თეატრალურ უნივერსიტეტში მოვლენები უცნაურად ვითარდება. ჯერ იყო, ნიკა რურუას კადრი- ყოფილი რექტორი ნოშრევან ჩხაიძე დიდსულოვნად შეელია პოსტს და კინორეჟისორ ბუბა ხოტივართან ერთად წარდგა ჟურნალისტების წინაშე და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში აჯობებდა იგი ამ პოსტზე არ დარჩენილიყო. თუმცა მოგვიანებით ასეთივე გაოცება გამოიწვია მისმა მეორე განცხადებამ, ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდაო.
ამან თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებიც დააბნია. ბუბა ხოტივარმა პირდაპირ განაცხადა, რომ გადაბარების პროცედურა სააკაშვილმა და ივანიშვილმა საზოგადოებას თვალნათლივ დაანახეს. ამდენად, ეს არავითარი ტრაგედია არ ყოფილა. უფრო მეტიც, თუ კონკრეტული დარგი პიროვნების გადადგომას მოითხოვდა, წამსვლელი კაცურად უნდა წასულიყო და თანამდებობა სხვისთვის გადაებარებინა.
„ლეპტოპის წაღებას რა დრო უნდა, არ ვიცი. ჯერ განაცხადა, მივდივარო, შემდეგ-არ მივდივარო“,- აცხადებს ბუბა ხოტივარი.
აკადემიური საბჭოს წევრი, მუსიკის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი გომარ სიხარულიძე ნოშრევან ჩხაიძის გაუგებარი გადაწყვეტილების შემდეგ დაუფარავად აცხადებდა: ადამიანი, რომელიც ცოცხალი კაცის, ანუ გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად მოვიდა სამსახურში, კაცურად არ მოიქცა. მისი თქმით, ნოშრევან ჩხაიძე თურმე თავს იმართლებდა, თითქოს იგი აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდა, რომ ამ აკადემიურ საბჭოზე თავის დროზე ადამინისტრაციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ასევე, ზეწოლა უშუალოდ კულტურის მინისტრისგან, ნიკა რურუასგან მოდიოდა. ასე რომ, სამინისტროს მოთხოვნით, მიმდინარე წლის აგვისტოში ნოშრევან ჩხაიძე უნივერსიტეტის რექტორად აუცილებლად უნდა გასულიყო.
„მე არ გადავმდგარვარ, არ დამიწერია განცხადება გადადგომის შესახებ. ეს იქნება უპრინციპობა და იმ იმედების დაგმობა, რომლის განხორციელებასაც ჩვენს უნივერსიტეტს შევპირდი“,-აცხადებდა ნოშრევან ჩხაიძე.
ვითარებაში გასარკვევად For.ge თავად ნოშრევან ჩხაიძეს ესაუბრა. მან დაგვიდასტურა, რომ მის ირგვლივ მართლაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა, რამაც არასწორი ინტერპრეტაციის სახე მიიღო. მანვე გვთხოვა, დაგვეცადა და მოგვიანებით იგი განცხადებას გააკეთებდა, რითაც ამ გაუგებრობას ნათელი მოეფინებოდა. თუმცა აღნიშნა, რომ ტექნიკურად არ იყო ისე მარტივი, რომ იგი გადამდგარიყო.
„უბრალოდ, თავად აკადემიურმა საბჭომ აირჩია ეს გზა. მათ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მარგველაშვილი დაასახელეს. მე სხვა გზას ვერ ვხედავდი, თუმცა მე რომ დარჩენას არ ვაპირებ და რექტორი აღარ ვიქნები, ამის შესახებ ერთხელ უკვე განვაცხადე. თქვენი მეშვეობითაც გავიმეორებ, რომ რექტორი აღარ ვიქნები. მაგრამ იურიდიული პროცედურა სულ სხვა არის. კონკრეტული იურიდიული საკითხები არსებობს, რომლის ჩარჩოებშიც უნდა მოვექცეთ“,-გვითხრა ყოფილმა რექტორმა.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა იგი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ნოშრევან ჩხაიძე იმით შემოიფარგლა, რომ აღნიშნა, „ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, ბოლო დღების განმავლობაში ფონი იყო საკმაოდ დაძაბული“.
როცა შევეკითხეთ, რამდენად მართლია ჩვენი ინფორმაცია, რომ ახლახანს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ რურუას დროინდელი კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებმა მოახდინეს, მან აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აქ არაფერ შუაში არიან.
„ფსიქოლოგიურ ზეწოლაში არც თეატრალური უნივერსიტეტის საბჭოს წევრები მიგულისხმია. უბრალოდ, ვიგულისხმე უნივერსიტეტში შექმნილი ფონი“.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, მომხდარი დაძაბულობის შემდეგ როგორ აპირებდა იგი ამავე უნივერსიტეტში ლექტორად დარჩენას, ამაზე ნოშრევან ჩხაიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. „მთავარია, ახლა ეს პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში ჩავსვათ. გთხოვთ, რადიკალურ განცხადებებს ნუ გააკეთებთ“.
რაც შეეხება ახალი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას, ამ საკითხზე საუბარი ნოშრევან ჩხაიძემ არ ისურვა.
დღის ბოლოს თეატრალური უნივერსიტეტიდან საბოლოოდ გამოსული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ დაპირისპირებული მხარეები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამის შესახებ აღნიშნა როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა გოგი მარგველაშვილმა, ისე ყოფილმა რექტორმა-ნოშრევან ჩხაიძემ.