„ნატო–ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა“

„ნატო–ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა“

რუსეთი არ მალავს, რომ არ მოსწონს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი, რომელიც საქართველო–ნატოს ურთიერთობას ეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, მაიკ პომპეოს განცხადება: „საჭიროა ნატო–ში საქართველოს დაჩქარებული მიღება“, დამღუპველად იმოქმედებს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე.

„ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება. ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატო–ს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო–ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ ეს, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ რუსეთის ფედერაცია მეზობელ სახელმწიფოს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს. თუ ეს რაღაც სიძლიერის დემონსტრირებაა, ვფიქრობ, საპირისპირო შედეგს აღწევს. ზოგადად, ვიმეორებ, ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსი დიპლომატის განცხადება მუღებელია ოფიციალური თბილისისთვის. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გრიგორი კარასინმა რომ არაფერი თქვას, საქართველომ ყველა საკითხში კრემლის ნარატივი იცის, ეხება ეს ნატო–ს თუ საერთაშორისო პროექტებს, მაგრამ როგორც სესიაშვილი აცხადებს, საქართველოს გზა არ შეიცვლება და რუსეთს მოუწევს შეეგუოს.

„რუსეთის ინტერესებში არც წლების წინ დაწყებული ნავთობსადენისა და „აბრეშუმის გზის“ პროექტები შედიოდა, მაგრამ ეს პროექტები განხორციელდა და ანალოგიურად გაკეთდება ანაკლიის პორტის პროექტიც. კარასინს ახალი არაფერი უთქვამს და უახლოეს მომავალში არც ველოდებით, რომ რუსული ნარატივი ნატო–სა და საქართველოს მიმართ შეიცვლება. რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.

დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური უსაფრთხო, რაც რუსეთის ინტერესშივე შედის. ნატო–ს გაფართოების ბოლო ნაკადიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნატო–ს წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საუკეთესო გზა. ამიტომ რუსეთი ამას უნდა შეეგოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს გაფართოებაზე საუბრობს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი პიტერ დორანი, რომლის განცხადებით, ნატო–ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. მისი შეფასებით, როდესაც ნატო–ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ–ი თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია.

„ნატო–ს გაფართოებაზე საუბრისას, დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც - საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა, - პირადად სრულად ვიზიარებ, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედის მომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა“, – განაცხადა პიტერ დორანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რის წინააღმდეგაც არის გრიგორი კარასინი, საქართველოსთვის კარგია. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რუსეთი ყველაფერს, რაც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინ სწევს, ეწინააღმდეგება, რადგან ამის გამო უმცირდება შესაძლებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს.

„ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინაააღმდეგება, რადგან ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს. ეს არის მათი ამოცანა. ნატოს წინააღმდეგები არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ნატოს წევრები გავხდებით, რადგან წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ იმიტომ, რომ ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ.

სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად. მათი გათვლაც იმაზეა, რომ ამ გზავნილებით ჩვენს ისედაც, ამ საკითხებში არა ბოლომდე ჩამოყალიბებულ მთავრობას კიდევ უფრო მოუწოდებენ, არც ეცადონ რეალური მუშაობა. სამწუხაროდ, ამ მოწოდების თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენი მთავრობა აგრძელებს არათანმიმდევრულ პოლიტიკას ამ მიმართულებით, დეკლარაციის მიუხედავად“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აბაშიძე–კარასინის ფორმატი აღარ უნდა გაგრძელდეს. დეპუტატის განცხადებით, რუსეთი, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს, ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

„კარასინმა, ფაქტობრივად, თითი დაუქნია, კიდევ ერთხელ, ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათთვის წითელი ხაზი, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანება. ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება თუ ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს იცავს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდეს კარასინი–აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არაგველი641 დღეს დღეობით საქართველოს ყავს ორი მტერი, ესენია რუსეთი და ბოკერიებ-სამადაშვილები!
5 წლის უკან