„აზერბაიჯანულმა და ქართულმა საზოგადოებამ რუსულ მეხუთე კოლონას არ უნდა მისცეს საშუალება ჩვენი ურთიერთობების გასაფუჭებლად“

„აზერბაიჯანულმა და ქართულმა საზოგადოებამ რუსულ მეხუთე კოლონას არ უნდა მისცეს საშუალება ჩვენი ურთიერთობების გასაფუჭებლად“

როგორ უნდა გაუქარწყლდეს აზერბაიჯანს სურვილი, რომ არ დაეპატრონოს ქართველების მიერ აგებულ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს?! ამისთვის ჩვენი საზოგადოების რეკომენდაციები მრავალგვარია და, მათ შორის, ერთ-ერთია დავით გარეჯის სიახლოვეს ქართული სოფლების გაშენება; ასევე, გარეჯობის დღესასწაულის აღდგენა.

როგორც ცნობილია, დავით გარეჯის უდაბნოს რამდენიმე ოაზისი აქვს უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეული მონასტრებისა და სოფელ უდაბნოს სახით, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, ძირითადად სვანები ცხოვრობენ.

სოფელი უდაბნო გარეჯის ზეგანზე მდებარეობს, წლების წინ ამ სოფლის მოსახლეობას წყალი არ ჰქონდა და ისე უჭირდა, რომ სახლები 350 დოლარად გაყიდეს, ზოგმაც თავიანთი ქონება ძროხაში გაცვალა. წყლის გაყვანის შემდეგ კი სოფელ უდაბნოში მიწის ფასი გაიზარდა. აქვე ბეთანიის მონასტრის მრევლმაც შეიძინა მიწა. სხვათა შორის, სოფელ უდაბნოში მიწების შესყიდვით არაბებიც იყვნენ დაინტერესებულნი.

რას მოიტანს დავით გარეჯის მახლობლად უფრო მეტი სოფლის გაშენება?

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ

დავით გარეჯის კომპლექსის მახლობლად უკვე არსებობს სოფელი უდაბნო, რომელიც საბჭოთა პერიოდში ძირითადად სვანეთიდან გადმოსახლებული ადამიანების ჩასახლების მიზნით აშენდა. ეს სოფელი საკმაოდ კარგი და მძლავრია, ქართული სულიერებისა და ძალმოსილების გამოხატულებაა და მეტი ყურადღება სჭირდება. თუკი ახალი სხვა სოფელი გაჩნდება იმავე მოდამოებში და სათანადო კარგი ავტომაგისტრალიც მივა იქამდე, ამას რა სჯობს.

რაც შეეხება ზოგადად დავით გარეჯის პრობლემას, ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ გარკვეულ ძალებს სურთ, საქართველოს შეექმნას სერიოზული პრობლემები ყველა მეზობელთან, რუსეთთან თავისთავად არსებობს პრობლემები, ახლა ამას ემატება აზერბაიჯანიც. ამიტომ საჭიროა პრინციპული, გაბედული, მაგრამ ფრთხილი მოქმედება, რომ ჩვენ მეზობლად არ მივიღოთ 9-მილიონიანი მტრულად განწყობილი ქვეყანა.

სამწუხაროდ, როგორც ჩვენ გვინდა, სამყარო ისე არ არის მოწყობილი, ყველაფერს აქვს თავისი მიზანშეწონილობა და დავით გარეჯის პრობლემასაც აქვს ორი მკაფიო ასპექტი: ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი და ისტორიული ასპექტი.

ვაჟა ბერიძის შეფასებით, ისტორიული თვალსაზრისით, დავით გარეჯი ჩვენი სულიერების სავანე, ქართული კულტურის ძეგლი, ქართული ისტორიული ტერიტორიაა. ალბანელებს თუკი ჰქონდათ ამ კომპლექსთან რაიმე მიმართება, ქართველები არიან ალბანელების მემკვიდრეები, მათ შორის, ნამდვილი ქართველები-ჰერები ისევე, როგორც კახელები, იმერლები და ა.შ. ამ ხალხის ნაწილი აზერბაიჯანულ-თურქმანულ მოსახლეობას შეერწყა, რომლებიც აქ მკვიდრდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში.

„ისტორიული ასპექტი, ცხადია, საჩვენოა, რადგან, როდესაც ასურელი მამები აარსებდნენ კულტურული სულიერების ცენტრებს, მაშინ კავკასიაში აზერბაიჯანელები და მათი წინაპრები არ ჩანდნენ. ისინი დიდი თურქობის და შემდგომ პერიოდში ჩანან თანდათანობით, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით არ აქვს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, აღვადგინეთ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენ გვცნო არა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში (1918-21 წლების პირველი რესპუბლიკა მაქვს მხედველობაში), არამედ საბჭოთა საქართველოს საზღვრებში. სწორედ აქედან უნდა შევიდეთ ამ პრობლემაში და ფრთხილად ვიყოთ, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მეგობარია თურქეთთან ერთად და, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს პრობლემა ისე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრობა არ შეიცვალოს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე აზრით, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს სომხეთიც, ვინაიდან ყარაბახთან დაკავშირებით ისმის შეფასებები, რომ დაახლოებით მე-5-7 საუკუნეებში მოხდა ალბანური სივრცის არმენიზაცია, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანული მოდგმის ხალხებით დასახლება, ამიტომ იქაც ისეთი აბურდული კვანძი იკვრება, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან არც თუ ისე შორს უკვე არსებობს სოფელი უდაბნო, ასევე, ჯანდარასთან ზედ საზღვარზე კიდევ არის ერთი სოფელი. ამდენად, ახალი სოფლის გაშენებას ვინ აპირებს და სად აპირებს, ეს გაურკვეველია.

„აქ პრობლემა ისაა, რომ ეს ტერიტორია ჯერჯერობით გაურკვევლად ითვლება. სოფლის გაშენებით საკითხი როგორ გადაწყდება, კაცმა არ იცის. თუ ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ შეთანხმებით კი არა, პროტესტით მივაღწიოთ რაღაცას, ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა შევძლოთ, დავილაპარაკოთ აზერბაიჯანთან და, თუ ორივე მხარე არ ვართ მზად ამისთვის, მაშინ სჯობს, ეს მონაკვეთი დარჩეს ღიად და ორივე მხარისთვის შეუზღუდავი იყოს მომლოცველთა, მნახველთა და ტურისტთა გადაადგილება. ხოლო, როდესაც საკითხი დაკარგავს იმ აქტუალობას, რაც დღეს აქვს, მაშინ შეიძლება გადავწყვიტოთ დავით გარეჯის პრობლემა. თორემ კავკასიაში სიტუაციის არევით დაინტერესებულია მესამე ძალა. უფრო სწორად რომ ვთქვა, რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ხელისუფლებაშია. აზერბაიჯანულმა და ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს, რუსულ მეხუთე კოლონას არ მისცეს საშუალება ჩვენი ურთიერთობების გასაფუჭებლად. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ ჩანს. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

სოციალისტი ნეტა ერთი თქვენ სრულ ჭკუაზე იყოთ?! ვერ გავიგე, რა რუსეთის მე-5 კოლონაზე ლაპარაკობთ, რას დემაგოგობთ? როგორც შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა მოაწერეს ხელი 1995 წელს გარკვეულ დოკუმენტს, აი იმის მიხედვით უმოკლეს ვადაში შეიძლება დავით გარეჯის და საერთოდ მთელი აზერბაიჯან საქართველოს საზღვრის საკითხის გადაწყვეტა! მხოლოდ საჭიროა აზერბაიჯანმა გამოიჩინოს პოლიტიკური სიბრძნე და კეთილი ნება. ნუ გვედავება ჩვენს მიწას და ჩვენს სალოცავს! მორჩა და გათავდა.
5 წლის უკან
სოციალისტი ძაბირაძეს ამ სისულელეებს ალაპარაკებს ის "რესპუბლიკური" აზრთა წყობა რომელზეც აიდგა ფეხი, ვეღარ განვითარდა. ჩარჩა თავის დისიდენტურ, რესპუბლიკურ იდეოლოგიაში!
5 წლის უკან
სოციალისტი ვაჟა ბერიძე - სწორედ აქედან უნდა შევიდეთ ამ პრობლემაში და ფრთხილად ვიყოთ, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მეგობარია თურქეთთან ერთად და, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს პრობლემა ისე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრობა არ შეიცვალოს“. აბა ახლა ამას რა უნდა ელაპარაკო?! არა და ამდენი წელიწადია ექსპერტობს, ნაკითხი, განათლებული კაცია, მაგრამ რაღაც მაგრა გაექცა ქართული კრიტერიუმები. თურქეთი ცვენი სტრატეგიული მეგობარია?! ეს როგორ? თურქეთი, ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე ჩვენი ისტორიული მტერია და საქართველოს მიწებზე დღესაც თვალი უჭირავს, რასაც თავიანთ გამოსვლებში მრავალგზის ადასტურებენ თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები
5 წლის უკან
სოციალისტი რაც დიდი ხანია დაიპყრო, საქართველოს გული ტაო-კლარჯეთი აგერ ახლა დაიკანონა 91 წელში მოპოვებული "დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ!
5 წლის უკან
Serapina ამიტომაც,თურქეთი დიდი ხანია ნაგავს გვიგზავნის ტონობით…(ტანსაცმელი, საკვები და ა.შ.სახით ) ...და ჩვენს ხელისუფლებებს, საწინააღმდეგო არაფერი აქვთ...
აცადეთ ხელისუფლებას (ჭამის მოდუსზე) მუშაობა!
5 წლის უკან
სოციალისტი არაფერს არ გვიგზავნის, არაფერს. ყოველ შემთხვევაში მე არც წამიკითხავს და არც ყური მომიკრავს, რომ მაგათ რამე გამოეგზავნოთ. უბრალოდ ვყიდულობთ, ვვაჭრობთ! თუ რამეს გვიგზავნიან ესენი არიან მოლები და მედრესეს სხვა მასწავლებლები, რომელთაც ერთი დავალება აქვთ, თავიდან გაათურქონ ჩვენი აჭარა!
5 წლის უკან
Serapina რატომ უნდა გვაჩუქოს??? ნაგავს, ვყიდულობთ თურქებისგან და კიდევ, რაღა ჩუქებას თხოვთ?
ვიღაც თურქებს სამუშაო ადგილები აქვთ...ვიღაც, ორი-სამი ქართველი ამ თურქეთთან ვაჭრობით ხეირობს... ხოლო საქართველოში,აღარც სოფლის მეურნეობა უნდა ვინმეს და რამდენიმე მუშა გლეხი, ამ თურქულ ნაგავს, კონკურენციას ვერ გაუწევს.... სამაგიეროდ, ხან მოხუცების მოსავლელად გარბიან ქართველები თურქეთში და ხან, თხილის საკრეფად. ნუ, დათვლა და ანგარიში თუ ვიცით,რაღაცას კი უნდა მივხვდეთ მაგრამ...
(p.s. ამდენი ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულებულ ხალხს რომ, ისევ თურქეთში უწევს სამკურნალოდ გაქცევა,ესეც არახალია,ასე მგონია).
5 წლის უკან