რეჟისორი რეინალდო მარკუს გრინი ახალ ფილმს მეფე რიჩარდს გადაიღებს, რომელიც ჩოგბურთის ცნობილი მწვრთნელის რიჩარდ უილიამსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
უილიამსი ცნობილი ჩოგბურთელების - სერენა და ვენუს უილიამსების მამა და მწვრთნელია, მის როლს კი ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ვილ სმიტი შეასრულებს.
ფილმი მოგვითხრობს ადამიანის შესახებ, რომელმა ორი ცნობილი ჩოგბურთელი აღზარდა იმის მიუხედავად, რომ კარიერის დასაწყისში მას დიდი გამოცდილება არ ჰქონია. ვენუსმა და სერენამ გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს, როგორც წყვილთა თამაშებში, ასევე ინდივიდუალურ კარიერაში. ვენუსმა შვიდჯერ მოიგო გრანდ სლეიმის ტიტულები, ხოლო სერენამ 23-ჯერ. ერთად კი მათ 14 გამარჯვება აქვთ, თუ არ ჩავთვლით მრავალ ოლიმპიურ ოქროს მედალს.
მეფე რიჩარდი ძირითადად უილიამსების ოჯახის უჩვეულო ცხოვრების შესახებ მოგვიყვება, რომელიც მათ კომპტონში, კალიფორნიის შტატში ცხოვრებისას გამოიარეს.