იდეალურია, თუ მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქგარეთ ყოფნას მოახერხებთ, მაგრამ ამგვარი ფუფუნება, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია.
მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ სიცხეში:
ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის სამოსი, რომელიც "სუნთქავს" და არ იწვევს ორგანიზმის გადახურებას.
ძლიერი წყურვილისას დალიეთ ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის წყალი - ის ბევრად უკეთ აცხრობს წყურვილს, ამასთან არც ყელს გაგიციებთ.
მოერიდეთ მზის სხივებს. თუ ეს მაინც აუცილებელია, თავზე შლაპა ან ქოლგა დაიფარეთ.
გახსოვდეთ, მზე ყველაზე აქტიურია 12.00-დან 16.00 საათამდე. ამიტომ შეეცადეთ, ამ პერიოდში საერთოდ მოერიდოთ მზეს ან სხეული მთლიანად დაიფაროთ სამოსით და გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი.
მოერიდეთ ალკოჰოლს - სიცხეში ორგანიზმზე მისი მოქმედება ბევრად ძლიერდება, ორგანიზმი მაღალი ტემპერატურისადმი უფრო მგრძნობიარე ხდება.
არ იყიდოთ ქუჩაში გამოტანილი პროდუქტი - მაღალი ტემპერატურის პირობებში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ამიტომ შეიძლება ორგანიზმის ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს.
შეეცადეთ, საერთოდ უარი თქვათ დეკორატიულ კოსმეტიკაზე, მაგრამ თუ ეს მაინც აუცილებელია, მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი გამოიყენეთ, საქმე ის არის, რომ სიცხეში კანი გაძლიერებულად "სუნთქავს" და გამოყოფს ოფლს, რითაც დაბლა სწევს სხეულის ტემპერატურას. კოსმეტიკური საშუალებებით ფორების დაცობამ კი შეიძლება, ორგანიზმის გადახურება გამოიწვიოს.
ხშირად მიიღეთ წყლის პროცედურები, ეს გაასუფთავებს ფორებს და გააგრილებს სხეულს.
თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, შეეცადეთ, დღეში 2-2,5 ლიტრი წყალი დალიოთ.
თუ ტემპერატურა 25 გრადუსზე მაღალია, სპორტისა და ფიზიკური დატვირთვისგან თავი შეიკავეთ.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს.
განსაკუთრებული სიფრთხილე
სიცხეში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც აწუხებს ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მათ მუდმივად თან უნდა ატარონ სათანადო მედიკამენტები და რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი იქონიონ პირად ექიმებთან.
ვისაც სეზონური ალერგია აწუხებს, ის უნდა მოერიდოს ბაღებსა და სკვერებს, სადაც ყვავილები ხარობს. ექიმის რეკომენდაციით, უნდა მიიღონ სათანადო მედიკამენტები, აუცილებელია ოთახის დატენიანება სპეციალური დამატენიანებლით, თუ ამის საშუალება არ არის, შეგიძლიათ ოთახში სველი ზეწარი გაფინოთ.
მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა თვალყური უნდა ადევნონ ამინდ¬ის პროგნოზს და მათთვის არასასურველ დღეებში მოერიდონ ფიზიკურ აქტივობას.
აბსოლუტურად ყველა უნდა მოერიდოს გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ დროს ტრანსპორტში შეიძლება ისე ჩაიხუთოს ჰაერი, რომ ადამიანმა გონებაც კი დაკარგოს.
ზაფხულში შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად იყოთ ბუნებაში, მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას და ყველა ღონე იხმაროთ, რომ შვებულება ნამდვილად დასასვენებლად გამოიყენოთ.