ქართული ჟურნალისტიკის წრეებში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში მალე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ვიხილავთ.
რა თქმა უნდა, იმას ვერავინ დაადასტურებს, რომ ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის ოფისში დაიარება მოლაპარაკებებზე, მაგრამ ცნობილია, რომ "ნანუკას შოუ" ერთ-ერთი სტუდიის პროდუქტია იურიდიულად (ან შეიძლება მარტივად სხვა სტუდიას მიეყიდოს ფორმალურად) და ისიც, რომ ჟორჟოლიანი გაუთავებლად ყველა ყვითელ გამოცემას ესაუბრება იმაზე, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი შოუ.
მაგრამ ძალიან რთული სათქმელია, "რუსთავი 2"-ის იმიჯსა თუ რეიტინგს რამდენად დადებითად წაადგება "ნანუკას შოუ".
ერთი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსა და მისი მეუღლის ერეკლე კოდუასადმი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში იმისგან კარდინალურად განსხვავდება, რაც თავად ჟორჟოლიანს ჰგონია და ეს დამოკიდებულება თავისუფლად შეიძლება შევაფასოთ, როგორც არცთუ უსაფუძვლო პროტესტით გამოკვებილი ანტაგონიზმი. და მეორე მიზეზი: "რუსთავი 2", გინდ ისე და გინდ ასე, პროექტებს მარკეტინგული, სატელევიზიო, ტექნიკური თუ სხვა პროფესიული ნიშნით, სისტემის წესების სრული გათვალისწინებით აწყობს.
"ნანუკას შოუზე" კი ქართულ ჟურნალისტიკაში ერთი ლეგენდა დიდი ხანია დადის - შოუს ბიუჯეტი არა მის ჩაწერამდე, არამედ მისი ჩაწერის შემდეგ დგებოდა. ანუ ჯერ ხარჯავდნენ, შემდეგ კი "ჩოთქავდნენ" ასტრონომიულ თანხებს.
ამასთან, ამ ორი დღის წინ ექს-იმედელმა პროდუსერმა ნოე სულაბერიძემაც ხმამაღლა დააფიქსირა, რომ ზოგადად, ტელეიმედი ბოლო ხანებში ოჯახურ კანტორად იქცა, ფაქტობრივად. და მთავარი ყვითელი ნაკუწი ამ "ტორტის" ისაა თუ, როგორ შეთავსდება ერთ ჭერქვეშ მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი...?