„ხელისუფლება შეერწყა მთლიანად კრიმინალს“, - მიაჩნია გია ბარამიძეს; რომან გოცირიძეს კი, როგორც ჩანს, წარსულის ზმანებებში ერევა დღევანდელი სიტუაცია და ასკვნის, რომ „ქვეყანა ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს“.
„ნაციონალების“ აზრით, მთაწმინდის ოლქში ჩატარებულ არჩევნებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამგეობები, კრიმინალური ავტორიტეტები, ადმინისტრაციული რესურსი და ამ არჩევნებზე ამოქმედდა კალაძისეული სქემა, ანუ ძველი ბიჭებით არჩევნების მოგება.
ბრალდებას ხელისუფლება არ იზიარებს და „ნაციონალებს“ საკუთარ წარსულს შეახსენებს, როცა ისინი საარჩევნო უბნებზე აქტიურად იყენებდნენ კუნთმაგარ სპორტსმენებს, დამრბევებს, ზონდერებს, კრიმინალებს და არც ერთ უსამართლო ხერხს არ თაკილობდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანა სულაც არ ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს და ასეთი აზრები სწორედაც მეორე ცენტრის, ანუ „ნაცმოძრაობის“ ფანტაზიის ნაყოფია. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამჟამინდელ საქართველოს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნები არ აქვს, პირიქით, ეს „ნაციონალების“ დროს უნდა მოვიკითხოთ.
„ეს მაშინ იყო პოლიციური სახელმწიფო, საშინელი ფორმებით. მართალია, პოლიციური სახელმწიფოს ფრაგმენტები და სპონტანური გამოვლინებები დღეს ნამდვილად არის, მაგრამ არც პოლიციურ სახელმწიფოს და არც კრიმინალთან შეკვრას სისტემური ხასიათი არ აქვს. საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ არაფრის უნარი არ გააჩნია. ეჭვი იმაშიც მეპარება, მათ შეეძლოთ ან პოლიციური სახელმწიფოს შექმნა, ან კრიმინალთან სისტემური გაერთიანება, როგორც ეს შევარდნაძის დროს და მის შემდეგ ხდებოდა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერი შეიძლება დასწამო ამ ხელისუფლებას, მაგრამ პოლიციური სახელმწიფოს დაწამება გადაჭარბებულია.
„ჩვენთან პოლიციური სახელმწიფო ნამდვილად არ არის და არ ხდება ის, რაც თუნდაც მოსკოვში მოხდა, როცა ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ჩაუდეს ნარკოტიკები მოსკოვის ცენტრში. ამის შემდეგ გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და ორი გენერალი მოხსნეს მაგის გამო. მართალია, პოლიციურ სახელმწიფოშიც არის ხოლმე ასეთი „გამონათებები“, მაგრამ რუსეთი მაინც პოლიციურ სახელმწიფოდ რჩება. პოლიციური სახელმწიფოს ცნება სულ სხვაა. ჩვენი ენამოსწრებული და ცოტა დემაგოგიის მოყვარული პოლიტიკოსები ზერელედ ისვრიან ამ ტერმინებს. სინამდვილეში, ამას მეცნიერული საფუძველი და ანალიტიკა არ უდევს საფუძვლად“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა“. მისი შეფასებით, „ნაცმოძრაობისგან“ „ქართული ოცნების“ დადანაშაულება პოლიციური სახელმწიფოს შექმნაში სასაცილოა.
„ეს ნამეტანია. პოლიციურ სახელმწიფოს ვერანაირად ვერ ვგრძნობ. პოლიციურ სახელმწიფოში პოლიციელები ყოველ ნაბიჯზე გდევნიან. მანქანით რომ მიდიხარ, გამუდმებით გაჩერებენ და უხეშად მოგმართავენ. სწორედ ეს არის პოლიციური რეჟიმი. რაც მე მიმოძრავია მანქანით, პოლიციელებს არ გავუჩერებივარ, რადგან ამის საფუძველი არ ჰქონიათ. პოლიციურ ქვეყანაში კი პოლიციელებს რაიმე საფუძველი არ სჭირდებათ, ისე გაგაჩერებენ. ცხადია, არის გარკვეული რეციდივები, რაც ხდება ძალოვან უწყებებში, მაგრამ ეს რეციდივები რომ პოლიტიკურ რეპრესიებად წარმოვაჩინოთ, გადამეტებული იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბარში.
ისე, რაც მართალი მართალი,შერჩა ყველაფერი!
აბა, მერაბიშვილივით და ახალაიასავით უვიცი კი არ იყო...
...თან, თავისუფლებით ტკბება და თან, ივანიშვილს აგინებს!