მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტოვებს. იაპონურმა კლუბმა „სანტორი სანგოლიასმა“ ეს ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ჰეიგი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.
თავად ახალზელანდიელ სპეციალისტს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ კომენტარი არც რაგბის კავშირში გაუკეთებიათ.
„სანტორი სანგოლიასი" იაპონიის ტოპ-ლიგაში ასპარეზობს და ქვეყნის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა.
მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნების მწვრთნელი 2011 წლიდან არის. ახალზელანდიელი სპეციალისტი იაპონურ გუნდს სავარაუდოდ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ შეუერთდება.