დაკარგული ტრადიციების ძიებაში

დაკარგული ტრადიციების ძიებაში

სამურაის ხმალი და აბრეშუმის ძაფებით დაწნული აბჯარი, კიმონოები, „უკიიო - ე“ - ს ჟანრის გრავიურები; ირანული მინიატურები, ზარდახშები და მ-19 საუკუნის ყაჯარული ფერწერა - ყველა ამ შედევრის ნახვა ორიენტალიზმის მოტრფიალეებს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმში შეუძლიათ.

გამოფენა, სახელწოდებით „აღმოსავლური კოლექციის ახალი სიცოცხლე“, 17 სექტემბერს, განახლებულ დარბაზში გაიხსნა და ორ თვეს გასტანს. უნიკალური ექსპონატები შალვა ამირანაშვილის სახლობის ხელოვნების მუზეუმის ბნელი, ნესტიანი სარდაფიდან ამოიტანეს და, გერმანელთა თანადგომით ჩატარებული რესტავრაციის შემდგომ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მზის შუქზე გამოფინეს.

კოლექციის გვირგვინი ყაჯარული ფერწერაა. გასაკვირია, ამ სტილის ხელოვნების აღმოცენება ისლამის წიაღში, სადაც ყურანით დაკანონებული ანიკონიზმი - (მუჰამედისა და წმინდანების გამოსახვის აკრძალვა) წმინდა წიგნის კომენტატორებმა ადამიანის გამოსახულებაზეც გაავრცელეს - ისლამური ხელოვნების ძირითად თემად ორნამენტი და კალიგრაფია იქცა. ადამიანის ხატვის ტრადიცია მინიატურების კამერულ ჟანრში განვითარდა. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, ირანის შაჰების კარზე დამკვიდრებული საერო ფერწერა მკერდმოღეღილი ქალების, მუსიკოსების, შეყვარებულებისა და მოცეკვავეების გამოსახვით, ლიბერალური ისლამის იშვიათი, განსაკუთრებული ფენომენია.

დღეს, ყაჯარული ფერწერა ძალიან პოპულარულია კოლექციონერებს შორის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2004 წლის სოტბის საშემოდგომო აუქციონზე, ყაჯართა დინასტიის მმართველის, ფათჰ ალი შაჰის პორტრეტი 901 600 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყაჯარული ფერწერა მისი მზარდი პოპულარობის გამო როდია საინტერესო! დღეს, ავტორიტეტულ მკვლევართა ნაწილი სენსაციურ განცხადებებს აკეთებს და ირანული საერო ფერწერის ჩამოყალიბებას ჩვენამდე ვერმოღწეულ ქართულ სკოლას მიაწერს.

ყაჯარული ფერწერის პირველი მკვლევარი, აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი, რომელმაც ეს ფენომენი მსოფლიოს გააცნო, აღნიშნავდა, „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელ ერს შეუძლებელია საეკლესიო მხატვრობის პარალელურად, საერო ფერწერა არ ქონოდა განვითარებულიო. საერო ფერწერის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი ნიმუშები მე–19 საუკუნის დასაწყისის შესანიშნავი თბილისური პორტრეტებია.

რა იყო მანამდე?

1997 წელს სოტბის აუქციონზე შაჰ აბას პირველის დროინდელი ფერწერული ტილო გაიყიდა, რომელიც ირანის საერო ფერწერის პირველ, ე.წ. ისპაჰანურ სკოლას ეკუთვნის.
ბეწვშემოვლებულ ქულაჯაში, ზოლიან კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილ, ქერა, ცისფერთვალება კაცს თავზე ჩალმა აქვს შემოხვეული. ხელში ჯოხი უჭირავს, მის უკან კი პატარა ძაღლი დგას. სოტბის ექსპერტებმა ის ევროპელის პორტრეტად მიიჩნიეს. არც არის გასაკვირი - სეფიანთა სატახტო ქალაქი ისპაჰანი ევროპის დიპლომატიური და რელიგიური მისიებით, ინგლისური და ჰოლანდიური სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლობებით იყო სავსე. სხვა აზრის არიან სპარსული ხელოვნების ცნობილი მკვლევარები შაჰრიარ ადლი და სურენ მელიქიან-შირვანი. ისინი მიიჩნევენ რომ ისპაჰანურ პორტრეტებზე სპარსელი ქართველები არიან გამოსახული; უფრო მეტიც - ამტკიცებენ, რომ ნახატები ქართველმა მხატვრებმა ქართლის მუსლიმი მეფის - როსტომ ხანის სასახლისთვის დახატეს. მათი თეორიის თანახმად, ირანის საერო ფერწერის ჩამოყალიბება ისპაჰანური მხატვრობის ქართულმა სკოლამ განაპირობა, რომელიც სათავეს ქართული საეკლესიო მხატვრობის ქტიტორთა გამოსახულებებში იღებს. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი, ირინა კოროშიძე თავის შესანიშნავ მონოგრაფიაში „საქართველო–ირანის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიიდან“.

ისპაჰანური სკოლიდან მხოლოდ 14 ნახატი შემორჩა, რომლებიც პირველად ლონდონში გამოიფინა. ისინი ევროპული გარეგნობის ქალებისა და მამაკაცების პარადული პორტრეტებია. პერსონაჟების სამოსი დაახლოებით ისეთივეა, როგორც მაღალაანთ ეკლესიის კედელზე დახატულ მაღალაშვილებს მოსავთ: ქალებს თავზე ლეჩაქი ახურავთ; ხელში ყანწები უჭირავთ. ერთ-ერთ პორტერეტზე ჯამიც არის გამოსახული, მუსლიმებისთვის აკრძალული ღორის თავ-ფეხით. ამ დეტალთან დაკავშირებით მეცნიერებს ასეთი ვარაუდი აქვთ: ისინი თვლიან, რომ ქალი როსტომ ხანის მეუღლე, მარიამ დადიანია. ღორის დინგი და კანჭები კი დადიანების საგვარეულო გერბზე გამოსახული ტახის გამოძახილია.

საქართველოში ზეთის ფერწერა, სავარაუდოდ იტალიელმა მისიონერებმა შემოიტანეს, რომელსაც მათივე გახსნილ სპეციალურ სკოლებში ასწავლიდნენ. დე კასტელის რამდენიმე ესკიზზე მხატვარი ქალებია გამოსახული პალიტრითა და ფუნჯებით ხელში.

ქართული ეთნოსის გავლენა ირანში, ალბათ ყოველთვის იყო, მაგრამ მე–17 საუკუნეში, სეფიანთა მმართველობის დროს, განსაკუთრებით გაძლიერდა. შაჰ აბას პირველის კარზე მუსულმანმა ქართველებმა ახალი სამხედრო და საერო არისტოკრატია შემქნეს, დააკომპლექტეს გვარდია, დაიკავეს საკვანძო ადმინისტრაციული თანამდებობები და თავიანთი კვალი დაამჩნიეს სასახლის კარის ეტიკეტს, გემოვნებასა და მოდას. ირანში მოღვაწეობდნენ ქართული წარმოშობის მინიატურისტი მხატვრები ალი ყული ბეგ ჯაბადარი და სიაუშ ბეგ გურჯი. ჯაბადარი ირანის მხატვრობაში ევროპული სტილის ერთერთ დამამკვიდრებლად ითვლება.

ყაჯარების ხელოვნება, ერთი საუკუნის შემდეგ, ისპაჰანური სკოლის ტრადიციას აგრძელებს, მაგრამ სტილსიტიკა უფრო დეკორატიულია. სილამაზის იდეალი - შეცვლილი.

ყაჯართა დინასტიას თბილისის დამანგრეველმა აღა მაჰმად ხანმა დაუდო სათავე. მას ხელოვნებისთვის არ ეცალა - ირანის ტახტზე, ძალაუფლების განმტკიცებით იყო დაკავებული. სასახლის კარის ხელოვნების გაფურჩქვნა მომდევნო მმართველის - პოეტის, მუსიკოსისა და სილამაზის დიდი ტრფიალის - ფათჰ ალი შაჰის სახელს უკავშირდება. ფათჰ ალი შაჰმა (1797–1834) ახალი მხატვრული კანონი შეიმუშავა, განსაზღვრა სილამაზის იდეალი, ეტიკეტი, მოდა და ნიჭიერ შემოქმედებს საუკეთესო პირობები შეუქმნა. თამამად შეგვიძლია მას სპარსეთის კოზიმო მედიჩი ვუწუდოთ. ჩვენი ეროვნული მუზეუმის კოლექციის უდიდესი ნაწილი ფათჰ ალი შაჰის დროინდელია და მისი სასახლის შესამკობად იყო განკუთვნილი. ამით აიხსნება ნამუშევრების დიდებული ხარისხი და ფასეულობა.

სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებულ ნახატებში სასახლის კარის პერსონაჟებია გამოსახული: შაჰები პარადულ მორთულობაში, მკერდშიშველი ქალები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, საჭურისები და ხელიხელგადახვეული შეყვარებულები - ნახატების ფორმატი დიდია; პერსონაჟები ნეიტრალურ, ბრტყელ ფონზე მთელი სიმაღლით არიან გამოსახული; მოცულობები - ნაზად მოდელირებული; სტილი- მონუმენტური; სამოსი - უხვად დეკორირებული. თირმის უძვირფასეს ტანსაცმელში გამოწყობილი, კასტანეტებიანი ქალები ცეკვენ, დაირებსა და ტამბურინებზე უკრავენ; მაგრამ ყაჯარების ფერწერაში ასახული სამყარო, როგორ უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან მდუმარე და ინტიმურია. ის განსაკუთრებული მგრძნობიარობის დამფასებელზეა გათვილი, რომელიც ნახატების ცქერისას, თავად ხდება ამ იდუმალი სამყაროს თანამონაწილე.

ერთ ნამუშევარზე საზზე დამკვრელი საჭურისია გამოსახული - თირმის ქსოვილის ძვირფასი ახალუხი, გამჭვირვალე პერანგი, რომელიც მკერდსა და მუცელს აჩენს. ფიგურის კომპოზიცია და პერსონაჟის გამომეტყველება მეტისმეტად წააგავს კარავაჯოს ნახატს „ბიჭი ბარბითით“. დამთხვევები სახვით ხელოვნებაში ძალიან იშვიათია. ირანელ მხატვარს კარავაჯოს ნამუშევარი, სავარაუდოდ, ნანახი ჰქონდა.

ყაჯარული გამოფენის თვალიერებისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს ლადო გუდიაშვილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ კომპოზიციას „ქალი ირმით“. ქართველი შემოქმედი ირანული მხატვრობას, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა. თუმცა, მსგავსება სხვა ფაქტორითაც შეიძლება აიხსნას: ქართულმა კულტურამ, ისტორიული ქარტეხილების მიზეზით, ბევრი ტრადიცია, მათ შორის, საერო მხატვრობის სკოლა დაკარგა, მაგრამ ტრადიციები ერის გენეტიკაში მაინც რჩება - მათ გასაღვიძებლად ნიჭიერ შემოქმედს მხოლოდ ძლიერი იმპულსი სჭირდება.

ყაჯარული ექსპოზიციის მშვენებაა ბავშვიანი ქალისა და კაცის წყვილი პორტრეტი. ნახატები თბილისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში 1912 წელს შევიდა, როგორც სპარსული ფერწერა. მოგვიანებით ისინი ქართულ- სპარსული სკოლის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ნიმუშად ჩათვალეს. ასი წელია ეს სურათები მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციას ამშვენებენ. მათთან გენეტიკურ კავშირშია გუდიაშვილიც, თბილისური პორტრეტიცა და ფიროსმანიც.

ამ ორ შედევრზე, რომელიც 1805-1806 წლებთ თარიღდება, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ღრუბლიანი ცის ფონზე, მთელი სიმაღლით არიან წარმოდგენილნი. თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ორივე მათგანი რეალური პერსონაჟია. ისიც კარგად ჩანს, რომ ულამაზესი ქალ-ვაჟი სპარსელები არ არიან. მათი გარეგნობა ქართულ იდეალთანაა ახლოს. ქალის პოზასა და მზერაში ყაჯარების სასახლის ჰურიებისგან განსხვავებით, არაფერია სერვილური. ის არისტოკრატული ღირსების შეგრძნებითაა სავსე. ქალს ქართულ ყაიდაზე აცვია - მდიდრულად, მაგრამ სადად. სამკაულებიდან მხოლოდ ჯიღა და მარგალიტის ფარღული უკეთია . ბიჭის სამოსის სტილს სპარსული გავლენა ეტყობა, მაგრამ ისიც სადაა - ყარაჩოხელების მსგავსი შავი კაბა გახსნილი გულისპირით, თავზე კრაველის ქუდი; ირანულ მოდაზე ინით შეღებილი ფრჩხილები, გასაოცრად წვრილ წელზე კი ძვირფარი თირმის ქამარი, საიდანაც ხანჯლის ტარი მოჩანს. ქალიცა და კაციც გამომსახველ, რეპრეზენტატულ პოზაშია. ქალს პატარა ბავშვის თავზე უდევს ხელი. ორივე ნახატს ქართული საეკლესიო ფერწერის პორტრეტების გავლენა ემჩნევა. ორივე ნახატი ყაჯარული ფერწერისგან განსხვავებული, მუქი კოლორიტისაა; ფორმაც გაცილებით მოცულობითია.

საინტერესოა, ვინ არიან გამოსახული ამ პორტრეტებზე? ქართველ მეცნიერთა მოკვლევით, წყვილ პორტრეტზე მალხაზ ანდრონიკაშვილი და მისი მეუღლე, ერეკლე მეფის შვილიშვილი, მაია ბაგრატიონი არიან გამოსახულნი. პატარა ბავშვი, მათი შვილი ივანეა.

მალახაზ ანდრონიკაშვილმა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი არისტოკრატის ჩვეული ბედი გაიზიარა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ლავირების შედეგად, მარადიულ დევნილად იქცა. ალექსანდრე ბატონიშვილის მსგავსად, ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა; ხშირად დადიოდა თავრიზსა და თეირანში, ყაჯართა უფლისწულ აბას მირზას კარზე... მაგრამ ირანი დამარცხდა და შაჰისთვის ქართულმა თემამ აქტუალობა დაკარგა. მალხაზ ანდრონიკაშვილი ახალ პოლიტიკურ რეალობას შეეგუა, 1815 წელს ერევანში, პატრიარქს ეახლა და პატიება სთხოვა. მას დაუტოვეს მამული ვეჯინში და რუსეთში გასახლებული ცოლშვილიც სამშობლოში დააბრუნეს. სურათზე გამოსახული პატარა ბიჭი ივანე უკვე სრულიად სხვა ისტორიულ გარემოში გაიზარდა - ბავშვობა კადეტთა კორპუსში გაატარა და რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი გახდა.

პორტრეტები მელაანის საგვარეულო სახლიდან მუზეუმს თინათინ ანდრონიკაშვილმა მიჰყიდა. მიუხედავად იმისა, რომ შედევრები ანდრონიკაშვილების სახლში თითქმის საუკუნე ინახებოდა, მფლობელებმა დაზუსტებით არ იცოდნენ, ვინ იყვნენ გამოსახული ნახატებზე. არც ავტორზე მოეპოვებოდათ ცნობები.

სამწუხაროდ, ქართული დაუდევრობისა, თუ ქვეყანაზე ათასჯერ გადავლილი აოხრებების მიზეზით, ქართული საერო კულტურის ძეგლებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია. რაც გვაქვს, მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდგომ პერიოდს ეკუთვნის.

ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ საეკლესიო მოღვაწეებისა და ეკლესიების მშენებელთა შესახებ, რომელთაც დიდი ღვაწლი დასდეს ქართულ კულტურას, ფილოსოფიას

ქართველებს იაპონელებივით სკრუპულოზურად არ შემოგვინახავს და დაგვიხარისხებია რომელ ეპოქას, რომელი ფეოდალის მმართველობის პერიოდსა და სტილს მიეკუთვნება კერამიკის ესა, თუ ის ფიალა, ან, ხეინანის პერიოდში, იამატოს სკოლაში როგორ დამკვიდრდა ემაკიმონოს ჰორიზონტალურ გრაგნილებზე იაპონური ეროვნული ფერწერა.

დაკარგული ტრადიციების ძიებაში ქართული შედევრების კვალს ჩვენ სხვა ერის კულტურაში ვპოულობთ, ვარაუდებს გამოვთქვამთ და მათ ქართულ წარმომავლობას ვამტკიცებთ. სწორედ ამიტომ გვეცილებიან ასე ხშირად შედევრებსაც და გენიოსებსაც.