საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ კვლევითი ცენტრი CIES Football Observatory წერს.
კვლევითი ცენტრი 20 წლის ფრანგ ფეხბურთელს 252,2 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი (219,6 მილიონი ევრო), მესამეზე კი „მანჩესტერ სიტის“ ინგლისელი შემტევი რაჰიმ სტერლინგი (207,9 მილიონი ევრო) აღმოჩნდა.
„ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი მეოთხე (167,4 მილიონი ევრო), პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მე-17 (124,7 მილიონი ევრო), ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კი მე-20 ადგილზე (118,1 მილიონი ევრო) გავიდა.
ფეხბურთელების ღირებულების დადგენისას კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ფეხბურთელების ასაკს, სათამაშო პოზიციას, საკლუბო და სანაკრებო დონეზე გამოსვლების შედეგიანობას (ჩატარებული მატჩები და გოლები), მათი გუნდებისა და ნაკრებების წარმატებებს და ეროვნული ჩემპიონატების დონეს ითვალისწინებდნენ.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატზე პსჟ-ს შემადგენლობაში 29 მატჩში 33 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.