„ტორონტო რეპტორსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალური სერიის მეექვსე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 114:110 დაამარცხა და ისტორიაში პირველად NBA-ს ჩემპიონი გახდა.
ოკლენდში გამართულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „უორიორსის“ წევრი კლეი ტომფსონი გახდა, რომელმაც 30 ქულას 5 მოხსნა მიამატა, მისმა თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა კი სამმაგი დუბლი (11 ქულა, 19 მოხსნა, 13 გადაცემა) გააკეთა.
რაც შეეხება „ტორონტოს“, გამარჯვებაში ორმაგი დუბლის სახით დიდი წვლილი კაილ ლოურიმ (26 ქულა, 7 მოხსნა, 10 გადაცემა) და პასკალ სიაკამმა (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა) შეიტანეს.
NBA-მ ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ „ტორონტოს“ ფორვარდი კავაი ლენარდი დაასახელა.