პატრიოტთა ალიანსმა", ბურჯანაძემ და ლევან ვასაძემ (თავისი მომხრეებით) რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკი შექმნან, დიდი შანსია, ნაცებიც დაამარცხონ და მხოლოდ სახელისუფლებო რესურსის ამარა დარჩენილი "ოცნებაც"!..
მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია: ქოცები და ნაცები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ძალები ერთმანეთს წაჰკიდონ... ამბიციური ქართველების ურთიერთწაკიდებას კიდე რა უნდა!
4 წლის უკან