მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა – მასშტაბური საკადრო ცვლილება იწყება

მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა – მასშტაბური საკადრო ცვლილება იწყება

შალვა თადუმაძე ქვეყნის პირველი მოსამართლე ხდება. for.ge–სთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორს სასამართლოში მიჰყვება მისივე მოადგილე, მამუკა ვასაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკურსში. რაც შეეხება თადუმაძის შემცვლელს, ერთ–ერთი ვერსიით  მას ბაკურ აბულაძე შეცვლის, რომელიც პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსია და მას ირაკლი შოთაძის პირად კადრად იცნობენ.

დაგეგმილ საკადრო ცვლილებაზე ინფორმაციას არ ფლობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს არსებულ ინფორმაციას, რომ შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კადრი ჩაანაცვლებს. მდინარაძე ამბობს, რომ შალვა თადუმაძე მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის რეგისტრირებული და მის დანიშვნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„წინ რამდენიმე პროცედურაა და ამიტომ მის შემცვლელზე მსჯელობა არარელევანტურია. ჯერ უნდა იყოს თადუმაძე მხარდაჭერილი საბჭოს მიერ, ამის შემდეგ მას უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა და, თუ ეს ყველაფერი მოხდება, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ და კითხვაზე პასუხი გავცეთ – ვინ იქნება მთავარი პროკურორი. მანამდე არარელევანტურია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ვერ იქნებოდა მმართველ გუნდში რაიმე საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი. ჯერჯერობით წინასწარ რამდენიმე სვლის შემდეგ რა მოხდება ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაშია, მათთვის ყველა გზა ბიძინა ივანიშვილთან მიდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია გენერალური პროკურორი იყოს ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელი.

„იქნება რობოტი და გააკეთებს იმას, რასაც დაავალებს ივანიშვილი. პროკურატურაში უნდა იყოს ან ქორი პროკურორი, რომელიც პირდაპირ უნამუსოდ შეასრულებს ივანიშვილის დავალებას, როგორც ფარცხალაძე ან უნდა იყოს ბუნჩულა პროკურორი, რომელიც იქნება ბუტაფორია და შეასრულებს კულისებში მდგომი ადამიანის დავალებას, მაგრამ უფრო უნდა ველოდოთ, რომელთა მიმართაც ექნება კომპრომატი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს რა სახელისა და გვარის ადამიანი გახდება გენერალური პროკურორი, რადგან ნებისმიერი ვინც გენერალური პროკურორის თანამდებობას დაიკავებს, ივანიშვილის მორჩილი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ახალ პროკურორს ამავე ნიშნით შეარჩევენ – ეს არის ივანიშვილის მიმართ უსიტყვო და მონური მორჩილება, ამიტომ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო საკადრო ცვლილებებმაც ეს დაადასტურა“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის მოვალეობას არაფორმალურად ირაკლი შოთაძე ასრულებდა.

„შოთაძის გაშვება იყო ბლეფი და ისევ შოთაძე დააბრუნა, როცა ეს ჩაწყნარდა. ხომ ხედავთ სარალიძე დაწყნარდა და ისევ ბრუნდება შოთაძის კადრები. შოთაძე არსად წასულა, შოთაძე გააგრძელებს თავის ხალხთან ერთად პროკურატურის მართვას და რა ჭაობშიც იყო პროკურატურა იმ ჭაობში დარჩა“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალის გათვლა, უზენაესი სასამართლოს სრული კონკრტოლისთვის, ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ დასრულდება. რომლის შედეგი, მისი თქმით, არა მხოლოდ უკვე დასახელებული ნომინალური კანდიდატების გასვლა იქნება უზენაეს სასამართლოში, არამედ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ქვეყნის პირველი მოსამართლე შალვა თადუმაძე იქნება.

„შემიძლია გითხრათ მმართველი პოლიტიკური პარტიის გათვლა – გადაწყვეტილი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იქნება შალვა თადუმაძე, მისი ერთი მოადგილე იქნება მამუკა ვასაძე, რომელიც მიჰყვება პროკურატურიდან და მეორე მოადგილება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავაძე.

რაც შეეხება პროკურატურას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პროკურატურის პოლიტიკური ლოიალობა და ნეიტრალიტეტი ძალიან შელახულია, შესაბამისად რთულია იმსჯელო რა უნდა იყოს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

მთავრობის შემადგელობიდან დავით სერგეენკოს წასვლის შემდეგ, სულ უფრო აქტიური ხდება ინფორმაცია დაგეგმილ საკადრო ცვლილებაზე. სერგეენკო რომელიც ამჟამად პრემიერის მრჩეველია, არსებული ინფორმაციით პრემიერ–მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მეორე ვერსიით, სერგეენკო „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს. მისი თქმით, გუნდის თითოეული წევრის პოზიცია არის ის, რომ თანამდებობა არ არის თვითმიზანი. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, სერგეენკოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსი, რომ 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში ჩაერთოს.

„დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია და ის ცალსახად დადებითი შეფასებით ასრულებს ამ პოზიციაზე მუშაობას. მან ძალიან ბევრი გაააკეთა იმისთვის, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მოლოდინი, რომ ის იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის შემუშავებაში.

ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვქონდა პრემიერთან კონსულტაციები. ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ იქნება ჩართული 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში, რითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საპარლამენტო სიისთვის შემოინახონ, თუმცა მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტში, ანუ განსხვავებულ ასპარეზზე იგი წარმატებული იქნება.

„სერგეენკოს აქვს საკმარისი პოპულაურობა, რომ ათეულში იყოს, ან ათეულის თავში, მაგრამ მეტი არაფერი. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში ქალბატონი წულუკიანი არ ჩანს საჯაროდ, გვახსოვს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ, მაგრამ მისი ვიზიტის შემდეგ ეს მოცემულება შეიცვალა, ვერ შეძლო პრემიერმა მისი სახლში გაშვება. ამას თუ დავუმატებთ პომპეოს განცხადებას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის წარმმათველი ამდენი წლის განმავლობაში, როგორც თავად ამბობდა, იუსტიციის სამინისტრო იყო, ხოლო რეალურად აღმოჩნდა, რომ სულ სხვა იყო, ბუნებრივია, რომ თეა წულუკიანი აღარ იყოს მთავრობაში საფუძველი არსებობს და ამას უნდა დავუმატოთ პრემიერის განცხადება, რომ მთავრობაში ახალი სისხლი საჭირო არისო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ეს ფრაზა თეა წულუკიანის მიმართ იყოს ნათქვამი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განმარტებით, დავით სერგეენკო განსაკუთრებულად გამორჩეულია, არ არის ამბიციური პოლიტიკოსი, რომ პრემიერ–მინისტრობაზე ჰქონდეს პრეტენზია, ან საპარლამენტო თანამდებობაზე.

„ვნახოთ, რა და როგორ იქნება. შესაძლებელია შეიცვალოს მთავრობის შემადგენლობა და ეს შესაძლოა, იყოს თეა წულუკიანი. პრემიერის წასვლის, ან მინისტრების შეცვლის საკითხი, რომ ამის შემდეგ თავიდან დადგეს მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი, ამის ნიშანწყალი არ ჩანს, მხოლოდ ერთი მინისტრის ცვლილებით მთავრობის ცვლილება არ მოხდება. წულუკიანიც რომ გადადგეს, ეს არ ნიშნავს, რომ ბახტაძის მთავრობას ნდობის კუთხით პრობლემა შეექმნას.

არ ველოდები, რომ მთავრობა შეიცვლება, თუმცა რა და როგორ მოხდება მომავალში, ძნელი სათქმელია. რაც შეეხება სერგეენკოს, აუცილებლად იქნება „ოცნების“ გუნდში. ამ წუთას პრემიერ–მინისტრის მრჩეველია. საპარლამენტო სიაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ნაკლებად მოსალოდნელია პრემიერის პოსტზე მოიაზრებოდეს, თვითონ არ აქვს ეს ამბიცია. „ოცნებაში“ რომ იქნება ფაქტია, სად და როგორ, ვნახავთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.