„ჩვენი მინისტრების გარანტიას ვამჯობინებ ამერიკის გარანტიას, რომ პორტი ნამდვილად აშენდება“

„ჩვენი მინისტრების გარანტიას ვამჯობინებ ამერიკის გარანტიას, რომ პორტი ნამდვილად აშენდება“

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის კონსორციუმის“ თხოვნას ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გადავადებაზე მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება მთავრობამ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო, რომელმაც მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

„პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

როგორც ცნობილია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება. კონკრეტულად რამდენი ხნით გადაიწევს ფინანსური დახურვა, კონსორციუმში ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა. სწორედ ფინანსურ დახურვაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის: EBRD, OPIC, ADB და AIIB–ის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის.

აშშ–ში ვიზიტად მყოფი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. როგორც თურნავამ აღნიშნა, ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით საკითხს სვამს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

„ჩვენი და აშშ–ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია.

ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკლ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. ზალკალიანი არ ადასტურებს რაიმე სახის კავშირში სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავადებას შორის.

„კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან? გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად, მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ, პრაქტიკულად, დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასება. for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსები ხაზსს უსვამენ იმ ფაქტს, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით დადასტურდა, რომ აშშ–ი დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობით. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ამერიკამ გადაწყვიტა, რომ ანაკლიის პორტზე მათი პოზიცია საზოგადოებას უნდა სცოდნოდა და თუ რატომ გადაწყვიტა, ეს ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როგორც წესი, ასეთი განცხადებები ხმამაღლა არ კეთდება.

„ასეთი ღია განცხადება ბოლოს უღებს ჭორებს, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, თითქოს ანაკლიის პორტით დასავლეთი და შტატები დაინტერესებული არ იყვნენ, რომ ფულის მოძიება არ იქნებოდა სწორი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ტვირთების მოძიება. ეს ნეგატიური ფონი ამ განცხადებით გამოირიცხა. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ მხარს უჭერს ასეთი მძლავრი პორტის აშენებას.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამერიკას აქვს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გარკვეული ყოყმანი არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როდესაც ასეთი განცხადებები ღიად კეთდება, ამან წერტილი უნდა დაუსვას ხელისუფლების ყოყმანს და ალბათ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე თვლის, რომ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება. მისი თქმით, ქვეყნის ავტორიტეტისათვის უმჯობესი იყო, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჩარევის გარეშე მოგვესმინა განცხადებები ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მაგრამ მოდით, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არის. ჩემთვის მთავარია, რომ უკვე ვიცით ამერიკელების პრინციპული პოზიცია. მოდით, სხვა კუთხიდან შევხედოთ, შეიძლება საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება პორტის მშენებლობაზე და შემდეგ რომელიმე უცხო ქვეყნის, კერძოდ, ჩვენი რომელიმე მეზობელი ქვეყნის ზეგავლენით ეს გადაწყვეტილება კორექტირებული ყოფილიყო პარლამენტის წევრებისგან, ან რომელიმე მინისტრისგან მოგვესმინა, რომ ანაკლია რთული ადგილი იყო, ვერ აშენდა და ამიტომ ფოთი ჯობია. ჩვენი მინისტრების გარანტიას, მე ვამჯობინებ ამერიკის გარანტიას. ჩემთვის უკვე ცხადია, რომ პორტი ნამდვილად აშენდება, ვინაიდან ამერიკელების გარანტია მაძლევს ამ დასკვნის საშუალებას და არა ჩვენი რომელიმე მინისტრის გაცხადება, რომელიც შეიძლება სულ ადვილად შეიცვალოს. ამიტომ, დავკმაყოფილდეთ შედეგით, რომელის გარანტი არის მსოფლიოს ნომერი პირველი სახელმწიფო“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია პორტის აშენება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ტექნიკური დასაბუთებასთან ერთად, რაზეც ხშირად აპელირებდა საქართველოს მთავრობა, გაჩნდა ტერმინი უსაფრთხოება, რომ ეს პორტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ეს მშვენივრად იცოდნენ მთავრობის წევრებმა, მაგრამ რატომ აპელირებდნენ ეკონომიკურ ნაწილზე, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის განცხადებიდან მეორე დღეს გაუხანგრძლივეს ფინანსური მიმართულება. სანამ ჩვენმა პარტნიორმა ღიად არ დააფიქსირა თავისი პოზიცია, არ გვითხრა, რომ ეს არის გასაკეთებელი, არ გავაკეთეთ. ექსპერტები ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა პორტის აშენება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად ხდება პრობლემების შექმნა ანაკლიის პორტისთვის“, – ამბობს ზურაბ აგლაძე.

მისი განცხადებით, მთავარია ეს პორტი აშენდეს, იფუქციონიროს და მნიშვნელოვანია სატრანზიტო დერეფანში გაჩნდეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი არტერია, რაც საქართველოს უსაფრთხოებასაც გაზრდის.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკურ მნიშვნელობასაც გაზრდის. ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი. რატომ ხდებოდა ხელის შეშლა, ეს იყო წილების გადანაწილება, შიდა კლანური დაპირისპირება, თუ სხვა რაღაცა, არ მინდა ჩავთვალო, რომ აქ გეოპოლიტიკური ნაწილთან გვქონდა საქმე და ვიღაცა, ვიღაცის თამაშს თამაშობდა – ეს ხელისუფლების საქმეა, მათ უნდა გაარკვიონ, ჩვენთვის მთავარია სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება და აშენდეს ანაკლიის პორტი“, – აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

 

tngh იქნებ აშშ გახდეს ანაკლიის პორტის მშენებლობის მთავარი ინვესტორი???
5 წლის უკან