„საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა, სადაც ყველამ ვიცით, ძველი გვარდია ვინც არის, მაგრამ სად ჩანს ეს ძველი გვარდია?“

„საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა, სადაც ყველამ ვიცით, ძველი გვარდია ვინც არის, მაგრამ სად ჩანს ეს ძველი გვარდია?“

ძველ საბერძნეთში „წმინდა რაზმი“; ძველ სპარსეთში „უკვდავთა კორპუსი“; მაკედონიაში „მეფის ნებიერები“; ძველ რომში „პრეტორიანელები“; საქართველოში კი უბრალოდ „ძველი გვარდია“...

ჯარების ამ ნაწილს ყველაზე რთული ამოცანები ეკისრებოდა საომარი მოქმედებების დროს. საქართველოში კი „ძველი გვარდია“ ახსენდებათ მაშინ, როცა არჩევნები მოახლოებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ძველი გვარდიის გაერთიანებას გეგმავს. მიზეზი მარტივია, „ქართული ოცნება“ მესამე ჯერზე აპირებს ძალაუფლებაში მოსვლას.

„ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, თავი გაეწირათ, ველზე არ უნდა მიატოვო“, - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ძველი გვარდიელების მიმართ. ღარიბაშვილს არც ის დაუმალავს, რომ მისი მთავარი ამოცანა ყველას კონსოლიდაცია და 2020 წლის არჩევნებისთვის გაძლიერება იქნება.

როგორც ირკვევა, ძველ გვარდიაზე დებს ფსონს გუბაზ სანიკიძეც. ის ყოფილ თანამებრძოლებს გამოცოცხლებისკენ მოუწოდებს.

რა ძალა ექნება ძველი გვარდიის ხელახალ გაცოცხლებას და ვისთვის იმუშავებს ძველი გვარდია - ხელისუფლებისთვის, თუ ოპოზიციისთვის?

„ღარიბაშვილს რამე რომ შეძლებოდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინ უნდა გაეკეთებინა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი ხელისუფალისთვის არის ე.წ. ოქროს რეზერვი, უცებ რამე რომ მოხდეს, გამოიყენონ.

„ახლა აქტიურად ლაპარაკობენ ძველ გვარდიაზე. ამ დროს პარადოქსულია ხელისუფლების მოქმედებები, რადგან, ერთი მხრივ, ძველ გვარდიას იძახიან, მეორე მხრივ, ახალ სახეებს ეძებენ. რეალურად აღარც ძველი გვარდია არსებობს და აღარც ახალი სახეები იქნებიან, რადგან ახალი სახე რომ დაიძახეს, პირველი ღარიბაშვილი გამოაგდეს წინა ხაზზე, მეორედ რომ დაიძახეს ახალი სახეო, ლადო კახაძე გამოუშვეს წინა პლანზე. ახლა ესენი ადეკვატურები არიან? თუ ვინმეა ძველი გვარდია, ასეთი მე ვარ, მაგრამ მათ უნდათ ძველი გვარდია მხოლოდ თავიანთი თამაშის წესებით, ვინც ორ შაურად გაიყიდება. ასეთები ღმერთმა მოახმაროთ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ძველი გვარდიის შემოკრების თვალსაზრისით უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ღარიბაშვილს, ვიდრე გუბაზ სანიკიძეს.

„ძველი გვარდიიდან მე ერთი კაცი ვიცი, ქუთაისელი ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც რიონში არგონავტების გემით უნდოდა მოგზაურობა. რაც შეეხება ამ ხელისუფლების მომხრე ახალ გვარდიას, ვახო სანაიასა და ინგა გრიგოლიასთან გამუდმებით რომ სხედან ეთერში, გვარებს ნუ მკითხავთ, მაგრამ ერთი ბოლოკისა და სტაფილოს ნაჯვარს ჰგავს, მეორე ახალგაზრდა ლუარსაბ თათქარიძეს ჰგავს, ტრფიალების აღმძვრელი ფაფუკი ღაბაბით, მაგრამ ესენიც ისევე გაქრებიან, როგორც სამი წლის წინ გაქრა „ამერიკის ნამდვილი მეგობრების“ ლიდერი.

საქართველო არც რუსეთია, არც ამერიკა, არც ინდოეთი, საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა, სადაც ყველამ ვიცით, ძველი გვარდია ვინც არის, მაგრამ სად ჩანს ეს ძველი გვარდია? მე ვერ ვხედავ ძველ გვარდიას“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ძველი გვარდია უკვე გაცვეთილი ცნებაა. ამდენად, ძველი გვარდია შეიძლება პირობითად თქვან და, სინამდვილეში, ახალი გვარდიის შექმნა დაიწყონ. ესეც პოლიტიკური „ვორდინგის“ ელემენტია, როცა ძველი გვარდიის ხსენებით ახალი გვარდიის შექმნას აპირებენ.