ამერიკელი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი შვილებს ერთმანეთის დაპატარავებული ტანსაცმლით ზრდის. ამერიკელი მუსიკოსი, ბიზნესლედი და ქველმოქმედი დოლი პარტონი საკვების ნარჩენებს არასდროს ყრის. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ამერიკელი ბიზნესმაგნატი ვარენ ბაფეტი კი "მაკდონალდსში" ფასდაკლების ვაუჩერით სარგებლობს.
შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ ეს მათი უაზრო ახირებებია, მაგრამ არა. სწორედ ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც ისინი მილიონერები და მილიარდერები გახდნენ. ფულის ეფექტურად, ეკომიურად და გონივრულად ხარჯვას მოაქვს სიმდიდრე, რომელსაც ადამიანები ფლობენ.
თუ თქვენ გსურთ, რომ მდიდრების ელიტარულ წრეს შეუერთდეთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ ხარჯების შემცირება მოგიწევთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ბევრი ზედმეტი მონეტა გრჩებათ ანგარიშზე.
ნუ გამოიყენებთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს
ვარენ ბაფეტმა სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, 1950-იან წლებში შეიძინა. იმ პერიოდში სახლის ღირებულება 30 000 აშშ დოლარი იყო. Bუსინესს Iნსიდერ-ი წერს, რომ მას შემდეგ ბიზნესმენს საცხოვრებელი ადგილი აღარ შეუცვლია. როგორ ფიქრობთ, მას სახლის შეცვლის საშუალება არ ჰქონდა? აბა, გამოიცანით. უბრალოდ მას ზედმეტი უძრავი ქონება არ აინტერესებს.
გონივრულად შეარჩიეთ ავტომობილი
თუ ფიქრობთ, რომ "ფეისბუქის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს რამდენიმე "ფერარი" ჰყავს, ძალიან ცდებით. Business Insider-ი წერს, რომ მას Volkswagen GTI ჰყავს, რომელიც ძალიან განსხვავდება 800 ცხენის ძალის მქონე წითელი მანქანისგან. Carfax-ის მიხედვით, გონივრულად შერჩეულ ავტომობილს წლიურად ხარჯების 25%-ით შემცირება შეუძლია.
გამოიყენეთ ფასდაკლების ვაუჩერები
ფასდაკლების ვაუჩერები ფულის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. როგორც უკვე ვთქვით, დაზოგვა ფულის გამომუშავების ტოლფასია. მდიდარი ადამიანები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ისინი ფასდაკლების ვაუჩერებით სარგებლობენ და ამით ქონებას ზრდიან. რატომ შეიძლება იყოს ცუდი, თუ იგივე ხარისხის მომსახურებასა და პროდუქციას ნაკლებ ფასად იღებთ? ცუდი კი არა, ეს ძალიან კარგია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფასდაკლებების საიტი Groupon-ი ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ჩიკაგოში დაფუძნებული კომპანია დღეს მსოფლიო მასშტაბით 7 000 ადამიანს ასაქმებს. მის მობილურ აპლიკაციას 150 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარი აპლიკაციების 25-ეულში შედის. მისი საშუალებით მომხმარებლებმა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 20 მილიარდი დოლარი დაზოგეს.
თუ ამერიკელი კინოვარსკვლავი კრისტიან ბეილი და სხვა მსახიობები აქტიურად ზოგავენ თანხას ვაუჩერებით, რატომ არის ეს მიუღებელი სხვებისთვის? მსახიობი და ანტერპრენერი სარა მიშელ ფრაინზი აღნიშნავს, რომ ის არ გადაიხდის ზედმეტს იმაში, რაშიც სხვები ნაკლებს იხდიან და კუპონის საშუალებით დანაზოგს აკეთებენ. მდიდრები გირჩევენ, არ იფიქროთ, რომ ფასდაკლების ვაუჩერი ღარიბად გამოგაჩენთ. ეს თანხის გონივრულად ხარჯვის საუკეთესო საშუალებაა.
ისწავლეთ მარაგის გაკეთება
ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი მარკ კუბანი გირჩევთ, რომ როდესაც პროდუქციას ხელსაყრელ ფასად ნახულობთ, ის აუცილებლად მოიმარაგეთ. სჯობს ერთჯერადად გაწიოთ ხარჯი და იყიდოთ მთელი წლის სამყოფი პროდუქცია, ვთქვათ, საპონი, როდესაც მას განსაკუთრებული ფასდაკლებით ყიდულობთ. ამ შემთხვევაში თქვენ აკეთებთ დანაზოგს, რომელიც გამომუშავებული ფულის ტოლფასია.
არ იყიდოთ უსარგებლო ნივთები
უსარგებლო ნივთებს მხოლოდ იმიტომ ნუ იყიდით, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. შთაბეჭდილების მოხდენა ყველას სურს, მაგრამ საკუთარ თავს ლიმიტი დაუწესეთ. იყიდეთ ის ნივთები, რაც მართლა გჭირდებათ. ამერიკელი ფინანსური მრჩევლისა და სპიკერის, სუზი ორმანის ერთ-ერთი პირველი რჩევა სწორედ ისაა, რომ ნუ იყიდით ნივთებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ.
გააკეთეთ დანაზოგი
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მდიდარი ადამიანები ყოველთვის ბევრ ფულს ხარჯავენ, ძალიან ცდებით. პირიქით. და სწორედ ამიტომაც არიან ისინი მდიდრები. ანჯელინა ჯოლი აღნიშნავს, რომ ის შემოსავლის ერთ მესამედს ხარჯავს, ერთ მესამედს ინახავს და დარჩენილ ერთ მესამედს ქველმოქმედებაში ხარჯავს. სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ თქვენ ერთ დღეს უფულოდ არ დარჩეთ.