ხელოვნების სამყაროში ფრიდა კალოს სახე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მარტივად ცნობადია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდით მის ხმაზე.
ფრანგი ფოტოგრაფი ჟიზელ ფროინდი მის ხმას როცა იხსენებდა, აღწერდა როგორც "მელოდიურსა და თბილს". ახლა უკვე შეგვიძლია, რომ მექსიკელი მხატვრის ნარნარა ჟღერადობის ხმას ჩვენც მოვუსმინოთ.
აუდიოსთვის მექსიკის ხმის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც კალოს ერთადერთი ხმის ჩანაწერი აღმოაჩინა. ის 1955 წელსაა გამოქვეყნებული, კალოს სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ.
მხატვარი რადიო გადაცემაში El Bachiller იყო სტუმრად და თავის ქმარზე და ასევე მხატვარზე დიეგო რივერაზე საუბრობდა:
"ის დიდი ბავშვია, მეგობრული სახითა და სევდიანი გამოხედვით. მისი პირქუში, ჭკვიანური, ვეება თვალები იშვიათადაა გაჩერებული და ნამდვილი მხატვრისთვისაა შექმნილი", — ასე თარგმნის AFP მის სიტყვებს.
მექსიკის კულტურის მდივანი, ალეხანდრა ფრაუსტო ამბობს, რომ ეს ნამდვილად ფრიდა კალოს ერთადერთი არსებული ხმოვანი ჩანაწერია, თუმცა დასძენს, რომ მის შესწავლას სპეციალისტები კვლავ აგრძელებენ.
მექსიკის ხმის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი პაველ გრანადო დასძენს, რომ ვიზიტორები ყველაზე ხშირად ფრიდა კალოს ხმის ჩანაწერს კითხულობდნენ:
"ფრიდას ხმა ყოველთვის იყო ენიგმა და მის ძიებას არასდროს ვწყვეტდით. ამ დრომდე, მისი ხმის ჩანაწერი არ არსებობდა".
აუდიოს ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ 1953 ან 1954 წელსაა ჩაწერილი.