საქართველო ნაკრების მომავალი მეტოქე ბელარუსის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. იგორ კრიუშენკო დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს და ამის შესახებ ბელარუსთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
კრიუშენკოს დათხოვნის მიზეზი კი, წარუმატებელი შედეგებია. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ითამაშა, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში უქულოდ ასპარეზობს.
„მადლობა იგორ კრიუშენკოს. მან გუნდი რთულ ვითარებაში ჩაიბარა და გრძელი გზა ჩვენთან ერთად გაიარა, მოგვიტანა ერთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება. სამწუხაროდ, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში არ გვაქვს ის შედეგები, რასაც გულშემატკივრები და ჩვენ ველოდებით. ამიტომაც, ეროვნულ ნაკრებს ახალი გამოწვევა სჭირდება, იგორ კრიუშენკოსთან კონტრაქტი შეწყვეტილია“, - თქვა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იური ვერგეიჩიკმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიარეთ კარგი და ცუდი პერიოდიც. სამწუხაროდ, დასასრული არ გამოდგა ისეთი, როგორიც მსურდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბელარუსის ნაკრებს დიდებული მომავალი ექნება“, - განაცხადა კრიუშენკომ.
ბელარუსის ნაკრებს 2017 წლის მარტიდან მოყოლებული ედგა სათავეში. ბელარუსი კი, საქართველოს 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისში შედგება. ჯერჯერობით 55 წლის კრიუშენკოს შემცვლელის ვინაობა უცნობია.
ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ბელარუსის ნაკრებმა ორჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო თითოჯერ ჰოლანდიასთან და გერმანიასთან წააგო.