დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ინგლისური ჯგუფი „Girls Aloud”-ის წევრები კვლავ გაერთიანდნენ და საკონცერტო მოღვაწეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
გუშინ ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფის წევრები შერილ კოული, ნიკოლა რობერტსი, კიმბერლი უოლში, სარა ჰარდინგი და ნადინ კოილი ერთმანეთს შეხვდნენ და მუსიკალური კარიერის განახლება გადაწყვიტეს.
საინტერესოა, რომ გოგონები ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობენ. მისი სახელწოდებაა „Something New” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გამოჩნდება.
ჯგუფი „Girls Aloud” 2002 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა ხუთი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრეს. ჯგუფი 2009 წელს დაიშალა.